სიახლეები
წირვა მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში
21/11/2011
20 ნოემბერს, მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით აღვლენილი ღვთისმსახურება სლავურ, ბერძნულ და ქართულ ენებზე შესრულდა.
პატრიარქ კირილისთან ერთად სადღესასწაულო წირვაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, ვარშავისა და სრულიად პოლონეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი, მიტროპოლიტი საბა და ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი ქრისტეფორე მსახურობდნენ.
წირვის შემდეგ უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პატრიარქ კირილს იუბილე მიულოცა, მას უფლის წყალობა, რუსეთის ეკლესიასა და მთლიანად რუსეთს კი აყვავება უსურვა.
მოსკოვში პატრიარქ კირილისა და ილია მეორეს შეხვედრა გუშინ გაიმართა. რუსეთის პატრიარქის თქმით, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსკოვში ჩაბრძანება და მასთან ურთიერთობა ყოველთვის დიდი სიხარულია, რადგან მათ საუბარს კეთილი ნაყოფი მოაქვს.
“ეს არის ორი ერთმორწმუნე ხალხი, მეზობლები, რომლებიც ასწლეულობით ერთად ცხოვრობენ. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ხალხი სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემას ეკუთვნოდა და სხვადასხვა სახელმწიფოში იმყოფებოდა, ასევე მაშინ, როდესაც ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით, მართლმადიდებელ რუსებსა და მართლმადიდებელ ქართველებს თბილი და მეგობრული გრძნობა აერთიანებდათ. ჩვენ ვლოცულობთ რათა ეს სიყვარული კვლავ დაბრუნდეს. ვერანაირი საგარეო პერიპეტიები ვერ დაანგრევს ჩვენი ურთიერთობების ფუნდამენტს, რადგან მათ საფუძველს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს”, – აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ის იმედოვნებს რომ უთანხმოება, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის მოხდა, გადაილახება. “პატრიარქებმა და ეკლესიამ კი, რომელთაც უდიდესი ტრადიციები და ღრმა ფესვები გააჩნიათ, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს”, - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















