სიახლეები
ილია II – ‘მოსკოვში ვიზიტი იყო მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის’
26/11/2011
“მოსკოვში ვიზიტი იყო მეტად მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წუხელ, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა. უწმინდესის თქმით, ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დევნილებთან დაკავშირებით. "გვქონდა საუბარი ლტოლვილების შესახებ და იმედი გვაქვს, ლტოლვილები თავის სახლებში დაბრუნდებიან", - აღნიშნა პატრიარქმა.
ილია II-ის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან და პატრიარქ კირილთან შეხვედრისას ქართულმა მხარემ ქართველი მეფეების - ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ II-ის საქართველოში გადმოსვენების საკითხი დააყენა.
"ჩვენ, ასევე, გვქონდა საუბარი მეფეების - ვახტანგ მეექვსისა და თეიმურაზ მეორის გადმოსვენების შესახებ. ისინი არიან დაკრძალულნი ასტრახანში და მათ აქვთ დატოვებული ანდერძი, რომ იყვნენ დასაფლავებულნი საქართველოში. ჩვენ ვთხოვეთ რუსეთის პრეზიდენტს, პატრიარქ კირილს, რომ ნება დაგვრთონ და გადმოვასვენოთ ჩვენი მეფეები. ახლა გადავეცით საბუთები და ეს საკითხი შესწავლის პროცესშია", - განაცხადა პატრიარქმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე რუსეთიდან გუშინ, დაახლოებით 21.00 საათზე დაბრუნდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. ილია მეორე აეროპორტიდან პირდაპირ სამების ტაძარში წავიდა, სადაც მრევლს შეხვდა და დალოცა.
ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს თანმხლებ პირებთან ერთად გაემგზავრა. უწმინდესი 20 ნოემბერს რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა. მოსკოვში ვიზიტის დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პატრიარქს შეხვდა და მაცხოვრის ტაძარში საღმრთო ლიტურგიაში მონაწილეობა მიიღო.
საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, მოსკოვში მყოფ მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი შეხვდა.
გიორგობის დღესასწაულზე კი, ილია მეორემ წირვა მოსკოვში, წმ. გიორგის სახელობის ტაძარში აღავლინა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















