სიახლეები
წმინდა ამბროსი აღმსარებელი
30/03/2012
ერთი ჩანაწერის გაკეთებიდან მეორე წერილის დაწერამდე ზუსტად 66 წლიანი შუალედია. პირველ დოკუმენტში წმინდა ამბროსი აღმსარებლის დაბადების თარიღია გატარებული, მეორე ხელნაწერით კი სამღვდელოება მის დაკრძალვას სიონის საპატრიარქო ტაძარში ითხოვს. ნახევარი საუკუნე ქართველი ერისა და ეკლესიის სამსახურში - წმიდა ამბროსი აღმსარებლის მოღვაწეობა ის შემთხვევაა, როცა ცხოვრება წლებით არ იზომება.
იგი 1961 წელს მარტვილის რაიონის სოფელ ინჩხურში დაიბადა. მღვდლის ოჯახში გაზრდილმა ახალგაზრდამ სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ კი წმინდა ამბროსი დაოჯახდა, მღვდლად ეკურთხა და მოღვაწეობა აფხაზეთში განაგრძო. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ წმინდა ამბროსი აღმსარებელი ყაზანის სასულიერო სემინარიაში სასწავლებლად მიდის, სადაც ის ბერად აღიკვეცა. 1902 წელს წმინდანს არქიმანდრიტობა ებოძა და ჭელიშის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. ჭელიშის მონასტრში მოღვაწეობის შემდეგ იგი ფერისცვალების მონასტრის წინამძღვარი გახდა. სწორედ ამ პერიოდიდან წმიდა ამბროსი ხელაია ავტოკეფალიის აღდგენისთვის ბრძოლას იწყებს, რის გამოც წმიდა მღვდელმთავარი გადაასახლეს. ორი წლის შემდეგ წმინდა ამბროსი აღმსარებელი სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა მალე ისევ გადასახლებაში წასვლა მოუწია. 1908 წელს ეგზარქოს ნიკონის მკვლელობის შემდეგ დამნაშავეს ვერ მიაგნეს, სამაგიეროდ, დაიწყეს ავტოკეფალიისათვის მებრძოლი ყველა სამღვდელო პირის დევნა. მათ შორის იყო წმინდა ამბროსი ხელაიაც. რის შედეგადაც წმინდანმა 9 წელი სამშობლოდან შორის, უკიდურეს გაჭირვებაში გაატარა. რიაზანის სამების მონასტერში ყოფნისას, ის მუდმივად ზრუნავდა საქართველოზე და ეს მისი წერილებიდანაც ჩანს. 1917 წელს კი წმინდა მღვდელმთავარი სამშობლოში დაბრუნდა.
1921 წელს წმინდა სინოდმა ეკლესიის ახალი მეთაური აირჩია. საქართველოსთვის ძალიან რთულ დროს კათოლიკოს–პატრიარქი წმინდა ამბროსი ხელაია გახდა. პერიოდში, როდესაც საქართველოში ყველაფერი ეკლესიური და ეროვნული იდევნებოდა, წმინდა მღვდელმთავარი მიმართვას აგზავნის გენუის კონფერენციაზე, სადაც იგი საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს. მალე ამის გამო წმინდა ამბროსი აღმსარებელი საკათალიკოსო საბჭოს წევრებთან ერთად დააპატიმრეს. ეროვნულ არქივში წმინდა ამბროსი ხელაიას დაკითხვის რამდენიმე ოქმი ინახება. აქვეა ხელნაწერები, რომლებიდანაც ირკვევა, რომ წმინდანი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. საცავშია დაცული გენუის კონფერენციისადმი გაგზავნილი მიმართვაც. ამბროსი ხელაიას დაკითხვა 1924 წლის მარტში უმძიმეს ვითარებაში მიმდინარეობდა. მას მემორანდუმის გაგზავნასთან ერთად ბრალი ედებოდა ქართული საგანძურის გადამალვაშიც. ამ პროცესების შემდეგ წმინდა მღვდელმთავარს რვა წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეროვნული არქივი ინახავს იმ წერილებსაც, რომლებითაც ქართველი სამღვდელოება ხელისუფლების სხვადასხვა ინსტაციის წარმომადგენლებს წმინდა ამბროსი ხელაიას გათავისუფლებას ან სასჯელის შემსუბუქებას სთხოვდა. ერთი წლის შემდეგ წმინდა მღვდელმთავარი გაათავისუფლეს. ამბობენ,რომ როდესაც იგი სიონის საპატრიარქო ტაძარში მივიდა, მრევლი მას მუხლზე დაჩოქილი ელოდებოდა. გათავისუფლებიდან ორი წლის შემდეგ, წმინდა ამბროსი აღმსარებელი გარდაიცვალა და თავისი რთული გზის გავლით საკუთარი გასავლელი გზა და ზუსტი ორიენტირები დაგვიტოვა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















