Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Makhata

პროექტის პრეზენტაცია

30/03/2012

“ვმადლობ უფალს, რომ ვიმყოფებით აღმავლობის პერიოდში, როდესაც ადამიანი აშენებს ტაძრებსა და მონასტრებს”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ეროვნულ მუზეუმში მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის არქიტექტურული პროექტის პრეზენტაციის შემდეგ განაცხადა.

როგორც უწმინდესმა ბრძანა - “ვინც ეკლესია-მონასტრებს აშენებს, ის თავის სულიერ ტაძარს აშენებს, ხოლო ვინც ანგრევს, ის საკუთარ სულიერ ტაძარს ანგრევს”.

უწმინდესმა გაიხსენა, რომ რამდენიმე ხნის წინ მას სტუმრობდა დელეგაცია, რომელთა შორის ერთი ჩინეთის მოქალაქე იყო. "მე ვკითხე მას, ჩინეთი ასეთი მდიდარია ფილოსოფიური აზროვნებით და როგორ მოხდა, რომ ჩინეთმა კომუნისტური იდეები მიიღო. მან კი მიპასუხა, რომ ადამიანისა და ერის ცხოვრება ემსგავსება სპირალს, არის დაცემები და არის აღმავლობა და ახლა ჩვენ დაცემის პერიოდში ვიმყოფებითო. ვმადლობ უფალს, რომ ჩვენ ვიმყოფებით აღმავლობის პერიოდში, როდესაც ქართველი ადამიანი აშენებს ტაძრებს და მონასტრებს", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქართველი ადამიანი მიდის სრულყოფის კიბეზე. უწმინდესმა დალოცა ყველა ადამიანი, ვინც ტაძრის მშენებლობის საქმეშია ჩართული.

როგორც უწმინდესმა აღნიშნა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ივერიისად წოდებული ტაძარი იქნება არა მხოლოდ ლოცვისა და სულიერი მოღვაწეობის ადგილი, არამედ დიდი მეცნიერული ცენტრიც. უწმინდესის თქმით, პირველი და ყველაზე დიდი ტვირთი ამ საქმეში პაატა ბურჭულაძეს დაეკისრა, რომელმაც ის მორჩილად მიიღო.

გარდა ამისა, უწმინდესმა მრევლს მოუწოდა 17 აპრილისთვის, როდესაც მახათას მთაზე ისტორიული მშენებლობა დაიწყება, შეაგროვონ ქვები და მასზე დაწერონ თავიანთი სახელები, რომელიც შემდგომ ტაძრის საძირკველში მოექცევა. "როდესაც სამების ტაძარი შენდებოდა, ჩვენ დავწერეთ ჩვენი სახელები ქვებზე და საძირკველში ჩავაყოლეთ, 17 აპრილისთვისაც მოამზადეთ ასეთი ქვები. ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის საძირკველში ასევე ჩაყოლებული იქნება სიწმინდეები მთელი მსოფლიოდან. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ღმერთმა მალე აგვაშენებინოს ეს წმინდა სავანე", - ბრძანა უწმინდესმა და ყველა ადამიანი დალოცა, ვინც აღნიშნული ტაძრის მშენებლობას მცირედით მაინც ეწევა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced