Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


2342

ქართული ნავთობი და გაზი - საქართველოს ეკონომიკის განვითარების საფუძველი

10/12/2009

XXI საუკუნეში კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებს შორის ენერგო-უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტა ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. ამ ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალია ქვეყნის უზრუნველყოფა საკუთარი ენერგორესურსებით, რომელთაგან ერთ-ერთი ძირითადი ნავთობი და გაზია. ქვეყანას, რომელსაც ნავთობისა და გაზის საკმარისი რესურსები, აქვს შეუძლია უზრუნველყოს თავისი ენერგოუსაფრთხოება, ხელი შეუწყოს ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებას. ამის მაგალითს წარმოადგენს მსოფლიოს მრავალი ნავთობგაზმომპოვებელი ქვეყანა. საქართველოს თავისი ნავთობისა და გაზის რესურსების რაციონალური გამოყენების შემთხვევაში შეუძლია შევიდეს ამ ქვეყნების რიცხვში. აღსანიშნავია, რომ საქართველო, საკუთარი ნავთობის რესურსების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, არ ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვანი ნავთობგაზმომპოვებელი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებს.
საქართველო თავისი გეოლოგიური აგებულებით ერთდროულად მიეკუთვნება ორ ნავთობგაზშემცველ ტერიტორიას: აღმოსავლეთ შავი ზღვის ოლქს (დასავლეთი საქართველო) და სამხრეთ კასპიის ნავთობგაზიან პროვინციას (აღმოსავლეთი საქართველო). საქართველოში ცნობილია ნავთობისა და გაზის 1500-ზე მეტი გამოვლინება, აღმოჩენილია ნახშირ წყალბადების 18 საბადო: 16 _ ნავთობის, 1_გაზოკონდენსატის, 1_გაზის. მათ შორის აღსანიშნავია თბილისისპირა _ რაიონში განლაგებული, თავისი გეოლოგიური აგებულებით უნიკალური საბადოები, რომლებიც ნავთობის მნიშვნელოვან მარაგს შეიცავენ. კერძოდ, სამგორი-პატარძეულის ნავთობის საბადო მსოფლიო კლასიფიკაციის მიხედვით დიდი საბადოების რიცხვს მიეკუთვნება (რომლის მარაგი 30 მლნ.ტონას. აჭარბებს).
1981-83 წლებში საქართველოში ნავთობის მოპოვება წელიწადში 3.3 მლნ. ტონას აღწევდა. 90-ანი წლების ბოლოს უცხოელმა და ქართველმა სპეციალისტებმა დათვალეს ნავთობის პროგნოზული რესურსი, რომელმაც 2 მილიარდ 350 მილიონი ტონა შეადგინა, გაზის პროგნოზულმა რესურსებმა კი (აღმოსავლეთი საქართველო) – 180 მლრდ. მ3. ამ პოტენციური რესურსის 40-50%-ის ათვისების შემთხვევაშიც კი ქვეყანის ბიუჯეტი რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარის მოგებას მიიღებს.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს ნავთობისა და გაზის საკმარისი რაოდენობის რესურსი და მარაგი, დარგის ინტენსიური განვითარება მაინც ვერ მოხერხდა. სასურველი შედეგი ვერც 90-იანი წლების შუა პერიოდიდან უცხოელი ინვესტორების მოზიდვამ გამოიღო. სამწუხაროდ, ინვესტორი ორიენტირებული იყო არსებული საბადოებიდან სწრაფი და მაქსიმალური მოგების მიღებაზე და არ ზრუნავდა ინოვაციური ტექნოლოგიების ფართოდ დანერგვაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პერიოდში არ მომხდარა არც ერთი ახალი საბადოს აღმოჩენა, რაზეც ნათლად მეტყველებს ოფიციალური სტატისტიკა: 1995 წელს მოიპოვებოდა 38,7 ათასი ტონა ნავთობი, 1997 წელს ეს მაჩვენებელი 130,5 ათას ტონამდე გაიზარდა, ხოლო შემდგომში მოპოვებამ კვლავ დაიწყო კლება და 2008 წელს დაახლოებით 50 ათას ტონამდე დაეცა. დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ უცხოელმა ინვესტორებმა ვერ ან არ გამოიყენეს ახალი ტექნოლოგიები, რის გამოც მათ მიერ ჩატარებული სამუშაოები არაეფექტური აღმოჩნდა; Aარადა საქართველოს კანონი `ნავთობისა და გაზის შესახებ~ ინვესტორს ავალდებულებს, ნავთობისა და გაზის ძიება და მოპოვება აწარმოოს თანამედროვე და ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ ნავთობისა და გაზის მომპოვებელი სამუშაოების დაბალი ეფექტურობა მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო სახელმწიფოს მხრიდან დარგის მართვის დაბალი დონით და ინვესტორთა საქმიანობაზე არაეფექტური კონტროლით.
მაგალითად, ''ნავთობისა და გაზის შესახებ'' საქართველოს კანონის თანახმად, ''საქართველოს ტერიტორიის წიაღში არსებული ნავთობისა და გაზის რესურსები და მარაგები არის სახელმწიფო საკუთრება''. ბუნებრივია, რომ ნებისმიერმა მფლობელმა უნდა იცოდეს, რა რაოდენობის სიმდიდრეს ფლობს და სად და როგორ არის ეს სიმდიდრე განლაგებული; მაგრამ დღემდე არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელ ფართობებზეა განლაგებული უკვე გამოთვლილი ნავთობის რესურსები, დაუდგენელია თბილისისპირა რაიონის ნავთობით მდიდარი საბადოების მარაგების ზუსტი რაოდენობაც, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ტექნოლოგიები ამის საშუალებას იძლევა. ასეთ სიტუაციაში დიდი ნავთობის მოპოვებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია.
2006-2007 წლებში ჩატარებული რეფორმების შედეგად დარგის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა: `საქნავთობი~, როგორც დამოუკიდებელი უწყება გაუქმდა და მისი მცირე ნაწილი შეუერთეს ''საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას''. შეიცვალა აგრეთვე ''საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სააგენტოს'' სტატუსი. დამოუკიდებელი ორგანიზაციიდან, რომელიც პირდაპირ პრეზიდენტს ექვემდებარებოდა, სააგენტო გარდაიქმნა ენერგეტიკის სამინისტროს ქვედანაყოფად - `ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოს~ სახელწოდებით, რის შედეგადაც ნავთობისა და გაზის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის დონე და ავტორიტეტი მნიშვნელოვნად დაეცა. არადა წამყვან ნავთობგაზმომპოვებელ ქვეყნებში ეს დარგი ქვეყნის პირველი პირების ყურადღების ცენტრშია მოქცეული.
ზემოთ დასახელებული ორივე ორგანიზაციის პრიორიტეტს წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ტრანზიტი და ქვეყნის გაზმომარაგება; . ნავთობგაზძიებისა და მოპოვების საკითხებში სალიცენზიო ხელშეკრულებების მომზადება და ლიცენზიების გაცემა; ნავთობის მოპოვების კონტროლი და ნავთობის სახელმწიფო წილის რეალიზაცია. ამ პირობებში კი უყურადღებოდ არის დარჩენილი თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების შესწავლისა და დანერგვის, ინვესტორი კომპანიების მიერ ამ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაზე კონტროლის საკითხები. ამავე დროს ინვესტორების მიერ წარმოდგენილი სალიცენზიო პროექტები არ ითვალისწინებს საქართველოსOრთული გეოლოგიური პირობებისათვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. ასეთ სიტუაციაში საქართველოში დიდი ნავთობის აღმოჩენა და მოპოვება შეუძლებელია.
მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ნავთობგაზმომპოვებელ დარგში წამყვანი ადგილი უჭირავთ სახელმწიფო კომპანიებს, რომელთა ძირითადი მიზანია ნავთობისა და გაზის ძიება და მოპოვება. აშშ-შიც კი, სადაც ნავთობგაზძიებასა და მოპოვებას მხოლოდ კერძო კომპანიები აწარმოებენ, ნავთობისა და გაზის პროგნოზული რესურსების გაზრდისათვის საძიებო სამუშაოებს აწარმოებს აშშ-ს ფედერალუი გეოლოგიური სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფი.
საქართველოში მსგავსი ინსტიტუციების არ არსებობას მივყავართ დარგის სუსტ მართვამდე, რაც, თავის მხრივ, არ იძლევა შემდგომი განვითარების საშუალებას.
ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, რომ დარგის სუსტმა მართვამ და არაეფექტურად განხორციელებულმა ინვესტიციებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო. Qქვეყანამ ვერ მიიღო სათანადო ეკონომიკური ეფექტი, რამაც საზოგადოების ნაწილში საქართველოს ნავთობგაზიანობის პერსპექტიულობაზე უარყოფითი წარმოდგენა ჩამოაყალიბა. და რაც უფრო სამწუხაროა, იმავე შეხედულებებს იზიარებს ქვეყნის ხელმძღვანელობაც, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის დარგის განვითარებისათვის სწორი პოლიტიკის შემუშავების პერსპექტივებს.
საქართველოსათვის ამ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან (მმართველი საბჭოს 15. 12. 2006 წ. სხდომის გადაწყვეტილება) შეიქმნა ნავთობისა და გაზის დროებითი კომისია, ეროვნული სახელმწიფო პროგრამის - `საქართველოს ნავთობისა და გაზის საძიებო და მომპოვებელი დარგის განვითარება სისტემური მოდელირების, მონიტორინგისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების საფუძველზე~- კონცეფციის შემუშავების მიზნით.
ორი წლის განმავლობაში მომზადდა კონცეფციის ანალიტიკური დასაბუთება, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგება:
1. ,,ნავთობგაზმომპოვებელი დარგის მდგომარეობა და მისი პოტენციალის პერსპექტივები საქართველოში”;
2. ,,საკუთარი ნავთობი და გაზი - საქართველოს ეკონომიკის განვითარების საფუძველი”.
კონცეფციის მომზადების პერიოდში ჩატარდა ორი სამუშაოAკონფერენცია, რომელზეც ქართველი და უცხოელი სპეციალისტების კვლევითი მასალების ანალიზის საფუძველზე აღნიშნული კონცეფცია საბოლოო სახით ჩამოყალიბდა.
შესრულებული სამუშაოების ანალიზის შედეგად კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნავთობისა და გაზის მომპოვებელ დარგში არსებული კრიზისის დასაძლევად და დარგის შემდგომი ინოვაციური და რაციონალური განვითარებისათვის აუცილებელია მთელი რიგი საკანონმდებლო და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, რასაც შემდეგ უნდა მოჰყვეს:

1. საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების სიმცირის შესახებ არსებული არასწორი წარმოდგენის უარყოფა; საზოგადოებისა და ხელისუფლების ნაწილში;
2. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება სისტემური მოდელირების საფუძველზე, რაც გულისხმობს:
ა) ნავთობისა და გაზის ბუდობების ძიებას პირდაპირი კოსმოგეოლოგიური, გეოქიმიური და გეოფიზიკური მეთოდებით;
ბ) გაწყლიანებული ჭაბურღილების რეაბილიტაციას უახლესი მეთოდებით;
3. უნდა შეიქმნას მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალიზებული სახელმწიფო სამსახური, რომლის მთავარი ამოცანაც უნდა იყოს ზრუნვა ნავთობისა და გაზის საძიებო და საექსპლუატაციო სამუშაოების ეფექტურობის გასაზრდელად.
აღსანიშნავია, რომ ახალი ტექნოლოგიების დასანერგად გაწეული კაპიტალდაბანდებები ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე ტრადიციული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებზე გაწეული დანახარჯები, ნავთობის მრეწველობიდან მიღებული შემოსავლების ნაწილი კი სახელმწიფომ უნდა მოახმაროს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას.
სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცების, სპეციალიზებული საკოორდინაციო-ანალიტიკური სამსახურის შექმნისა და დარგში მომუშავე კომპანიებთან ერთად ინოვაციური სამუშოების ჩატარების შემდეგ მოსალოდნელია ნავთობის მოპოვების ზრდის შემდეგი მაჩვენებლები:
მე-3 - მე-5 წელს - რამდენიმე ასეულ ათას ტონამდე წელიწადში,
მე-6 - მე-10 წლებში - რამდენიმე მილიონ ტონამდე წელიწადში;
რის შედეგადაც ქვეყნის ბიუჯეტი ყოველწლიურად მიიღებს რამდენიმე მილიარდი დოლარის შემოსავალს.
ნავთობის მრეწველობიდან უფრო მეტი ეკონომიკური ეფექტის მიღება შესაძლებელია, თუ მოხდება არა ნედლი ნავთობის, არამედ ნავთობისა და გაზის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის რეალიზება.
საქართველოში ყოველწლიურად ხდება დაახლოებით 1-1,2 მილიონი ტონა ბენზინის იმპორტირება, რაც იწვევს ქვეყნიდან დაახლოებით ერთი მილიარდი აშშ დოლარის გადინებას. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მოახდენს ბენზინის წარმოებას საკუთარი ნავთობიდან, მაშინ აღარ მოხდება ქვეყნდან უცხოეთში ვალუტის გადინება, რაც გამოიწვევს ბენზინზე ფასების შემცირებას, ეს კი დადებითად აისახება ეკონომიკის ყველა სექტორზე. ნავთობის საექსპორტო პოტენციალის გაანგარიშებისას გასათვალისწინებელია ისიც, რომ გადამუშავების შედეგად მიღებული საწვავის ღირებულება 1,5-ჯერ აღემატება ნედლი ნავთობის ღირებულებას.
მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის 90% გამოიყენება საწვავი დანიშნულების მქონე ნავთობპროდუქტების მისაღებად, ნავთობქიმიური საჭიროებისთვის კი - მხოლოდ მოპოვებული ნავთობის 10%. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ნავთობქიმიური მრეწველობის პროდუქციის საერთო ღირებულება მრავალჯერ აღემატება ყველა ნავთობური წარმოშობის საწვავის ღირებულებას და, ამდენად, ეკონომიკის უდავოდ პერსპექტიულ დარგს წარმოადგენს.
მსოფლიო ეკონომიკის განვითარების ანალიზი ცხადყოფს, რომ მრავალი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მცირეტონაჟიანი ნავთობქიმიური პროდუქციის წარმოებას, როგორიცაა ქიმიური რეაქტივები, ზესუფთა ორგანული ნივთიერებები, სხვადასხვა მარკის ნახშირწყალბადური გამხსნელები, თხევადი და მყარი პარაფინები და სხვა ძვირადღირებული და დეფიციტური პროდუქცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოდან მხოლოდ ნედლი ნავთობის ექსპორტი ან მისგან მხოლოდ საწვავი ნავთობპროდუქტების წარმოება ეკონომიკურად ნაკლებად ეფექტური იქნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ დათვლილი პოტენციური რესურსებიდან გამომდინარე, საქართველოში თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი დაახლოებით მილიარდი ტონა ნავთობის მოპოვება, რომლის ღირებულება რამდენიმე ასეულობით მილიარდ დოლარს შეადგენს. ამასთანავე, აუცილებელი იქნება ნავთობგადამამუშავებელი და მცირეტონაჟიანი ნავთობქიმიური მრეწველობის განვითარება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს, და, შესაბამისად ერთიორად გაიზრდება ნავთობისა და გაზის მრეწველობიდან მიღებული შემოსავლები. ეს ძლიერ იმპულსს მისცემს ქვეყნის შემდგომ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებასა და მისი დამოუკიდებლობის განმტკიცებას.
იმისათვის, რომ ზემოთ მოყვანილი პროგნოზი რეალობად იქცეს, აუცილებელია, არსებულ პრობლემაზე ზრუნვა გახდეს არა მარტო დარგში მომუშავე სპეციალისტების, ორგანიზაციებისა და მთავრობის საზრუნავი, არამედ მთელი ქართული საზოგადოების მსჯელობისა და თანადგომის საგანი.


კონცეფციის სრული ტექსტი და სხვა მასალები შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.fundpatriarch.ge

ზ. მგელაძე – გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,
ი. ბახტაძე – გეოლოგი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი სისტემური ანალიზისა და მოდელირების დარგში,
დ. გაჯიევი-შენგელია - ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ი. ქადაგიშვილი _ პატრიარქის ფონდის მთავარი მენეჯერი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced