სიახლეები
'საქართველოს იმედის' ხატი სამებაში გადააბრძანეს
26/12/2011
“საქართველოს იმედის” ხატი, რომლის შექმნაშიც მთელი საქართველო მონაწილეობდა, სამების საკათედრო ტაძარში გადაბრძანდა. ახლად შექმნილი ხატი დღეს საპატრიარქოდან ჯერ სიონის ტაძარში დაბრძანდა. მცირე პარაკლისის შემდეგ კი ლოცვითი მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრისკენ გაგრძელდა, სადაც ხატი პატრიარქმა აკურთხა.
ლოცვით მსვლელობას ილია II თავად წარუძღვა. ხატის კურთხევის შემდეგ უწმიდესმა მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. “ეს ხატი ღვთის მადლითა და ძალით იქნება სასწაულმოქმედი. ყოველა დამიანს, რომელიც რწმენითა და სიმდაბლით მიეახლება მას, აუსრულდება თხოვნა. ამ ხატის შემწეობით დაბრუნდებიან ქართველები სამშობლოში,” – აღნიშნა კათოლიკოს-პატრიარქმა.
უწმიდესის კურთხევით, მორწმუნე მრევლს “საქართველოს იმედის” ხატის რეპროდუქცია დაურიგდა. ლოცვით მსვლელობაში მონაწილე მრევლი ერთხმად აღნიშნავდა, რომ იმედის ხატი მათთვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. ამ ხატის შექმნით გაუძლიერდათ რწმენა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანას ბოროტი ვერასოდეს მოერევა.
ხატის შექმნა სამი წლის წინ უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო და ხახულის ღვთისმშობლის ხატის მსგავსია. “საქართველოს დიდების ხატის” საფუძველზე იმედის ხატის შექმნა უწმიდესმა საქართველოს სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტა. ხატი მსოფლიო ხატებს შორის გამორჩეულია თავისი სიდიადითა და სირთულით. ხატის ზომა 2 მეტრი 2 მეტრზეა და ოქროთია მომინანქრებული. ხატის ცენტრში გამოსახულია ღვთისმშობელი, მის ზემოთ – ყოვლადწმიდა სამება. მარცხნივ არიან სასულიერო პირები: იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი. მარჯვნივ – საერო მეფენი და დედოფალნი. ზედა მწკრივში – 9 მთავარანგელოზი. ხატზე, ასევე, გამოსახულია წმიდა ნინო, თამარ მეფე, წმიდა გიორგი, საქართველოს სამეფო და სამონაზვნო დასი. “საქართველოს დიდების” ხატისაგან განსხვავებით, იმედის ხატზე წმიდა სიდონია დაჩოქილია კვართით ხელში. მისი ასე გამოსახვა უწმიდესის სურვილით მოხდა. საქართველოს იმედის ხატის შექმნა თამამად შეიძლება ჩაითვალოს უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II- ის მოღვაწეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენად.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















