Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

02/04/2012

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ჩვენთან არს ღმერთი!

ადამიანი არის გვირგვინი ღვთის ქმნილებისა, ხატება უფლისა. მან მაცხოვართან მსგავსებას უნდა მიაღწიოს თავისი სულიერი მოღვაწეობით. მაგრამ ამავე დროს ადამიანი უძლური არსებაა. მისთვის უცხო არ არის ცოდვა და უნდა ითქვას, რომ რაც გვახსოვს თავი, გვახსოვს აგრეთვე ცოდვაც. ყველაზე მძიმე ცოდვა ამპარტავნებაა. ამპარტავნება – ეს ის ცოდვაა, რომელმაც ანგელოზნი ეშმაკად აქცია, დაღუპა ადამი, ევა და მთელი კაცობრიობა. წმიდა მამები ამბობენ, რომ ამპარტავნებისაგან განგვკურნავს მხოლოდ წმიდა სამება და შევთხოვოთ უფალს, რომ განგვკურნოს ამ ცოდვისაგან.

მაგრამ არის კიდევ ერთი ცოდვა – მრუშობა. “არა იმრუშო,”- წერია მცნებაში. მრუშობის ცოდვა მრავალსახოვანია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა მრუშობა ითვლება ადამიანის ჩვეულებრივ თვისებად. საერთოდ, ცოდვა ყოფილა, არის და იქნება, მაგრამ სულ სხვა დამოკიდებულება იყო ადამიანისა ცოდვის მიმართ ადრე. ძველ დროს ცოდვა ცოდვად მიაჩნდათ. წმიდა ეფრემ ასური ამბობს: “ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა”. ეს აუცილებელია. ადამიანი, რომელიც ვერ ხედავს და ვერ განიცდის თავის ცოდვებს, ძნელია მისი ცხონება. შევთხოვოთ უფალს, რომ მოგვანიჭოს განცდაი თვისთა ცოდვათა. რომ გავიგოთ ის, თუ რა არის ცოდვა. ცოდვა ისეთი ძალაა, რომელიც კლავს ადამიანს სულიერად.

დღეს არის ხსენება წმიდისა მარიამ მეგვიპტელისა, რომელიც წლების მანძილზე იყო ჩავარდნილი ამ ცოდვაში და იმდენივე წელი დასჭირდა მას, რომ მოენანიებინა ეს ცოდვა. შევთხოვთ ღირს დედას, მარიამ მეგვიპტელს, რომ მისი ლოცვით, მისი მეოხებით ღმერთმა განგვკურნოს ამ ცოდვისაგან. ღმერთმა მოგვცეს ძალა, ვებრძოლოთ ამ ცოდვას და მადლი, რომელიც განგვწმენდს ამ ცოდვებისაგან. უნდა გვეშინოდეს ცოდვების. ყველაზე მეტად კი იმის, რომ ცოდვაში ჩავარდნილები ვეღარ ავდგეთ. ბასილი დიდი ამბობს, რომ მთავარი ის კი არ არის, რომ ცოდვაში ჩავარდი, მთავარი ისაა, ფეხზე წამოდგე. ღმერთმა ინებოს, რომ ყოველი ჩვენგანი გათავისუფლდეს ცოდვებისაგან, რათა მშვიდობით, სიხარულით, სასოებით შევხვდეთ ქრისტეს აღდგომას. ამინ!

 ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,

უწმიდესი და უნეტარესი ილია II

01.04.2012

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced