Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


p

საკვირაო ქადაგება

02/04/2016

3 აპრილს, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა.

პატრიარქმა მრევლს ჯვრის თაყვანისცემის კვირა მიულოცა  და ჯვრის შესახებ ისაუბრა.

“ყოველი ადამიანი არის ჯვრის მტვირთავი, ჯვრის მატარებელი. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ მძიმე ჯვარი გააჩნია. ჯვარს აძლევს უფალი და აძლევს ისეთ ჯვარს, რომლის ტარებაც ადამიანს შეუძლია. ზოგიერთ ადამიანს ეძლევა ჯვარი პირადი პრობლემების, ზოგიერთს – ერის სიმძიმის ტვირთვა. დაიწერა საგალობელი “დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო”. არის შემთხვევები, ადამიანი, რომელსაც გააჩნია მძიმე ჯვარი, ეცემა და ფიქრობს, თითქოს ყველაფერი უკვე დამთავრდა, მაგრამ ადამიანმა უნდა მოიკრიბოს ძალა და სთხოვოს, უფალს. უფალი თვითონ მიდის და ეხმარება ადამიანს ჯვრის ტარებაში”, – აღნიშნა უწმინდესმა.

უწმიდესმა აუტიზმის მქონე ბავშვები დალოცა.

“დღეს ჩვენთან იმყოფებიან მშობლები, რომელთაც ჰყავთ ავადმყოფი შვილები აუტიზმით. ეს არის ჯვარი თქვენი და თქვენი შვილების. ღმერთმა მოგცეთ მადლი და ძალა ბოლომდე ზიდოთ ეს ჯვარი. აუტიზმი მძიმე ავადმყოფობაა, მაგრამ ამავე დროს, ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი გრძნობენ და ხედავენ უფრო მეტს, ვიდრე – ჩვენ. ხშირია შემთხვევა, როდესაც აუტიზმით დაავადებულები გენიალური ადამიანები ხდებიან”, – ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა აღნიშნა, რომ ზოგჯერ ადამიანი, მძიმე ჯვრის წინაშე ეცემა და თავს იკლავს. თუმცა, ადამიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავარდეს სასოწარკვეთაში და ღმერთი მას სიმძიმის დაძლევაში დაეხმარება.

პატრიარქმა ქადაგებისას ხარების დღესასწაულის შესახებ ისაუბრა, რომელიც 7 აპრილს აღინიშნება.

“როგორც ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ხარება ისეთი დღესასწაულია, როდესაც ჩიტი ბუდესაც კი არ აკეთებს. ამ დღეს ყველა ადიდებს უფალს. ამიტომ თქვენც გადადეთ ყოველგვარი მატერიალური ზრუნვა, მობრძანდით ტაძარში და შესთხოვეთ უფალს ღვთისმშობლის მფარველობა”, – ბრძანა პატრიარქმა.

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, 6 აპრილს, 18:00 საათზე, სამების ტაძარში საღამოს ლოცვა დაიწყება, 7 აპრილს კი საზეიმო წირვას მისი უწმიდესობა სვეტიცხოველში, 10:00 საათიდან აღავლენს.

უწმიდესმა ქადაგებისას გამოთქვა სურვილი, რომ ახალგაზრდებმა ხალხური მედიცინა შეისწავლონ.

პატრიარქის თქმით, 17 აპრილიდან ტაძრებთან ხალხური წამლების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. აღნიშნული წამლები, რა თქმა უნდა, რეგისტრირებული და შემოწმებული იქნება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced