სიახლეები
წმინდა ბასილი დიდი
15/01/2012
მსოფლიო მართლმადიდებელი სამყარო 14 იანვარს - მე-4 ს-ში მოღვაწე კესარია კაბადოკიის მთავარეპისკოპოსის - წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღეს აღნიშნავს. წმ ბასილი დიდი 330 წელს კაბადოკიის დედაქალაქ კესარიაში დაიბადა. იგი კეთილშობილებით, სიმდიდრით, ნიჭიერებითა და საღვთო მოშურნეობით ცნობილი გვარის ჩამომავალი იყო. წმიდა ბასილის დედა - ემილია, მოწამის შვილიშვილი იყო, მამა კი - უფროსი ბასილი - ნეოკესარიელი ადვოკატი და რიტორიკის ცნობილი მასწავლებელი. ოჯახში ათი და-ძმა იზრდებოდა. ხუთი მათგანი შემდგომში წმინდანთა დასში შეირაცხა.
წმ ბასილი დიდმა პირველდაწყებითი განათლება მამის ხელმძღვანელობით მიიღო, შემდეგ კი საუკეთესო მასწავლებლებთან სწავლობდა კაბადოკიის კესარიაში. წმიდანმა აქ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. გრიგოლ ნაზიანზელი წერდა: "რიტორი იყო რიტორთა შორის უწინარეს საფილოსოფოსოისა სწავლისა და, უზესთაესიცა ვთქუ, მღვდელ იყო ქრისტიანეთაი". კესარიიდან წმ ბასილი დიდი ეწვია კონსტანტინოპოლს, სადაც რიტორიკა შეისწავლა. სწავლა მომავალმა ეპისკოპოსმა ტრადიციული ფილოსოფიური სკოლებით ცნობილ ქალაქ ათენში გააგრძელა. ათენში წმ ბასილი დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველს დაუმეგობრდა. მათმა მეგობრობამ მთელი ცხოვრების განმავლობაში გასტანა.
დაახლოებით 357 წელს წმიდა ბასილი დიდი კესარიაში დაბრუნდა. ქალაქის მცხოვრებთა დაჟინებული თხოვნით იგი რამდენჯერმე გამოვიდა საჯაროდ და მსმენელები თავისი ორატორული ხელოვნებით აღაფრთოვანა. ოცდახუთი წლის ასაკში იგი ადვოკატი და რიტორიკის მასწავლებელი გახდა. წმიდა ბასილი დიდის დედა მეუღლის სიკვდილის შემდეგ უფროს ასულ მაკრინესთან ერთად და რამდენიმე ქალწულთან ერთად საგვარეულო მამულში განმარტოვდა და ასკეტური ღვაწლი იტვირთა. წმ ბასილი კი მოინათლა, რის შემდეგაც კესარიელი ეპისკოპოსის კურთხევით მედავითნედ დაადგინეს. მონაზვნური ცხოვრების წესის გასაცნობად ბასილიმ იმოგზაურა ეგვიპტეში, სირიასა და პალესტინაში, მოინახულა ღვაწლმოსილი მოსაგრეები, კაბადოკიაში დაბრუნების შემდეგ კი ცდილობდა, მიებაძა მათთვის. მთელი სიმდიდრე წმიდანმა მოწყალებად გასცა, შემდეგ კი ძმათა საცხოვრისი დააარსა. თავისი წერილებით წმ ბასილი დიდმა უდაბნოში გრიგოლ ღვთისმეტყველი მიიზიდა. სულიერი ძმები იქ უმძიმეს ფიზიკურ შრომაში ცხოვრობდნენ, სწავლობდნენ წმიდა წერილს, ეცნობოდნენ მის განმარტებებს, კერძოდ, ორიგენეს ნაშრომებს, რომლის თხზულებების მიხედვითაც შეადგინეს კრებული "ფილოკალია" ("სიკეთის მოყვარება"). იმავე ხანებში წმ ბასილი დიდმა, ბერების თხოვნით, დაწერა ზნეობრივი ცხოვრების წესების სახელმძღვანელო.
თავისი ცხოვრებისეული მაგალითითა და ქადაგებებით წმ ბასილი დიდს სულიერი სრულყოფილებისაკენ მიჰყავდა კაბადოკიელი და პონტოელი ქრისტიანები. მრავალი ისწრაფოდა მისკენ, როგორც გამოცდილი და ღვთივსულიერი მოძღვრისაკენ. ასე დაარსდა ორი - მამათა და დედათა მონასტერი, რომლებიც წმ ბასილი დიდის ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ. იმპერატორ კონსტანციუსის მეფობაში გავრცელდა არიოზის ცრუ სწავლება და ეკლესიის სიწმიდის დაცვამ ორივე წმიდანის სამსახური მოითხოვა. წმ ბასილი დიდი კესარიაში დაბრუნდა. 362 წელს იგი დიაკვნად, ორ წელიწადში კი ევსები კესარიელის მიერ მღვდლად იკურთხა.
წმ ბასილიმ სახელი გაითქვა თავისი სიბრძნითა და სიწმიდით. მას პატივს სცემდნენ, ქება-დიდებას ასხამდნენ და ყოველივე ამან, ადამიანური სისუსტის გამო, ევსებიში ეჭვიანობა გააღვივა. მან წმ მამის შევიწროება დაიწყო. ბერები აღდგნენ წმიდა ბასილი დიდის დასაცავად. საეკლესიო განხეთქილების საფრთხე რომ მოესპო, წმიდანი თავის უდაბნოს დაუბრუნდა და მონასტრების კეთილმოწყობას შეუდგა. როცა ხელისუფლების სათავეში არიანელი იმპერატორი ვალენტი მოვიდა, მართლმადიდებლობას მძიმე ხანა დაუდგა. მოსალოდნელი დიდი ბრძოლის წინ ეპისკოპოს ევსების თხოვნით, წმ ბასილი დიდი სასწრაფოდ დაბრუნდა კესარიაში. ამ დროიდან მოყოლებული, ეკლესიის მართვა-გამგეობა წმ ბასილი დიდის ხელში გადავიდა. იგი ყოველდღიურად წარმოთქვამდა ქადაგებებს. ამ ხანებში მან შექმნა საღვთო ლიტურგიის ტიპიკონი, აგრეთვე საუბრები "ექუსთა დღეთათვის", ისაიას წინასწარმეტყველების 16 თავის და ფსალმუნების განმარტებები, მონაზვნური ცხოვრების წესების მეორე კრებული - "ასკეტიკონი" და 3 წიგნი არიანელი მოძღვრის ევნომიუსის წინააღმდეგ.
ევსები კესარიელის გარდაცვალების შემდეგ, 370 წელს, მისი კათედრა წმიდა ბასილი დიდმა დაიკავა. როგორც კესარიელ ეპისკოპოსს, მას თერთმეტი პროვინციის ორმოცდაათი ეპისკოპოსი ემორჩილებოდა. წმიდა მღვდელმთავარს ეკუთვნის მრავალრიცხოვანი წერილები ეკლესიების, ეპისკოპოსების, სამღვდელოებისა და კერძო პირების მიმართ. ბასილი დიდის დაუცხრომელი მოღვაწეობა აძლიერებდა ერეტიკოსთა სიძულვილს მისდამი. იმპერატორი ვალენტი მართლმადიდებელ ეპისკოპოსებს დევნიდა, ასახლებდა და სასტიკი მეთოდებით ავრცელებდა არიანელობას. ამავე მიზნით ჩავიდა ის კაბადოკიაში და წმიდა ბასილი დიდთან გაგზავნა პრეფექტი, რომელიც ემუქრებოდა მას ქონების ჩამორთმევით, განდევნით, წამებით და სიკვდილით დასჯითაც კი. "შენი მუქარა მე არ მაშინებს, - უპასუხა წმიდანმა, - ქონებას ვერ დაკარგავს ის, ვისაც არაფერი გააჩნია ძველი, გაცრეცილი სამოსისა და რამოდენიმე წიგნის გარდა; გადასახლების საფრთხე ჩემთვის არ არსებობს, რადგან არცერთ ადგილას არ ვარ მიჯაჭვული: ადგილი, სადაც ახლა ვცხოვრობ, ჩემი არაა და არც ის ადგილი იქნება ჩემი, სადაც გამაგდებენ. უკეთ რომ ვთქვათ, ყველა ადგილი უფლისაა. წამებითაც რას დამაკლებენ: ისე სუსტი ვარ, რომ მხოლოდ პირველ დარტყმას ვიგრძნობ - სიკვდილი კი წყალობაა ჩემთვის: ის მიმაახლებს უფალთან, რომლისთვისაც ვცოცხლობ და ვიღვწი, და რომლისკენაც დიდი ხანია ვისწრაფვი". მმართველი გაოგნებული უსმენდა. "ალბათ არასდროს შეხვედრიხარ ეპისკოპოსს, - განაგრძობდა წმიდანი, - თორემ მისგან უთუოდ ამგვარივე სიტყვებს გაიგონებდი. ჩვენ მშვიდნი და ყოველგვარი ხელისუფლების ყველაზე მორჩილი მსახურები ვართ, მაგრამ, როცა საქმე უფალს ეხება და გაკადნიერდებიან, აღდგნენ მის წინააღმდეგ, ჩვენ ყველაფერზე მაღლა ვდგებით და მხოლოდ ღმერთს ვემორჩილებით. მაშინ ცეცხლი, მახვილი, გააფთრებული მხეცები და საწამებელი იარაღები ჩვენთვის ნეტარებაა და ამით ვერ შეგვაშინებენ." როცა იმპერატორს პრეფექტმა წმ ბასილი დიდის შეურყეველობა ამცნო, შემდგომში ამგვარივე სიმტკიცე გამოიჩინა წმიდანმა თავად იმპერატორის წინაშეც და ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ვალენტიზე, რომ მან მხარი არ დაუჭირა არიანელებს, რომლებიც ეპისკოპოსის გადასახლებას ითხოვდნენ.
წმ ბასილი დიდი მკაცრად ადევნებდა თვალყურს საეკლესიო კანონის დაცვას. მის დროს სამღვდელოებაში უღირსი ვერ გაერეოდა. ის სჯიდა საეკლესიო დისციპლინის დამრღვევებს. მღვდელმთავარს დაქვემდებარებული მიტროპოლიის მღვდელმსახურები, ბერ-მონაზონთა მიბაძვით, მეტად ღარიბულად, წმიდად და კეთილმსახურებით ცხოვრობდნენ. წმ ბასილი დიდმა მიაღწია სამღვდელოების გათავისუფლებას გადასახადებისაგან. მთელ თავის სახსრებს და ეკლესიების შემოსავალს ის გლახაკებს ახმარდა, დააარსა დავრდომილთა თავშესაფრები, კესარიაში მწირთათვის სასტუმრო ააგო. სნეულებებმა, რომლებიც ბავშვობიდანვე თან სდევდა წმიდანს, მკაცრმა და თავშეკავებულმა ცხოვრებამ, წინააღმდეგობებთან ბრძოლამ წმიდა ბასილი დიდს ფიზიკური ძალები გამოაცალა. წმ ბასილი დიდი 379 წლის 1 იანვარს 49 წლის ასაკში აღესრულა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















