სიახლეები
წმიდა სინოდის სხდომა
22/01/2010
ა.წ. 22 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმიდა სინოდის სხდომა.
სხდომას თავმჯდომარეობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.
წმიდა სინოდს სიტყვით მიმართა და სხდომა გახსნილად გამოაცხადა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ.
მისმა უწმიდესობამ მიმოიხილა საერთო მდგომარეობა და შეეხო ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ძალების ცილისმწამებლურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს. ამ საკითხთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები გამოთქვეს წმიდა სინოდის წევრებმა, რის საფუძველზეც გაკეთდა შემდეგი განცხადება:
სახელითა მამისათა, და ძისათა და სულისა წმიდისათა!
წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: დიდება ღმერთს ყველაფრისათვის!
ჩვენც ვმადლობთ უფალს იმ წყალობისათვის, რასაც იგი ავლენს ჩვენს ეკლესიასა და ქვეყანასა ზედა.
ვმადლობთ უფალს, რომ წმიდა სინოდს აქვს ერთსულოვნება და ამ ერთობით წლების მანძილზე ვემსახურებით ღმერთს და სამშობლოს, ჩვენს ხალხს. ქრისტეს ეკლესიის მიზანიც მაცხოვნებელ რწმენაში საყოველთაო ერთობის მიღწევაა ღვთის სადიდებლად.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ არიან ძალები, რომელთაც არ სურთ ეკლესიის მთლიანობა და სისავსე, არ სურთ ეროვნული და ზნეობრივი ფასეულობების დაცვა. ისინი ფსევდოლიბერალიზმის, ფსევდოკულტურისა და რელიგიური ინდეფერენტიზმის დანერგვისაკენ მოგვიწოდებენ და ამ მიზნის მისაღწევად ყველა სახის სიცრუესა და შეურაცხყოფას მიმართავენ, რათა ხალხს ეკლესიისადმი სიყვარული და ნდობა დააკარგვინონ. ამით კი სურთ, ერს მთავარი საყრდენი გამოაცალონ.
ჩვენი ქვეყნის ისტორია გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს აღორძინებასა და წინსვლას წინ ყოველთვის ეკლესიის განმტკიცება უძღვოდა. ეს პროცესი ეკლესიაში დაწყებულია, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს, სასულიერო პირების გამრავლებამ, სიკეთესთან ერთად, გარკვეული სურთულეებიც შექმნა, რაზეც მსჯელობა, სჯულისკანონიდან გამომდინარე, წმიდა სინოდის სხდომებზე უნდა ხდებოდეს.
სამწუხაროა, რომ მიმდინარე პროცესებში მასმედიის ის საშუალებებიც იღებენ მონაწილეობას, რომელნიც ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებიან.
წმიდა სინოდი აღნიშნავს, რომ ანტიეკლესიურ კამპანიას ზიანი, უპირველეს ყოვლისა, სახელმწიფოსთვის მოაქვს, რადგან ეს არის საზოგადოებაში განხეთქილების შეტანის მცდელობა. პროცესები თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ იძულებულნი ვიქნებით შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ, რათა დავიცვათ ჩვენი ეკლესიისა და ერის ღირსება.
2. მსოფლიოს მართლმადიდებელ ადგილობრივი ეკლესიების დიპტიხთან, ავტოკეფალიისა და ავტონომიის მინიჭებასა და გამოცხადებასთან დაკავშირებით, მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა შამბეზში (შვეიცარია). ამის თაობაზე მოხსენება გააკეთა ამ სხდომის მონაწილემ, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ (შარაშენიძე) და დედოფლისწყაროსა და ჰერეთის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე). წმიდა სინოდი დაეთანხმა ყველა იმ გადაწყვეტილებას პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უკავშირდება ამა თუ იმ ეკლესიისთვის ავტოკეფალიისა და ავტონომიის მინიჭებასა და გამოცხადებას, და მოიწონა ჩვენი დელეგაციის პოზიცია (დიპტიხის საკითხი სამომავლოდ გადაიდო).
3. წმიდა სინოდმა მოისმინა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) მოხსენება იერუსალიმში ვიზიტთან დაკავშირებით. მან ისაუბრა იერუსალიმის პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე. შეხვედრისას დაისვა საკითხი ქართველი სამღვდელოების იერუსალიმში ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ. მოლაპარაკებები დადებითად შეფასდა, რაც იმედს გვაძლევს, რომ ჩვენს ორ უძველეს ეკლესიას შორის ურთიერთობები მომავალში უფრო მეტად განმტკიცდება.
4. დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ქართველი მრევლისა და ჩვენი ეკლესიის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის სამრევლოების მმართველმა, ეპისკოპოსმა ზენონმა (იარაჯული).
სინოდის სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლობის სტატუსი დიდი ბრიტანეთის მაგალითზე განისაზღვროს შემდეგნაირად: `საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია~ (შენიშვნა: ეს საკითხი შეთანხმებულია კენტერბერიის მთავარეპისკოპოსთან).
5. წმიდა სინოდმა მოისმინა წინადადება ეპისკოპოს ქრისტეფორესთვის (წამალაიძე) შეჩერებული მღვდელმოქმედების აღდგენის შესახებ.
თავის მხრივ, მეუფე ქრისტეფორემ შენდობა ითხოვა საეკლესიო დარღვევებისა და შეცდომების გამო.
წმიდა სინოდმა განაჩინა: ეპისკოპოსი ქრისტეფორე გაიგზავნოს გამოსაცდელი ვადით ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში და შემდეგ მოხდეს მისი საკითხის განხილვა.
6. წმიდა სინოდმა მოისმინა ბასილ მკალავიშვილისა და მღვდელ ვახტანგ მარგიანის წერილობითი თხოვნა დედა-ეკლესიაში დაბრუნების შესახებ და განაჩინა:
ბასილ მკალავიშვილი და მღვდელი ვახტანგ მარგიანი გაიგზავნონ ბაღდათისა და ვანის ეპარქიაში სინანულისათვის.
22 დეკემბერი, 2009 წელი
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















