სიახლეები
ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი - ღირს არსი
24/06/2015
ათონზე, კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარეასის მონასტერში იმყოფება ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც "ღირს არსი" ეწოდება. იგი მოთავსებულია ამ სავანის მთავარ ტაძარში, საკურთხეველში, მაღალ დასაჯდომელზე და ერთი მოვლენის გამო განსაკუთრებით არის განდიდებული: ერთი მღვდელ-მონაზონი მორჩილთან ერთად კარეასის ახლოს განდეგილურად ცხოვრობდა. ისინი იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში ტოვებდნენ სენაკს. ისე მოხდა, რომ ერთხელ, აღდგომის დღეს, ღამისთევაზე დასასწრებად ბერი კარეასის ეკლესიაში წავიდა. მოწაფე სენაკის სადარაჯოდ დარჩა და მისგან ბრძანება მიიღო, რომ მსახურება შინ აღესრულებინა. დაღამებისთანავე მან კაკუნი გაიგონა. როდესაც კარი გამოაღო, დაინახა უცნობი ბერი, რომელიც პატივითა და თავაზით მიიღო. როცა ღამისთევის ლოცვის აღსრულების დრო დადგა, მათ ერთად დაიწყეს გალობა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვის დროს ორივე ღვთისმშობლის ხატის წინაშე დადგა და კოსმა მაიუმელის ძველი საგალობელი წამოიწყეს - „უპატიოსნესს ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა...“ და ა.შ., მაგრამ საოცარმა სტუმარმა თქვა: „ჩვენთან ასე არ ადიდებენ ღვთისმშობელს. ჩვენ ჯერ ასე ვგალობთ: „ღირს არს ჭეშმარიტად რათა გადიდებდეთ შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა“ და მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა“. ახალგაზრდა ბერს გული აუჩუყდა, როცა ჯერ არსმენილი გალობა გაიგონა და სტუმარს ვედრება დაუწყო, რომ ღვთისმშობლის ამგვარი დიდება მისთვისაც ესწავლებინა, მაგრამ სენაკში არც მელანი და არც ქაღალდი არ აღმოჩნდა. მაშინ სტუმარმა უთხრა: „მაშინ მე შენთვის ამ ქვაზე დავწერ, შენ კი ისწავლე, ასე იგალობე და ყველა ქრისტიანს ასწავლე, რომ მათაც ამგვარადვე ადიდონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი“. საოცარი სტუმრის ხელში ქვა ცვილივით დარბილდა და სიტყვები ღრმად ამოიკვეთა. როცა ქვაზე გალობა დაწერა, სტუმარმა იგი მორჩილს მისცა, საკუთარი თავი გაბრიელად მოიხსენია და მსწრაფლ უხილავი გახდა. მორჩილმა მთელი ღამე ღვთისმშობლის ხატის წინ, მის ქება-დიდებაში გაატარა და დილისთვის ღვთაებრივ საგალობელს ზეპირად ამბობდა. კარაესიდან დაბრუნებულმა ბერმა იგი ამ საოცარი გალობისისას იხილა.
მორჩილმა მას ქვა აჩვენა და რაც მოხდა, ყველაფერი უამბო. ბერმა ამის შესახებ წმიდა მთის საკრებულოზე განაცხადა. ბერებმა ერთხმად ადიდეს უფალი და დედა ღვთისას ახალი საგალობელი იგალობეს. მას შემდეგ ეკლესია მთავარანგელოსის გალობას, „ღირს არსს“, აღავლენს, ხოლო ხატი, რომლის წინაშეც მთავარანგელოზმა ეს საგალობელი აღასრულა, კარეასის ტაძარში გადააბრძანეს. მთავარანგელოზის მიერ ამოკვეთილი ფილა წმინდა პატრიარქის, ნიკოლოზ ქრიზოვერხის (938-996 წწ.), დროს, რომან-უმცროსის ვაჟების, ბასილისა და კონსტანტინეს, ზეობის ჟამს, კონსტანტინეპოლში გადაიტანეს; ხოლო ის სენაკი ათონზე დღემდე ”ღირს არსის” სახელით არის ცნობილი. პეტერბურგში, გალერების ნავსადგურში, აიგო მოწყალე ღვთისმშობლის დიდებული ხუთგუმბათიანი ტაძარი, სადაც ათონიდან გამოგზავნილი ღვთისმშობლის ხატია დაბრძანებული.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















