სიახლეები
საპატრიარქოს საჩუქარი მრავალშვილიან ოჯახს
20/06/2015
საქართველოს საპატრიარქომ 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ ენუქიძეების მრავალშვილიან ოჯახს სამოთახიანი ბინა აჩუქა. ოჯახი წყნეთის ხევში ცხოვრობდა და სტიქიის დროს ოჯახის უფროსი დაიღუპა.
საპატრიარქოში ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ვაკის გამგებელი ლაშა აბაშიძე.
როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ განაცხადა, ბოლო დღეებში საქართველოს დიდი მწუხარება ეწვია.
"მე მინდა, გავიხსენო ძველი აღმოსავლური გამოთქმა, "მწუხარებავ, შე საწყისი ხარ სიხარულის, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარების". მწუხარების დროს, რომელიც ბოლო დღეებში გვეწვია საქართველოს, ჩვენ დავინახეთ ჩვენი ხალხის, ჩვენი ახალგაზრდობის ერთსულოვნება. ჩვენი ხალხი არ იშურებს არაფერს იმისთვის, რომ დაეხმაროს გაჭირვებულ ადამიანებს", - განაცხადა პატრიარქმა.
მისივე თქმით, არის ერთი ცნობილი ოჯახი, ჯულიეტა ხოფერიას ოჯახი, რომლის შვილიც აქ ცხოვრობს. მან საპატრიარქოს საჩუქრად ბინა გადასცა, საპატრიარქომ კი მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ბინა დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს გადასცეს.
პატრიარქის განცხადებით, ეს ბინა მდებარეობს ჭავჭავაძის პროსპექტზე და ერთ-ერთი საუკეთესო ბინაა თბილისში.
"მე მოხარული ვარ, რომ ბავშვები გაიზრდებიან ამ ბინაში და ექნებათ თავშესაფარი. ჩვენმა დედებმა ასევე მოამზადეს ხუთი კომპლექტი ლოგინი, ღვთისმშობლის ხატი, რომელიც პირველი უნდა შევიდეს ამ ბინაში თქვენთან ერთად. პირველი ხარჯებისთვის მოგიმზადეთ 1000 ლარის სახარჯო ფული”, - მიმართა პატრიარქმა ოჯახის წევრებს.
ამის შემდეგ ილია მეორემ პრემიერ-მინისტრს სთხოვა, ოჯახისთვის გასაღები მას გადაეცა, შესაბამისად ირაკლი ღარიბაშვილმა ენუქიძეების ოჯახს გასაღები გადასცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















