Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Mariam

მარიამ მეგვიპტელი (ნაწილი II)

01/04/2012

მზის ჩასვლამდე მივაღწიე წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას, რომელიც იორდანის ნაპირას მდებარეობს. პირველ ყოვლისა, ეკლესიაში მოვიყარე ლოცვად მუხლნი, შემდეგ მდინარეზე ჩავედი და იორდანეს წმიდა წყლით განვიბანე სახე და ხელები. წმიდა იოანე წინამორბედის ტაძარში ვეზიარე ქრისტეს ყოვლადწმიდა და ცხოველმყოფელ საიდუმლოთ, აქვე შევჭამე ნახევარი იმ სამ პურთაგან, იორდანეს წმიდა წყალი დავაყოლე მას და ის ღამე ტაძრის სიახლოვეს გავატარე, მიწაზე დაწოლილმა. დილით კი, ნაპირთან, პატარა ნავი ვნახე და მდინარის მეორე მხარეს გადავედი. იქ კიდევ ერთხელ მხურვალედ ვევედრე ჩემს მოძღვარს - ღვთისმშობელს, რათა იქით წარვემართე მას, საითაც ენებებოდა. და უმალვე, შემდგომად ლოცვისა, მე ამ უდაბნოში აღმოვჩნდი“.

მამა ზოსიმემ ჰკითხა ღირს დედას: „და რამდენი წელი გავიდა დედაო ჩემო, მას შემდეგ, რაც ამ უდაბნოში დამდგარხარ?“ „ვფიქრობ, რომ მას შემდეგ, რაც მე წმიდა ქალაქიდან გამოვედი, ორმოცდაშვიდმა წელმა განვლო“. - იყო პასუხი.

მამა ზოსიმე კვლავ შეეკითხა: „ხოლო საკვებად რა გაქვს, ანდა რას მოიპოვებ ამ უდაბურ ადგილას, წმიდა დედაო?“ მან კი მიუგო: „როგორც გითხარი უკვე, როცა მდინარე იორდანეზე გადმოვედი, ორნახევარი პური მქონდა თან. დროთა განმავლობაში ისინი გახმა და გაქვავდა. მეც ცოტ-ცოტას მოვატეხდი მათ და მით ვსაზრდოობდი მრავალი წლის განმავლობაში“.

კვლავ ჰკითხა მამა ზოსიმემ: „ნუთუ ერთიც კი სნეულებათაგან არ შეგხებია ამ წლების განამვლობაში? და ნუთუ არავითარი განსაცდელი არ შეგხვედრია უეცარ საფრთხეთა და საცთურთა სახით?“

„მერწმუნე, მამაო ზოსიმე, - მიუგო ღირსმა დედამ, - 17 წელიწადი ამ უდაბნოში დიდ განსაცდელში გავატარე, როცა როგორც სასტიკ, მძვინვარე მხეცებს, ისე ვებრძოდი საკუთარ გულის ზრახვათ... როგორც კი ჭამად დავჯდებოდი და იმ გამხმარი პურის ლოღნას ვიწყებდი, უმალვე მიპყრობდა სურვილი ხორცისა და თევზისა, რომელთაც მეგვიპეში ვიყავი შეჩვეული. ღვინის სურვილიც მტანჯავდა ხოლმე. უფრო დიდ უბედურებათაც ვიტანდი: ზოგჯერ გარყვნილ, ბილწ სიმღერათა სურვილი მეუფლებოდა, თითქოს ვიღაც შორიახლოს მღეროდა მათ და აშფოთებდა ჩემს გულსაც და სმენასაც. მაშინ კი ცრემლები წამსკდებოდა ხოლმე და ვაებით ვიცემდი გულში მუშტებს... მე მახსენდებოდა ის აღთქმანი, რომელნიც წმიდა ღვთისმშობლის ხატი წინ დავდე, წინაშე შუამდგომელისა ჩემისა, სანამ უდაბნოში წამოვიდოდი. ასე ვტიროდი ხოლმე დიდხანს და ვევედრებოდი ღვთისმშობელს, განეგდო ჩემგან გულის მტანჯველი სურვილები. როცა ამ ცრემლიანი ლოცვა-ვედრების შესაბამისად სინანული აღესრულებოდა, მაშინ დიდ ნათელს ვხედავდი მე, ყოველი მხრიდან რომ მინათებდა. ჩემი აბობოქრებული სული ჩადგებოდა და დიდი მყუდროება მომიცავდა ხოლმე.

ბილწ გულისზრახვათ რაც შეეხება, შემინდევ, მამაო, და ვით ვაღიარო შენს წინაშე? - ძლიერი ცეცხლი გულისთქმისა აღიგზნებოდა ხოლმე ჩემში და თხემით-ფეხამდე მდაგავდა ვნებამორეულს. ამ დროს, ამ წარმწყმედ ზრახვათა მოსვლისას, ქვე დავემხობოდი ხოლმე და თითქოს ვხედავდი ჩემს წინ ყოვლადწმიდა შუამდგომელს, რომელიც განმსჯიდა მე აღთქმათა გარდასვლისათვის. ასე ვეგდე ხოლმე პირქვე ჩამხობილი მთელი დღისა და ღამის განმავლობაში, სანამ კვლავ სინანული არ აღესრულებოდა და მე ის ნეტარი ნათელი არ მომიცავდა, შფოთსა და გულის ზრახვათ რომ განაგდებდა ჩემგან.

ასე ვცხოვრობდი პირველ წლებში ჩემი უდაბნოდ ყოფნისა და ამგვარად განვლე აქ ჩვიდმეტი წელი. ბნელს ბნელი სცვლიდა და უბედურებას - განსაცდელი, გარს რომ მომადგებოდნენ ხოლმე მე - ცოდვილს. მაგრამ იმ დროიდან მოყოლებული და ვიდრე დღემდე, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მიფარავს და მმოძღვრავს ყოველივეში, შემწე ჩემი“.

მამა ზოსიმე კვლავ შეეკითხა: „ნუთუ, დედაო, მთელი ამ ხნის განმავლობაში არ დაგჭირვებია არც საზრდო და არც შესამოსელი?“ წმიდანი კი პასუხობდა: „როგორც გითხარი უკვე, ორნახევარი პური ამ შვიდმეტ წელიწადში გამომელია. ამის შემდეგ მცენარეთა ძირებითა და ყოველივე იმით ვსაზრდოობდი, რისი მოპოვებაც კი არის შესაძლებელი უდაბნოში. ის ტანსაცმელი, იორდანეზე გადმოსვლისას რომ მეცვა, დიდი ხნის წინ შემომაცვდა და ჩემომეფლითა, ამის შემდეგ თითქმის სრულიად შიშველს მრავალი გაჭირვება შემხვდა; და ბევრიც ზაფხულის პაპანაქება სიცხისაგან ავიტანე, თუ ზამთრის სასტიკი ყინვებისაგან, როცა უღონოდ ვკანკალებდი და ვთრთოდი ხოლმე აუტანელი სიცივისაგან. რამდენჯერ უგრძნობლად დავგდებულვარ მიწაზე როგორც მკვდარი; რამდენგზის უსაზომო ბრძოლა შემხვედრია ათას სხვადასხვა უბედურებასთან, მანქანებასა და განსაცდელთან. გარნა იმ დროითგან და ვიდრე უხილავი ძალი ღვთისა ყოველივეში იფარავდა ჩემს ცოდვილ სულს და მდაბალ სხეულს. ვსაზრდოობდი და ვიფარავდი თავს სიტყვითა ღმრთისა, ყოველივეს რომ მოიცავს (მეორ. სჯ. 8, 3), ..... რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყვითა რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“ (მათე 4, 4; ლუკა 4, 4); რამეთუ წერილ არს: „შიშუელთა მრავალთა დაიძინეს თვინიერ სამოსლისა, ხოლო სამოსელი სულთა მიუღეს. წუეთითა მთათა დასველდნენ, ვინაითგან არა აქუნდათ საფარველი, ქვათა შინა შეიმოსდნენ (იობი 24, 7-8); რამეთუ გვითხრეს ჩვენ: „ ... განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი, განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა“ ... (კოლას. 3, 9). გავიხსენებდი თუ არა რამდენი სიბოროტისა და ცოდვებისაგან მიხსნა უფალმა, მაშინვე სწორედ ამაში ვპოულობდი შვებას, ეს მანიჭებდა გამოულეველ საზრდოს“.

როცა გაიგონა მამა ზოსიმემ, რომ საღმრთო წერილიდანაც ზეპირად ახსოვს ამ წმიდა მოსაგრეს მრავალი ადგილი - მოსეს, იობის, ფსალმუნთა, აგრეთვე ახალი აღთქმის წიგნებიდან, - მაშინ ჰკითხა მას: „სად გისწავლია, დედაო ჩემო, ფსალმუნნი და სხვა წიგნებიც წმიდა წერილისა?“

უცხო დედაკაცს გაეღიმა ამ სიტყვების მოსმენაზე და ასე მიუგო: „მერწმუნე, ჰოი კაცო ღვთისნიერო, რომ არც ერთი ადამიანი არ მინახავს, შენს გარდა, მას შემდეგ, რაც იორდანეს გადმოვედი. წერა-კითხვა არასოდეს არ მისწავლია, არც სხვათაგან მსმენია რამე წმიდა წიგნების შესახებ და არც საეკლესიო კითხვა-გალობას შევსწრებივარ როდისმე. გარნა თვით სიტყა ღვთისა ცხოველი და შემოქმედი, ასწავლის კაცს გულისხმისყოფას, რამეთუ წერილ არს: „და სიტყუაჲ იგი ქრისტესი დამკვიდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა; ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა“ (კოლას. 3, 16), და „რამეთუ არა ნებითა კაცთაჲთა მო-სადამე-იწია წინაწარმეტყუელებაჲ, არამედ წუევითა სულისა წმიდისაჲთა იტყოდეს წმიდანი ღმრთისა კაცნი“ (II პეტ. 1, 21), და მივიღეთ ჩუენ სიტყუაჲ იგი სმენისა ღმრთისაჲ“ ... (I თესალ. 2, 13). მაგრამ კმა არს ჩემდა, უკვე მთელი ჩემი ცხოვრება ვაღიარე შენს წინაშე, მამაო, და რითაც დავიწყე, იმითვე დავამთავრებ: გაფიცებ განხორციელბას სიტყვა-ღმერთისა - ილოცო ჩემთვის, წმიდაო ზოსიმე, ილოცო დიდ ცოდვილისათვის!

და კიდევ გაფიცებ მაცხოვარს, უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს: ყოველივე, რაც მოისმინე ჩემგან, არავის არ გაანდო მანამდე, სანამ ღმერთი არ წამიყვანს ამა ქვეყნიდან. და ისიც აღასრულე, რასაც ეხლა გეტყვი. მომავალ წელს, დიდმარხვაზე, შენ არ გამოხვიდე იორდანეზე, როგორც ამას ჩვენი მონასტრის ბერული მორჩილება გიბრძანებს“.

კვლავაც დიად გაოცდა მამა ზოსიმე იმის გამო, რომ ეს წესიც კი მათი სავანისა ცნობილი იყო ამ წმიდა მოსაგრე დედისათვის, თუმცა თვით მას სიტყვაც კი არ დასცდენია მასთან ამაზე.

„მონასტერში დარჩი მამაო, - განაგრძობდა ღირსი დედა, - თუმცა რომც მოინდომო კიდეც სავანიდან გასვლა, ვერ მოახერხებ ამას... ხოლო როცა წმიდა დიდი ხუშაბათი დადგება ჩვენი უფლის საიდუმლო სერობისა, მაშინ წმიდა ჭურჭელით მომიტანე მაცხოვნებელი ხორცი და სისხლი ქრისტესი, ღმრთისა ჩვენისა. იორდანის მეორე ნაპირზე დამელოდე, უდაბნოს ბოლოში, რათა მოვიდე და ვეზიარო წმიდა საიდუმლოთ. ხოლო მამა იოანეს კი, წინამძღვარს თქვენი სავანისა, ასე უთხარი: ეკრძალე თავსა თვისსა და სამწყსოსა შენსა (საქმ. მოც. 20, 28; I ტიმ. 4, 16). თუმცაღა, არ მსურს, რომ ეხლა უთხრა მას ეს, არამედ როცა უფალი გიბრძანებს“.

დაასრულა ეს სიტყვები და კიდევ ერთხელ მისთვის ლოცვა შესთხოვა მამა ზოსიმეს. ამის შემდეგ ღირსი დედა განშორდა მას და უდაბნოს სიღრმეში გაუჩინარდა.

მთელი ის წელიწადი სრულ მდუმარებაში განლია ბერმა ზოსიმემ. მას არავისთვის გაუმხელია უფლის მიერ მოვლინებული საკვირველი ამბავი, გულმოდგინედ ლოცულობდა დღემუდამ. და იმას ევედრებოდა უფალს, რომ კვლავაც ღირსქმნილიყო წმიდა მოსაგრე დედის ხილვისა.

და აი, როცა კვლავ დადგა პირველი შვიდეული წმიდა დიდმარხვისა, ღირსი ზოსიმე იძულებული იყო ავადმყოფობის გამო მონასტერში დარჩენილიყო. მაშინ კი გაახსენდა ღირსი დედის წინასწარმეტყველური სიტყვები, რომელმაც უთხრა მას: რომც გინდოდეს უდაბნოში გასვლა, ვერ შეიძლებო. რამდენიმე დღის შემდეგ ღირსი ზოსიმე განიკურნა სენისაგან, მაგრამ, აღთქმისამებრ, ისევ მონასტერში დარჩა ვნების კვირამდე.

და აი, მოახლოვდა საიდუმლო სერობის მოხსენების დღეც. მამა ზოსიმემაც აღასრულა დანაპირები: თან წაიღო წმიდა ჭურჭლით საუფლო ძღვენი - წმიდა ნაწილნი ზიარებისანი და გვიან საღამოთი გავიდა მონასტრიდან. იორდანესთან ჩავიდა იგი და აქ ელოდა ღირს დედას. მაგრამ წმიდანი აგვიანებდა გამოჩენას და მამა ზოსიმე ღმერთს ევედრებოდა, - ნუ მომაკლებო, უფალო, მოსაგრე დედასთან შეხვედრას.

ბოლოს იგიც გამოჩნდა და მდინარის მეორე ნაპირზე გაჩერდა. გახარებული ზოსიმე წამოდგა და თან ღმერთს ადიდებდა ამ წყალობისათვის. მაგრამ საფიქრალიც გაუჩნდა მას: როგორ გადმოვაო წმიდანი ნაპირზე ნავის გარეშე? მაგრამ წმიდა დედამ ჯვარი გადასახა იორდანეს და სწრაფად გადმოვიდა წყალზე, თითქოს ხმელეთზე დადისო. ხოლო როცა ბერს თაყვანი უნდოდა ეცა მისთვის, მან შუა მდინარიდან გამოსძახა: „რას სჩადი, მამაო! შენ ხომ მღვდელი ხარ, აღმასრულებელი ღვთის დიდ საიდუმლოთა“.

და როცა წმიდანი ამ ნაპირზე გადმოვიდა სასწაულებრივად, მან სთხოვა ბერს: „დამლოცე მამაო“. ზოსიმემ კი, შეძრწუნებულმა ამ საკვირველი სახილველით, თრთოლვით მიუგო: „ჭეშმარიტად მართალ და უტყუარ არს ღმერთი, ვინაც აღთქმისაებრ იმსგავსებს განწმენდილთ, იმდენად, რამდენადაც ეს მოკვდათათვისაა შესაძლებელი. დიდება შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, ვინაც ამა წმიდა მხევლის სახით შენისა მიჩვენე მე, თუ ვითარ შორს ვარ ჯერეთ სრულყოფილებისაგან“.

ამის შემდეგ ღირსმა დედამ სთხოვა ზოსიმეს „მრწამსი“ წარმოეთქვა და „მამაო ჩვენო“. ლოცვის დასრულებისას იგი ეზიარა ქრისტეს წმიდა საშინელ საიდუმლოთ, ცად აღაპყრო ხელნი და ცრემლითა და თრთოლვით წარმოთქვა წმიდა სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვა: „აწ განუტევე მხევალი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი“ (ლუკა 2, 29).

შემდეგ ღირსმა დედამ ხელმეორედ მიმართა ბერს და უთხრა: „შემინდევ, მამაო, და კიდევ ერთი სხვა სურვილიც უნდა შემისრულო: ეხლა შენს მონასტერში დაბრუნდი და მომავალ წელს იმავე ამომშრალ ნაკადულთან მოდი, სადაც პირველად შევხვდით ჩვენ და ვისაუბრეთ“. „ნეტავი შემეძლოს მე მუდამ შენ გდევდე, დედაო, რათა პირისპირ ვჭვრეტდე სიწმიდესა შენსა!“ - მიუგო მამა ზოსიმემ. ღირსი დედა კი კვლავაც ევედრა ბერს: „ღვთის გულისათვის, ილოცე ჩემთვის მამაო და მოიხსენე უბადრუკება ჩემი“. და მან ჯვარი გადასახა იორდანეს და უწინდებურად დაუბრკოლებლად გაიარა წყლის ზედაპირზე, შემდეგ კი უდაბნოში გაუჩინარდა. ბერ ზოსიმე კი სულიერი განცხრომითა და თრთოლვით დაბრუნდა მონასტერში და სულ იმას უსაყვედურებდა თავს, რომ სახელი არ ჰკითხა წმიდანს. მაგრამ იმით დაიმშვიდა თავი, რომ მომავალ წელს, ახალი შეხვედრისას ბოლოსდაბოლოს შეიტყობდა მის ვინაობას.

ეს წელიც გავიდა და დათქმულ დროს მამა ზოსიმე უდაბნოში გავიდა. ლოცვით მივიდა იგი დათქმულ ადგილთან - ამომშრალ ხევამდე, რომლის მეორე, აღმოსავლეთის მხარესაც წმიდა მოსაგრე დედა დაინახა. იგი გარდაცვლილიყო და პირით აღმოსავლეთისაკენ იწვა გულზე ხელებგადაჯვარედინებული. მამა ზოსიმემ ცრემლებით დაულტო მას ფერხნი და დიდხანს დასტიროდა შესვენებულს ისე, რომ არ შეხებია მას. შემდეგ იმ ფსალმუნთა გალობა დაიწყო, რომლებიც მართალთა აღსასრულის მწუხარებას შეესაბამება და მიცვლებულისათვის წესის აგების ლოცვები წარმოთქვა. მაგრამ მას ვერ გადაეწყვიტა - დაეკრძალა თუ არა ღირსი დედა, და როგორც კი გაიფიქრა, ნეტავ როგორი იქნებოდაო წმიდანის ნება, მაშინვე დაინახა მის თავით მიწაზე დაწერილი: „ამ ადგილას დამკრძალე, მამაო ზოსიმე, სხეული მდაბალი მარიამისა. მიეც მიწას მიწისა. ევედრე უფალს ჩემთვის, რომელი აღვესრულე თვესა აპრილს, დღესა პირველს, ქრისტეს მხსნელ ვნებათა ღამეს, მას შემდეგ რაც ვეზიარე ღვთაებრივ საიდუმლოთ“.

როცა წაიკითხა ეს წარწერა, მამა ზოსიმე გაოცდა თუ ვის უნდა გაეკეთებინა იგი, იმიტომ რომ თვით წმიდა მარიამმა არ იცოდა წერა-კითხვა. მაგრამ იგი გახარებული იყო, რომ ბოლოს და ბოლოს გაიგო ამ მოსაგრე დედის სახელი. მიხვდა ბერი ზოსიმე, რომ იმ დღეს, ერთი წლის წინათ, როცა ღირსი მარიამი მისი ხელიდან ეზიარა ორდანესთან წმიდა საიდუმლოთ, მან ერთ წამზედ განვლო უდაბნოში ის დიდი მანძილი, რომლის განვლასაც ღირსმა მამამ ოცი დღე მოანდომა, და მაშინვე ჩაბარდა უფალს.

მას შემდეგ, რაც ღმერთი ადიდა და ცრემლით დაალტო მიწა და სხეული ღირსი მარიამისა, მამა ზოსიმემ წარმოთქვა: „ეხლა კი დროა, ბერო, ბრძანების აღსრულებას შეუდგე. მაგრამ ვით ამოვთხარო მე, ბედკრულმა, საფლავი, როცა არავითარი იარაღი არა მაქვს ხელთ?“ იქვე ახლოს მან წაქცეული ხე დაინახა, ტოტი მოტეხა მას და მიწის თხრას შეუდგა. მაგრამ ძალიან გამხმარი იყო მიწა და ქვასავით გამაგრებული, ამიტომ რამდენსაც არ ეცადა ბერი, ვერაფერი გააწყო. ბოლოს, არაქათგამოცლილი წამოიმართა და ღირსი მარიამის ნეშტთან უზარმაზარი ლომი დაინახა, რომელიც ტერფებს ულოკავდა წმიდანს. ბერი შიშმა შეიპყრო, მაგრამ მან პირჯვარი გადაისახა და ირწმუნა, რომ უვნებლად გადარჩებოდა წმიდა მოსაგრის ლოცვის მეოხებით. მაშინ ლომი ბერს მიუახლოვდა მორჩილად და ბერმა ზოსიმემ, აღგზნებულმა სულით, ლომს საფლავის ამოთხრა უბრძანა, რათა მიწისათვის მიებარებინა წმიდა მარიამის სხეული. მისი ბრძანებით ლომმა თათებით ამოთხარა საფლავი, სადაც დაკრძალა კიდეც ღირსმა ზოსიმემ წმიდანი. ამის შემდეგ ორივე თავთავისი გზით წავიდა: ლომი უდაბნოში, ბერი ზოსიმე კი დიდებითა და ქებით ქრისტესი ღმრთისა ჩვენისა - მონასტერში.

სავანეში დაბრუნებულმა მამა ზოსიმემ ყოველივე, რაც კი ნახა და მოისმინა ღირსი მარიამისაგან, ბერებსა და იღუმენს ამცნო. გაკვირვებამ მოიცვა ყველა, ღვთის დიდებულების ამ დადასტურებაზე. შიშით, რწმენითა და სიყვარულით დაადგინეს ბერებმა ღირსი მარიამის ხსენება დაეწესებინათ და აღენიშნათ ხოლმე მისი გარდაცვალების დღე. მამა იოანემ, სავანის იღუმენმა, ღირსი დედის სიტყვისმებრ, ღვთის შეწევნით, ყოველივე აღასრულა სავანეში რაც ხამდა. მამა ზოსიმემ აქ, ამ მონასტერში დაასრულა თავისი ღვთისსათნო ცხოვრება და ამა წარმავალი ცხოვრებიდან, რომელშიც თითქმის ას წელს მიაღწია, იმ, საუკუნო ცხოვრებაში გადასახლდა.

ასე მოაღწია ჩვენამდე ღირსი მარიამ მეგვიპტელის საკვირველი ცხოვრების ამბავმა, რომელიც უფლის ყოვლადქებული წმიდა წინამორბედის იოანეს სახელობის სავანის ძველმა მოღვაწეებმა შემოგვინახეს, იმ სავანისა, იორდანეს ნაპირთან რომ მდებარეობს, თუმცა თავდაპირველად დიდი ხნის მანძილზე იგი ზეპირად გადადიოდა წმიდა ბერებისაგან მათს მოწაფეებზე, და მხოლოდ შემდეგში მოხდა მისი ჩაწერა.

„მეო, კი - ამბობს მღვდელმთავარი სოფრომი, მთავარეპისკოპოსი იერუსალიმისა (ხსენება 11 მარტს), პირველი აღმწერელი წმიდა მარიამ მეგვიპტელის ცხოვრებისა, - რაც წმიდა მამებისაგან მივიღე გადმოცემით, ყოველივე ჩავწერე და წერილობით სიცოცხლე მივანიჭე ზეპირ გადმოცემებს.

ღმერთიმც მიაგებს ნაცვალს წამკითხველთაც, მსმენელთაც და გადმომცემთაც ჩვენდა ამა ამბისა, ის ღმერთი, რომელიც შემოქმედია დიდ საკვირველებათა და დიდ ნიჭთა მწყალობელი ყველასათვის, ვინც კი რწმენით მიმართავს მას. მისი წყალობითამც ღირს ვიქმნათ ნეტარი მარიამ მეგვიპტელის კეთილი ხვედრისა და ყველა იმ წმიდანისაც, ვინაც თავისი გონებით ზრახვით ღვთის დიდებულებისა და მოღვაწეობით სათნო ჰყოფია ღმერთს საუკუნითგან. ვადიდოთ ჩვენცა საუკუნო მეუფე ჩვენი, რათა ღირს ვიქმნათ ქრისტე იესუის წყალობის მოპოვებისა განკითხვის დღეს, უფლისა ჩვენისა, ვისიც ხამს დიდება და პატივი ყოველი, ხელმწიფება და თაყვანისცემა მამითურთ და ყოვლადწმიდა ცხოველმყოფელი სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.

წმიდა მარიამ ეგვიპტელს ევედრებიან ხორცთა აღძვრისას ვნებისაგან განსათავისუფლებლად.

ტროპარი: შენ შორის, საკვირველო დედაო, კეთილად დაცულ იქმნა ხატება, რამეთუ აღიღე ჯვარი და შეუდეგ ქრისტესა, და მოქმედი ასწავებდი შეურაცხყოფასა  ხორცთასა, ვითარცა წარმავალსა, ხოლო ღვწასა სულისასა - ვითარცა უკვდავისა არსებისასა, რომლისათვისცა ანგელოზთა თანა იხარებს სული შენი ნეტარო მარიამ.

კონდაკი: მეძავობათა მიერ პირველ აღსავსე მრავალ სახეთა, სძლად წმიდად ქრისტესა დღეს სინანულითა შეწყნარებულ იქმნა, ანგელოზთა მოქალაქობითა მიმსგავსებული, ეშმაკთა ჯვრისა საჭურველითა უჩინო ჰყოფს, ამისთვისცა მეუფისა გამოსჩნდა სძლად მარიამ დიდებული.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced