Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

25 დეკემბერს ილია II –ის აღსაყდრებიდან 38 წელი სრულდება

25/12/2015

2015 წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II –ის აღსაყდრების 38 წლისთავი აღინიშნება.

“ღვთივკურთხეული ტახტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მუდამჟამს ერის სულიერი სიწმიდის ამაღლებას უნდა ემსახუროს, მშვიდობის იმ წმიდათაწმიდა საქმეს, რომელსაც განუხრელად მიჰყვება ჩვენი ქვეყანა”.

“ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემ თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა, ბედნიერებას მანიჭებს ფიქრი, რომ ეს მოწყალება და ქრისტეს მოძღვრების ერთგული ქართველი ერის მუდმივი თანადგომა შემმატებს ძალას, რათა განვახორციელო ყოველივე, რაც მაღალმა ღმერთმა დამისახა”.

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

1977 წლის 23 დეკემბერს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში გამართულმა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის XII ადგილობრივმა კრებამ განიხილა საქართველოს ეკლესიის ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის საკითხი, მიტროპოლიტი ილია ერთხმად დაადგინეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად და მას ილია II ეწოდა.

1977 წლის 25 დეკემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ტახტზე ახალი პატრიარქი ავიდა. უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრება მცხეთის საპატრიარქო ტაძარში შესრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ასეთი ახალგაზრდა კათოლიკოს-პატრიარქი არ ჰყოლია.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II, ერში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაურ-შიოლაშვილი დაიბადა 1933 წელს ძაუგში, ახლანდელ ვლადიკავკაზში, ქრისტიანულ ოჯახში.

შიოლაშვილები უძველესი ქართული გვარის – ღუდუშაურების განშტოებას წარმოადგენენ და როგორც გადმოცემითაა ცნობილი, ამ გვარის წარმოშობა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება.

საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქის მშობლების – გიორგი შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ახლადშექმნილი ოჯახი სნოში იწყებს ცხოვრებას. იმ პერიოდისთვის მეტად გაუჭირდათ, რის გამოც იძულებულები გახდნენ 1927 წელს ქ. ძაუგში (ვლადიკავკაზში) გადასულიყვნენ საცხოვრებლად.

უწმიდესი და უნეტარესი ილია II, სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს ძაუგის, ანუ ქ. ვლადიკავკაზის წმიდა ნინოს სახელობის ქართულ ეკლესიაში მოინათლა, მას მეფე ერეკლე II – ის პატივსაცემად ირაკლი დაარქვეს. ნათლობის საიდუმლო არქიმანდრიტმა ტარასიმ (კანდელაკმა) შეასრულა. ირაკლის, შემდგომში კი ილიას ნათლია მონაზონი ზოილე (დვალიშვილი) იყო, რომელიც ბედიის მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, ბოლო ხანებში კი – მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრის.

მონაზონ ზოილეს თავისი ნათლული ირაკლი ხშირად დაჰყავდა სამთავროს მონასტერში და ბავშვს, მშობლებთნ ერთად, ისიც შთააგონებდა ღვთისადმი რწმენასა და სიყვარულს.

1952 წელს ირაკლი შიოლაშვილმა ვლადიკავკაზის სკოლა დაამთავრა და იმავე წელს სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა და როგორც საუკეთესო სტუდენტი, მოსკოვის სასულიერო აკადემიის პირველ კურსზე ჩაირიცხა.

1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III –ის ლოცვა-კურთხევით, თბილისის წმიდა ალექსანდრე ნეველის ტაძარში, 24 წლის ირაკლი შიოლაშვილი მეუფე ზინობმა ბერად აღკვეცა და დიდი წინასწარმეტყველის -ილიას სახელი უწოდა.

1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ბერი ილია ხელდასხმულია იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკის ლოცვა-კურთხევით – მღვდელ-მონაზვნად მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის, ალექსის მიერ – წმიდა სერგის მონასტრის ტაძარში და დაჯილდოებულია ოქროს სამკერდე ჯვრით.

1960 წლის 19 დეკემბერს იგი აიყვანეს იღუმენის ხარისხში, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს – არქიმანდრიტის ხარისხში.

1967 წლის 1 სექტემბერს იგი დაინიშნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად, ხოლო 1969 წელს მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. 1977 წლის 9 ნოემბერს კი უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დავით V-ის გარდაცვალების შემდეგ, წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით, დაადგინეს პატრიარქის მოსაყდრედ. 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად. იმავე წლის 25 დეკემბერს მოხდა მისი ინტრონიზაცია. პატრიარქს მიეკუთვნა სახელი ილია II (ილია I საქართველოს ეკლესიას მართავდა 1600 წლის წინ, 390-400 წწ. -ში).

1978-1983 წწ. კათოლიკოს-პატრიარქი ილია II იყო ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი. იგი დაჯილდოებულია მსოფლიოს საპატრიარქოს, ანტიოქიის, იერუსალიმის, ალექსანდრიის, რუსეთის, საქართველოს, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის პატრიარქების, პოლონეთის, ჩეხოსლოვაკიისა და თითქმის ყველა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. ნიუ-იორკის სასულიერო აკადემიამ კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა. 1997 წელს მისი უწმიდესობა კრეტის სასულიერო აკადემიამ თავის საპატიო წევრად აირჩია. ამ წელსვე იგი დაადგინეს გაეროსთან არსებულ ინფორმატიზაციის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილ წევრად, 1998 წელს კი ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. ტიხონის საღვთისმეტყველო სემინარიამ ღვთისმეტყველების დოქტორის საპატიო წოდება მიანიჭა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უმთავრესი მიზანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იყო.

ღვთის შეწევნითა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულის დღეს, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია II-ს საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები.

ეს იყო უდიდესი გამარჯვება და სიხარული. ამ ამბავს გამოეხმაურა სრულიად საქართველო, როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღნიშნა, ეს იყო ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საზეიმო და საბოლოო აღიარება”.

ფოტო:ბადრი ვადაჭკორია

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced