სიახლეები
ილია მეორე იმედოვნებს, რომ საქართველოს თურქეთში ქართული ტაძრების აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა
23/03/2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს თურქეთში ქართული ტაძრების აღდგენის შესაძლებლობა მიეცემა. ამის შესახებ უწმინდესმა სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აწუხებს ქართული ტაძრების მდგომარეობა თურქეთში, რომლებიც დანგრევის პირასაა. ილია მეორის აზრით, ქართულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ჩავიდეს თურქეთში და მოხდეს ქართული ტაძრების აღდგენა.
საპატრიარქოში მიმდინარე შეხვედრა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 95-ე წლისთავს ეძღვნებოდა. შეხვედრაზე იმყოფებოდა აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი მეუღლითურთ, სხვა საელჩოების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოში არსებული კონფესიების წარმომადგენელი სასულიერო პირები.
უწმინდესმა სტუმრებს მადლობა გადაუხადა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან დეტალებში გაიხსენა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მნიშვნელოვანი ისტორიული თარიღები.
"საქართველოს ეკლესია არასდროს ყრიდა ფარ-ხმალს და ცდილობდა აღედგინა ავტოკეფალია, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფოსა და ქართული კულტურისთვის. 1917 წელს სვეტიცხოველში შეიკრიბა საეკლესიო კრება და გამოაცხადეს, რომ ავტოკეფალია აღდგენილია. ღვთის მადლითა და კურთხევით ჩვენ ვაგრძელებთ იმ ტრადიციებს, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა I საუკუნეში და საქართველოს ეკლესია ყველაფერს აკეთებს, რათა იყოს დანერგილი დემოკრატიული საწყისები, ქვეყანა იყოს ერთიანი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ იყოს შენარჩუნებული ტრადიციები", - ბრძანა უწმინდესმა შეხვედრაზე.
პატრიარქმა, ასევე, სამწუხარო უწოდა "არაკეთილმოსურნე პირების" მიერ საზღვარგარეთ გავრცელებულ ინფორმაციებს, თითქოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიურ უმცირესობებს საკუთარი რელიგიური მრწამსის გამოხატვის შესაძლებლობას არ აძლევს. პატრიარქმა ბრძანა, რომ საქართველოში ყველას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი რელიგიური გრძნობები გამოხატოს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















