სიახლეები
საკვირაო ქადაგება
27/02/2012
სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!
“დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი”. როგორც იცით, ღვთის ლოცვა-კურთხევით, ჩვენ ვიმყოფებოდით წმიდა მიწაზე. მინდა გითხრათ, რომ წმიდა მიწაზე ყოფნა ძალიან საშიშია იმ მხრივ, რომ ადამიანი არ უნდა შეეჩვიოს მას. ზოგიერთი ყოველ წელიწადს დადის. მიმაჩნია, რომ ეს არაა სწორი. შეჩვევა იცის და ავიწყდება ადამიანს, რომ ის წმიდაა და ძალიან ხშირად ჩვეულებრივად ვიქცევით წმიდა მიწაზე. იქ არის დიდი სიწმიდე და, ამასთან ერთად, დიდი ბრძოლები. სიკეთე და ბოროტება განსაკუთრებით იბრძვის. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შეხვედრა. უპირველეს ყოვლისა, შევედით მაცხოვრის საფლავთან. ეს იყო ჩემი მეოთხე ჩასვლა და არც ერთი წინა მისვლა არ შეედრებოდა ამას. უფალი ძალიან ახლოს იყო საქართველოსთან ამ ბოლო დროს. მე ვიგრძენი, რამდენად უღირსები ვართ ჩვენ, მე და მთლიანად საქართველო და რამდენად დიდია მოწყალება უფლისა. ვთხოვეთ უფალს, რომ მუდამ ჩვენთან იყოს. როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი: “უფალო, შენი ვარ, მაცხოვნე მე”. ე.ი. შენ იცი, რა გზებით უნდა მაცხოვნო მე. ჩვენ აქედან წავიღეთ გადასაფარებელი წმიდა დავით მეფისა. ეს იყო საოცარი ზეიმი, ისეთი გრძნობა გვქონდა, რომ დავით მეფე ღებულობდა მონაწილეობას ამ ზეიმში და მან მიიღო ეს საჩუქარი. ძალიან შთამბეჭდავი გახლდათ ჩვენი ჩასვლა იორდანიაში და მდინარე იორდანესთან მისვლა. უფალი იდგა ჩვენ შორის, შევედით და ვეზიარეთ ამ მადლს. საოცარი იყო, ასევე, ჩვენი შესვლა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. ის ქართული მონასტერია და ქართველი ხალხი ვერ ეტეოდა მონასტერში. “ქრისტე აღსდგას” გალობდნენ და ხალხი გაოცებული გახლდათ ამის ყურებით. ეს იყო შეერთება ცისა და ქვეყანისა.
ჩვენ გვქონდა შეხვედრა რაბინებთან. აქ არის ორი შტო ებრაელების, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და ჩვენს ჩასვლასთან დაკავშირებით ებრაელების მეთაურები დასხდნენ გვერდიგვერდ. საუბარი იყო მუსულმანებზე, რომ ისინი ლოცულობენ ხუთჯერ. კითხვაზე, რამდენჯერ ლოცულობდნენ, მიპასუხეს, სამჯერო. ფსალმუნში წერია, რომ შვიდჯერ უნდა ილოცოთ-მეთქი. მგონი ისრაელის პრეზიდენტმა თქვა, რომ გადაუგზავნიან ჩვენს წინადადებას, რათა შვიდჯერ ილოცონ. მაგრამ ეს რომ შევთავაზოთ, შეიძლება სულ არ ილოცონო. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ილოცებენ.
ჩვენ გვქონდა შეხვედრა იორდანიის მეფესთან. ახალგაზრდა კაცია, დედა ჰყავს ინგლისელი, ცოლი – პალესტინელი. ძალიან დიდი სითბოთი მიგვიღო და საქართველოში ჩამოსვლას შეგვპირდა.
ჩვენ შორიდან უნდა ვიყოთ თაყვანისმცემლები წმიდა ადგილების, უღირსად უნდა მიგვაჩნდეს თავი, რომ ასე ახლოს შევეხოთ სიწმიდეს, უნდა გვახსოვდეს ჩვენი დიდი მამა დავით გარეჯელი, რომელიც ჩავიდა წმიდა მიწაზე და ღირსად არ ჩათვალა თავი, შესულიყო ქალაქში. კედელს ემთხვია, აიღო სამი ქვა და წამოვიდა უკან. ეს იყო უდიდესი მადლი. იერუსალიმის პატრიარქს ჩვენება ჰქონდა, რომ ქართველმა ბერმა მთელი მადლი წაიღოო, ჩამოართვეს ორი ქვა და ერთი დაუტოვეს. მას “მადლის ქვა” ეწოდება და ჩვენთან ინახება. აი, ასეთია მოკლე მიმოხილვა ჩვენი მოგზაურობის. იმედი გაგვიჩნდა, რომ დაბრუნდება ის დრო, როცა ქართველები მოღვაწეობდნენ წმიდა მიწაზე.
წმიდა მიწის, იერუსალიმისა და იმ ტაძრების მადლი და წყალობა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. საოცარი ის არის, რომ ზოგი გრძნობს ამ მადლს და წყალობას, ზოგი – ვერა. უნდა გააღო შენი გულის კარები და უნდა შემოვიდეს უფალი შენთან.
ჩვენთან არს ღმერთი!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
26.02.2012
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















