Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ქადაგება წმ. იოანე ნათლისმცემლის შობის ხსენების დღეს

07/07/2011

მე მინდა შეგახსენოთ, რომ გუშინ და გუშინ წინ იყო  ვნებათაღელვა, იყო მიღებული კანონი რელიგიების სტატუსის შესახებ. რა თქმა უნდა მეც გამოვთქვი ჩემი აზრი და საპატრიარქომაც. მაგრამ ეს კანონი იმდენად მნიშვნელოვანია, იმდენად საშიში, რომ კანონმდებლებს უნდა ეფიქრათ - ათი, ასი წლის შემდეგ რა შედეგი მოყვება ამას. მე სულ ვამბობ, რომ  ჩვენ ანალიტიკური აზროვნება გვაკლია.  ანალიზი უნდა ვაკეთოთ არა მას შემდეგ, როცა საქმეს გავაკეთებთ, არამედ საქმის წინ, თუ რა შედეგი შეიძლება მოყვეს  ამას. ჩემი გამოსვლა, ჩემი სიტყვა და საპატრიარქოს სიტყვა თქვენ იცით. იქ არაფერი ისეთი არ არის. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ იმ რელიგიებს, რომელიც ჩვენთან არის, არ უნდა მიეცეს  სტატუსი, არამედ ჩვენ ვამბობდით იმას, რომ დავსხდეთ, მოვიწვიოთ მეცნიერები, მოვიწვიოთ სასულიერო პირები, სპეციალისტები და განვიხილოთ. სამწუხაროდ, ისე იჩქარეს კანონმდებლებმა, რომ ერთ დღეში მიიღეს ყველაფერი.

ჩემ სიტყვაში, რომლითაც მე მივმართე ხელისუფლებას და ხალხს, არავითარ შემთხვევაში არ არის არავითარი სომხების საწინააღმდეგო აზრი. მიუხედავად  სხვადასხვა საუბრებისა, ქართველები და სომხები იყვნენ და დარჩებიან ძმებად. ეს აუცილებელია. როცა უჭირდა,   ან უჭირს სომხებს, ჩვენ მუდამ ვეხმარებით მათ. როცა უჭირს ქართველებს, ისინი გვეხმარებიან ჩვენ. მე ვთქვი, რომ იმდენად რთული და საპასუხისმგებლო კანონია, რომ შეიძლება ბოროტად იყოს გამოყენებული, ცუდად იყოს გამოყენებული. ამიტომ ყველაფერი უნდა გაეთვალისწინებინათ. ეკლესიამაც უნდა მიიღოს მონაწილეობა  ამ განხილვაში, იმიტომ რომ ბევრ შემთხვევაში ეს ეკლესიასაც ეხება, სახელმწიფოსაც ეხება. ზოგიერთი ამბობს იმას, რომ რატომ  ეხება ეკლესია სახელმწიფო საქმეებს. ეგ არ არის მხოლოდ სახელმწიფო, ეგ არის საკითხი, რომელიც შეეხება მთელ ჩვენ ერს, ეკლესიასაც და განსაკუთრებით შეეხება სახელმწიფოს. და ის პროცესი, რომელსაც გუშინ მთელი დღე არჩევდნენ, დაძაბა ურთიერთობა რელიგიებს შორის. ეს არ შეიძლება. ქართველი ხალხი მუდამ იყო მფარველი სხვა მცირე ერებისა,  მცირე რაოდენობის ერებისა. ქართველი ადამიანი მუდამ იცავდა სომხებს, რუსებს, აზერბაიჯანელებს, ებრაელებს... თვითონ ებრაელები ამბობენ, რომ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც არ ყოფილა ანტისემიტიზმი. და მე გამახსენდა საბჭოთა კავშირის პერიოდი, ბოლო პერიოდი. თბილისში ჩამოვიდა   ახალგაზრდა ებრაელების ჯგუფი, მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს, რომ მოსკოვში ანტისემიტური გამოსვლებიაო. მე ვუთხარი მათ, რომ თუ საშიში იქნება,  ჩამოვიდნენ საქართველოში.  ჩვენი კარი ღია იქნება თქვენთვის. და მადლობა ღმერთს, რომ არავითარი საშიშროება არ მომხდარა.

 ამიტომ მე მინდა ვთხოვო ჩვენს პრეზიდენტს, რომ თავისი ვეტო დაადოს ამ კანონს იქამდე, სანამ ეს არ იქნება განხილული, შემოწმებული. მთავარი  პასუხისმგებლობა მაინც პრეზიდენტს ეკისრება და მე მინდა, რომ მშვიდად იყოს ჩვენი პრეზიდენტი და ჩვენი ქვეყანა.

მე  იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ღმერთმა დაგლოცოთ ! 

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყნები !

ღმერთმა დალოცოს ჩვენი ეკლესია !

ჩვენთან არს ღმერთი !

თუ ღმერთი ჩვენთან არის, ვინ რას დაგვაკლებს ?! 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced