სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კვიპროსის პრეზიდენტს უმასპინძლა
18/04/2019
ა.წ. 18 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მღვდელმთავრებმა კვიპროსის პრეზიდენტს, ბ-ნ ნიკოს ანასტასიადისს, მის მეუღლეს, ქ-ნ ანდრი მუსტაკუდისს და მათ თანხმლებ პირებს უმასპინძლეს. მიღებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ბ-ნი ლაშა ჟვანია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კვიპროსში ბ-ნი რევაზ ლომინაძე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო კვიპროსსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც საუკუნეებს ითვლის და რომლის ნათელი დადასტურებაცაა თამარ მეფის მიერ კვიპროსში აგებული ღალიის მონასტერი.
მისმა უწმინდესობამ კვიპროსის პრეზიდენტსა და მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოს II-ს ღალიის მონასტერთან დამატებით მიწის ნაკვეთის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ იქ ქართული მონასტერი მალე აშენდება.
კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და კვიპროსის მსგავსად, დარღვეულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაც. მისმა უწმინდესობამ ბ-ნ პრეზიდენტს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი ქვეყნები მშვიდობიანი გზით აღიდგენენ მთლიანობას.
ბ-ნმა ნიკოს ანასტასიადისმა მის უწმინდესობას კვიპროსის მთავარეპისკოპოსის მოკითხვა გადმოსცა და ბრძანა, რომ კვიპროსი მომავალშიც საქართველოს აქტიური მხარდამჭერი იქნება.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბ-ნმა რევაზ ლომინაძემ ისაუბრა კვიპროსში მცხოვრები ქართველების შესახებ და მადლიერებით აღნიშნა პრეზიდენტისა და კვიპროსის მთავრობის მეგობრული დამოკიდებულება ქართველი ემიგრანტების მიმართ.
აღსანიშნავია, რომ მისი აღმატებულება, ბ-ნი ნიკოს ანსტასიადისი კვიპროსის პირველი პრეზიდენტია, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა; ვფიქრობთ, მისი ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების შემდგომ დაახლოებას და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.
შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კვიპროსის პრეზიდენტს და მის მეუღლეს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, დალოცა და წარმატებები უსურვა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















