სიახლეები
წმიდა დიდებული დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგი
23/11/2015
10 (23) ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს.
წმიდა დიდებული დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგი.
ყოველი ერი განსაკუთრებულ პატივს სცემს რომელიმე წმიდანს, ყოველ ერს ჰყავს თავისი განსაკუთრებული ზეციური მფარველი, რომელიც ლოცულობს ერისთვის და იფარავს განსაცდელთაგან.
წმიდა გიორგი არის საქართველოს განსაკუთრებული მფარველი. ისტორიიდან ცნობილია, რომ წმიდა გიორგი ხილულადაც იბრძოდა ქართველთა ლაშქარში (იხ. 26 იანვრისა და 18 სექტემბრის საკითხავებში).
საქართველოს ბევრ ევროპულ ქვეყანაში წმიდა გიორგის სახელის მიხედვით „გეორგიას“ ეძახიან, ჩვენთან ეკლესიების უმეტესი ნაწილი წმიდა გიორგის სახელზეა აგებული. „არა არიან ბორცვნი და მაღალნი გორაკნი, რომელსა ზედა არა იყოს შჱნნი ეკლესიანი წმიდისა გიორგისანი“, - წერს ვახუშტი ბატონიშვილი.
საქართველოში წელიწადის ყოველ დღეს იზეიმებოდა გიორგობა, რომელიც წმიდანის სახელობის რომელიმე ტაძართან, ხატთან ან მის მიერ აღსრულებულ სასწაულებთან იყო დაკავშირებული. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული.
10 (23) ნოემბერს აღინიშნება წმიდანის ბორბალზე წამების დღე, რომელიც, გადმოცემით, წმიდა ნინოს დაუდგენია დღესასწაულად. ცნობილია, რომ წმიდა ნინო ნათესავი იყო წმიდა გიორგისა, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას და თავის მოქცეულ ქვეყანასაც უანდერძა დიდმოწამის სიყვარული.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
ტროპარი: ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
ტროპარი: ნათელ-ჰყავ შვიდ-წილ სამყარო ახოვნად, ღუაწლნი რა თავს ისხენ, დიდო მოწამეთო მთავარო მხნეო გიორგი; ამისთვის გევედრებით: გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაში ღმრთისა.
ტროპარი: იღუაწე შენ ფრიად ქრისტესთვის და სარწმუნოებისა მისისა, და ვნებანი იგი ფიცხელნი დაითმინენ, და ამხილე მძლავრთა ურმრთოებასა, ხოლო მსხვერპლად ღმრთისა კეთილშეწყნარებულად შეიწირე; ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა მიიღე და აწ მეოხებითა შენითა, წმინდაო მოწამეო გიორგი, მოგვანიჭებ ყოვალთა ცოდვათა მოტევებასა.
კონდაკი: მოიმუშკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















