სიახლეები
წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე
11/09/2015
29 (11.09) აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს.
თავისკვეთა პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა და ნათლისმცემელისა იოანესი.
გალილეის მმართველმა, ჰეროდე ანტიპამ იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩააგდო. წმიდა წინასწარმეტყველი ჰეროდეს დაუფარავად ამხელდა კანონიერი ცოლის, არაბეთის მეფის, არეთას ასულის დაგდებისა და თავისი ძმის, ფილიპეს მეუღლესთან, ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო (ლკ. 3, 19-20).
ჰეროდემ თავის დაბადების დღეს დიდებულებს, უხუცესებსა და ათასისთავებს ვახშამი განუმზადა. ჰეროდიადას ასული სალომეა როკვიდა სტუმრების წინაშე, რითაც ჰეროდეს დიდად ასიამოვნა. მოხიბლულმა მმართველმა ქალს ფიცით აღუთქვა, რომ უბოძებდა ყველაფერს, რასაც ითხოვდა, თუნდაც ნახევარი სამეფო ყოფილიყო. ბილწმა მოცეკვავემ თავისი ბოროტი დედის, ჰეროდიადას შეგონებით, ლანგარზე დადებული იოანე ნათლისმცემლის თავი მოითხოვა. ჰეროდე დამწუხრდა - ეშინოდა ღვთის რისხვისა იმ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის, რომელსაც ადრე თავადვე უსმენდა. ეშინოდა ხალხისაც, რომელსაც უყვარდა წინამორბედი უფლისა; მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, წმიდანისთვის თავი მოეკვეთათ და სალომეასთვის მოერთმიათ. გადმოცემით, სინანულის ქადაგის მოკვეთილი თავის ბაგეები კიდევ ერთხელ განიხვნა და წარმოთქვა: „ჰეროდე, შენ არ უნდა გესვას შენი ძმის, ფილიპეს ცოლი“. სალომეამ ლანგარი თავის დედასთან მიიტანა. გახელებულმა ჰეროდიადამ ნემსით დაჩხვლიტა წინასწარმეტყველის ენა და წმიდა თავი უწმინდურ ადგილას დაფლა. მაგრამ კეთილმსახურმა იოანამ, ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქოზას ცოლმა სიწმიდე ამოთხარა, თიხის ჭურჭელში ჩაასვენა და ელეონის მთაზე - ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში დაკრძალა. იოანე ნათლისმცემლის წმიდა გვამი კი მისმა მოწაფეებმა იმავე ღამეს მიაბარეს მიწას სებასტიაში, იქ, სადაც ბოროტმოქმედება აღესრულა. წმიდა იოანეს მკვლელობის შემდეგ ჰეროდე რამდენიმე ხანს კიდევ აგრძელებდა მმართველობას. სახარებიდან ჩანს, რომ იუდეის მმართველმა, პონტოელმა პილატემ მასთან ბორკილდადებული იესო ქრისტე გაგზავნა, რომელიც შეურაცხყო ჰეროდემაც და მისმა ერმაც (ლკ. 23.7-12).
ღვთის სამსჯავრო ჰეროდეს, ჰეროდიადასა და სალომეასთვის მათი მიწიერი ცხოვრების დროსვე აღესრულა. სალომეას ზამთარში, მდინარე რიკორისზე გადასვლის დროს, ყინული ჩაუტყდა და ქვეშ მოექცა. ყინულმა იგი ისე ჩაიჭირა, რომ ტანით წყალში იყო ჩაკიდული, თავი კი ყინულის ზემოთ ჰქონდა დარჩენილი. ასე ეკიდა მანამ, სანამ ბასრმა ყინულმა კისერი არ გადაუჭრა. გვამი ვერავინ იპოვა, ხოლო თავი კი, როგორც ოდესღაც წმიდა იოანე ნათლისმცემლისა, ჰეროდესა და ჰეროდიადას მიუტანეს. არაბეთის მეფე არეთამ, თავისი ქალიშვილის შერცხვენისთვის შური რომ ეძია, ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა. განრისხებულმა გაიუს კალიგულამ (37-41) იგი შეიპყრო და ჰეროდიადასთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი - ესპანეთში გადაასახლა, სადაც ისინი უეცრად გაპობილ მიწაში დაინთქნენ.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
ტროპარი: ხსენება მართლისა ქებით აღესრულებით, ხოლო შენდა კმა არს წამება უფლისა, წინამორბედო, რამეთუ ჭეშმარიტად გამოსჩნდი უდიდებულეს წინასწარმეტყველთა და რამეთუ ქადაგებულსა მას შენ მიერ, წყალთა შინა ღირს იქმენ ნათლისცემად და იწამე ჭეშმარიტებისათვის, და სიხარულით ახარე მყოფთა ჯოჯოხეთისათა ღმერთი, ხორითა და სიხარულით ახარე გამოჩინებული, და აღმხმელი ცოდვათა სოფლისათა, რომელი მოგვანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.
კონდაკი: წინა-მორბედისა დიდებულისა თავის კვეთა, განგებულება იქმნა საღმრთო, რათამცა მყოფთა ჯოჯოხეთისათა უქადაგოს მოსლუაჲ მაცხოვრისა, გოდებდინ აწ იროდიადა უსჯულოსა მისთჳს მკულელობისა, რამეთუ არა შეიყუარა სჯული ღმრთისა ცხოველისა, არცა სუფევა საუკუნო, არამედ საწუთო ესე ამაო.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















