Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

06/02/2012

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.

ჩვენთან არს ღმერთი!

ღვთის მადლითა და წყალობით, თქვენი ლოცვით გუშინ დავბრუნდით გერმანიიდან, სადაც ვიყავით სამკურნალოდ და ექიმებმა იმედით გამოგვისტუმრეს, მაგრამ მთავარი ეს არ არის.  მთავარია, რომ საქართველოს მსგავსი ქვეყანა არ არსებობს მსოფლიოში. იმდენი მადლი, წყალობა, ღვთის სიყვარული, რაც საქართველოში გახლავთ, მთელ მსოფლიოში არ იქნება და ვმადლობთ უფალს, რომ ამ წყალობას, სიხარულსა და სიყვარულს გვაძლევს მაცხოვარი.

გუშინ წამოსვლის წინ ჩვენ გვქონდა შეხვედრა ქართველებთან, რომლებიც სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოვიდნენ, რომ სასტუმროში გვენახა ერთმანეთი. 500 თუ 600 ადამიანი იყო. მთავარი თემა, მთავარი წითელი ხაზი, რაც გამოვყავით, ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ მოვუწოდეთ, დაბრუნდნენ სამშობლოში. შეიძლება აქ არ იყოს ისეთი საჭმელ-სასმელი და ჩასაცმელი, რაც იქ არის, მაგრამ ამას ყველაფერს გადაემეტება ჩვენი სარწმუნოება.

დღევანდელ კვირას ეწოდება მეზვერისა და ფარისევლის კვირა. ორივე შედის ტაძარში და ერთი წინ დგება, მეორე – უკან. მეზვერე ამბობს: “ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე”. ლოცულობს თავისი ცოდვებისათვის. მის სიტყვებში არის შეგრძნება იმისა, რომ ის ცოდვილია. ფარისეველი კი მადლობას სწირავს უფალს, რომ ის არ გახლავთ ისეთი, როგორიც მეზვერეა, რომ ასრულებს კანონებს და შემსრულებელია სჯულისა.

ხშირად ჩვენი მოძღვრები ცდებიან, როცა ქადაგებაში ამბობენ, რომ მეზვერე გამოვიდა გამართლებული და ფარისეველი – დასჯილი.

სინამდვილეში სახარებაში წერია, რომ მეზვერე გამოვიდა უფრო გამართლებული, ვიდრე – ფარისეველი. იმანაც მიიღო რაღაც წყალობა, მაგრამ უფრო მეტი – მეზვერემ.

დღეს ვფიქრობთ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს აწმყოსა და მომავალზე. სად არის ჩვენი გზა? დავით მეფე ლოცულობა: “მაუწყე მე გზაი, რომელსაცა ვიდოდე”. ჩვენც ვთხოვთ უფალს, რომ გვიჩვენოს გზა, რომელსაცა ვიდოდეთ.

დღევანდელ წარდგომაში სამოციქულოს წინ იაკობმა თქვა ასეთი სიტყვები: “წყალობა შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ მე, ვითარცა ჩვენ შენ გესავთ.” გესავთ, ე.ი. იმედი გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, ყველას უნდა ჰქონდეს იმედი ღვთისა, იმედი ადამიანისა და იმედი სიკეთისა, სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს. “ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია”. ეს ძლევა ჩვენს გულში ხდება. გულში, შენს გონებასა და სულში თუ გაიმარჯვებს სიკეთე, თუ შენ უარყოფ ბოროტებას შენს გულში, ბოროტი ვეღარ მოგეახლება.

მე არაერთხელ მითქვამს და დღეს განსაკუთრებით მინდა გავიხსენო დიდი უკრაინელი მეცნიერი გრიგორისკა ვარადა. მის საფლავზე რუსულადაა წარწერა: “მირ ლავილ მენია, ნო ნი პაიმალ”. სოფელი, არა პირდაპირი გაგებით, არამედ მთელი ქვეყანა, ცდილობდა დავეჭირე მე, მაგრამ ვერ შესძლო. ამ დღეშია ყოველი ადამიანი. სოფელი ცდილობს, დაიჭიროს ადამიანი, ზოგი ფულით, ზოგი თანამდებობით, ათასი საშუალებით. ადამიანმა უნდა გაიგოს, ეს მახეა, ცდუნებაა თუ არა.

მინდა, რომ ჩვენ, ყველამ ვიფიქროთ ამ საკითხზე: “სოფელი ცდილობდა დავეჭირე მე, მაგრამ ვერ დამიჭირა”. დღეს ყველანი ამ დღეში ვართ. მე, მაგალითად, ვერ ვიტყვი იმას, რომ “მე ვერ დამიჭირა”. ვერც ერთი ადამიანი ვერ იტყვის ამას და რატომ ამბობს ეს პიროვნება: “სოფელმა ვერ დამიჭირაო”? დროდადრო გვიპყრობს სოფელი, მაგრამ უნდა განვთავისუფლდეს ამ მახისგან.

ასე რომ, თქვენ გეძლევათ დასაწერად ასეთი თემა, რომელიც მე უნდა გამომიგზავნოთ: “სოფელი ცდილობდა დავეჭირე მე, მაგრამ ვერ დამიჭირა”. თქვენ შეგიძლიათ, არ თქვათ, რომ სოფელმა ვერ დაგიჭირათ. კიდევ ერთხელ ვიმეორემ თქვენ წინაშე, მე არ შემიძლია იმის თქმა, რომ “სოფელმა ვერ დამიჭირა.”

სადღაც ადამიანი შეცდება, სადღაც დაეცემა, ცუდ სიტყვას იტყვის, სადღაც გაიფიქრებს ან განიკითხავს, ეს ყველაფერი დაჭერაა. იჭერს სოფელი და სოფელში არსებული ბოროტი სული.

ერთ-ორ კვირაში გამომიგზავნეთ თქვენი შეხედულება, რა არის ეს: “სოფელი ცდილობდა, დავეჭირე მე და ვერ დამიჭირა”.

თუ გახსოვთ, აქ იყო ერთი ქალბატონი, რომელსას გასვლისას რომ შევხვდებოდი, ვეუბნებოდი: “ვირ ლავილ მენია”, ის მპასუხობდა: “ნო ნი პაიმალ, ნო ნი პაიმაეტ”. გრიგორისკა ვარადას აქვს ნათქვამი: “არ დამიჭირა” და ეს ქალბატონი ამატებდა: “არ დაგიჭირა და არც დაგიჭერსო”.

ასეთი რთულია ადამიანის ცხოვრება. ადამიანის ცხოვრება – ეს არის გამოცდა ჩვენი და როგორც ჩვენი ბავშვები უნივერსიტეტში აბარებენ გამოცდებს, ისევე უნდა ჩავაბაროთ ჩვენც და გავხდეთ ღირსნი სასუფევლისა.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.

ჩვენთან არს ღმერთი!

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

წმინდა სამების ტაძარი

05.02.2012

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced