Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Khakhuli

გამოფენა “მუსლიმი ქართველები” გაიხსნა

11/03/2012

საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით “მუსლიმი ქართველები” გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან “საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია”, “თურქეთთან მეგობრობის ასოციაცია”, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი და ინტერნეტჟურნალი “ამბიონი”.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია სტამბულის არქივებში დაცული ოსმალი ქართველების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები და ხელნაწერები. გამოფენა ხელოვნების სასახლეში 20 მარტამდე გაგრძელდება.

გიორგი კალანდია (საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი): “საქართველოს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი ჩვენი მუზეუმისა და შეიძლება ითქვას, თბილისის ისტორიაში მასპინძლობს საოცრად მნიშვნელოვან გამოფენას “ქართველი გურჯები ოსმალეთის იმპერიაში”. ეს გამოფენა მრავალმხრივ საინტერესოა, რადგან ბევრი ისეთი მასალა, რასაც ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი არ იცნობს, პირველადაა ამ საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი და აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. გამოფენის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეს მასალები თქვენთვის ყოფილიყო ცნობილი, გახლავთ ადამიანი, რომელთანაც ჩვენ გამორჩეულად ვმეგობრობთ. ესაა ბატონი ალი რიზა ალთუნელი (დარბაზიშვილი), “საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის” თავმჯდომარე, ქალაქ სტამბულის მერის მოადგილე, რომელიც დღეს აქ იმყოფება. დიდი მდლობა მინდა გადავუხადო ინტერნეტჟურნალ “ამბიონს”, რომელიც ამ საქმეში ძალიან აქტიურ მონაწილეობას იღებდა.

ამ გამოფენაზე კიდევ ერთხელ არის ნაჩვენები ქართველი კაცის ნიჭიერება. მიუხედავად მრავალი ისტორიული ძნელბედობისა, ქართველები ახერხებდნენ, შეენარჩუნებინათ თავიანთი ენა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება, ქართული დიასპორის წარმომადგენლები ქართულ ენას ამჟამადაც სწავლობენ და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ ორჰან სარდაგს, რომელიც ქართულს დღესაც ასწავლის ახალგაზრდობას, რის გამოც მისი მადლობლები ვართ.”

გამოფენაზე იმყოფებოდა წიგნის “ოსმალეთის ქართველების” ავტორი მურად ქესაბი (ყასაბიშვილი) : “დედასამშობლოში – საქართველოში ვიმყოფები და ძალიან მეამაყება თქვენთან ერთად ყოფნა. დიდ მადლობას გიხდით ამ გამოფენის მოწყობისათვის. “ოსმალეთის ქართველები” – ეს სახელწოდება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მიზანმიმართული ყოფილიყო, ეს ხალხი უშუალოდ ოსმალეთის იმპერიაში მოღვაწეობდა. წიგნში თურქეთისა და საქართველოს ისტორიული მეგობრობის გახსენებისა და აღმოჩენების ისტორიაა. ეს ადამიანები ოსმალეთის იმპერიაში მოღვაწეობდნენ და მათი საქმიანობა სტამბულით არ შემოიფარგებოდა. ისინი გაფანტულნი იყვნენ სხვადასხვა კუთხეში, ძირითადად, ანატოლიაში. მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებში კი არ მოღვაწეობდნენ, აშენებდნენ საავადმყოფოებს, ბიბლიოთეკებს და ა.შ. ამ ქართველებს ოსმალეთის იმპერატორები ასე მოიხსენიებდნენ: “გადარჩენილი და ერთგული ერი”.

 ღონისძიებას ესწრებოდა პროფესორი ცისანა აბულაძე, ადამიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ოსმალეთის იმპერიის საარქივო მასალების შესწავლაში: “ოსმალეთის იმპერია ის განსაკუთრებული იმპერია იყო, სადაც მაღალი ჩინის დასაკავებლად არ გახლდათ აუცილებელი, ყოფილიყავი მაღალი სოციალური საზოგადოების წარმომადგენელი. ამის დასტურია ბატონ მურად ქასაბის მიერ გამოცემული “ოსმალეთის ქართველები”, რომლებიც თავისი ნებით კი არ იყვნენ იქ მოხვედრილები, ზოგი გატაცებული გახლდათ, ზოგი – ტყვედ ჩავარდნილი და თავისი გონების, გარჯისა და ნიჭის შედეგად ოსმალეთის იმპერიაში სულთნის კარზე ქართული წარმომავლობის 20-მდე დიდვეზირი იყო. წარმოიდგინეთ, რამდენ ბეგლარბეგსა და სულთნის დედას მიჰყავდა იმპერიის მთელი პოლიტიკაც კი. უფრო მეტიც, სულთანი თავის ბრძანებებს, რა თქმა უნდა, საკუთარი ხელით არ წერდა. იყო მთელი სამდივნო, არსებობდა სხვადასხვა საკანცელარიო განყოფილება და სულთნის ბეჭდის დამსმელი გახლდათ ნიშანჯი. ძალიან გავოცდი, როცა ედერნეში გამოცემულ საბუთები ვნახე, სადაც აღმოვაჩინე, როდესაც საველე ბანაკში გახლდათ სულთანი, იმ დროს ნიშანჯი ქართველი იყო. ქართველი გახლდათ ასევე შეიხულ ისლამი, ბაშ დეფთერდარიც, ანუ დღევანდელი ფინანსთა მინისტრი. ე.ი. ქართველს, რომელიც გამოიჩენდა ნიჭსა და უნარს, არ უშლიდა ხელს, რომ ტყვედ იყო წაყვანილი. დიდი მადლობა ბატონ მურად ქესაბსა და ყველა იმ ორგანიზაციას, რომლებმაც მატერიალურად შეუწყეს ხელი ასეთი წიგნის გამოცემას. წარმოიდგინეთ, ბატონი მურადი კი არ დაკმაყოფილდა უკვე დაბეჭდილით, მან არქივებში მოიძია საჭირო მასალა და თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ძნელი, რთული ხელითაა დაწერილი თითოეული ეს საბუთი და ვუსურვოთ, კვლავ გაეგრძელებინოს მუშაობა და სხვა ქართველიც დაეყენებინოს იმ წარჩინებულ ოსმალ მოხელეთა გვერდით, რომელნიც ამ წიგნში არიან წარმოდგენილნი.”

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced