სიახლეები
გილოცავთ ნიკოლოზობას!
22/05/2015
მართლმადიდებელი ეკლესია ორჯერ აღნიშნავს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს: 6 დეკემბერს, როცა იგი გარდაიცვალა და 9 მაისს, როცა მირონიდან ბარში გადაასვენეს მისი წმინდა ნაწილები (ორივე თარიღი მოცემულია ძველი სტილით).
წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მაშინ ეს მხარე რომის იმპერიის კუთვნილება იყო. მძიმე დევნას განიცდიდა ქრისტეს მებრძოლი, ახლადდაარსებული ეკლესია. რომის იმპერატორმა ვალერიანმა, წარმართული ღმერთების ერთგულმა თაყვანისმცემელმა, მთელს იმპერიაში გასცა განკარგულება, რომ ედევნათ ქრისტიანები. დევნას განიცდიდნენ არა მარტო ღვთისმსახურნი, ერის ხალხიც. მათ თავიანთ მწყემსმთავრებთან ერთად აწამებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. სწორედ ამ დროს დაიბადა წმინდა ნიკოლოზი.
მის მშობლებს თეოფანეს და ნონას დიდხანს არ ჰყავდათ შვილი. ისინი ძალიან მდიდრები იყვნენ და თავიანთი ქონებიდან გაჭირვებულთათვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ამის გამო ადამიანთა სიყვარულითა და პატივისცემით იყვნენ გარემოსილნი. ამ სათნოებისათვის და ღვთისმოშიში ცხოვრებისათვის, აგრეთვე გულმხურვალე ლოცვისათვის ღმერთმა მათ ვაჟი უბოძა, მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი.
სასწაულთმოქმედების უნარი წმინდა ნიკოლოზმა შობიდანვე გამოამჟღავნა. ნათლობისას ჩვილი ნიკოლოზი დამოუკიდებლად იდგა ემბაზში რამდენიმე საათის განმავლობაში.
დედის რძეს კი ოთხშაბათობითა და პარასკევობით მხოლოდ საღამო ხანს მიირთმევდა. სიყრმიდანვე უყვარდა სახარების კითხვა, ტაძარში სიარული და დიდ დროს უთმობდა გულმოდგინე ლოცვებს. მშობლებიც უწყობდნენ ხელს ბიჭს ასეთი ხასიათის ჩამოყალიბებაში. ისინი არა მარტო სახლში, გზაშიც კი არ წყვეტდნენ ნიკოლოზის ქრისტიანულ აღზრდას და მათი სწავლება ისე მტკიცედ გაუჯდა ბავშვს, რომ ბავშვობიდანვე შეიყვარა გლახაკები. არასდროს ისე არ ჩაუვლიდა, სანუგეშო სიტყვა რომ არ ეთქვა და მოწყალება არ მიეცა მათთვის.
ყრმობისას მხოლოდ სახარებისადმი ლტოლვას ამჟღავნებდა, არ ერეოდა ამხანაგთა უაზრო საუბრებსა და გართობებში, სახეზეც კი არ უყურებდა მათ. ამის შემხედვარე ბიძამ, პათარას ეპისკოპოსმა, დაარწმუნა მშობლები, მიეცათ შვილი ღვთის სამსახურში და მათი ნებართვით აიყვანა იგი მღვდლის ხარისხში.
მისი ხელდასხმისას ეპისკოპოსმა ასე მიმართა ხალხს:
- მე ვხედავ ახალ ამომავალ მზეს დედამიწაზე, ტკბილ მანუგეშებელს მწუხარეთა და ტანჯულთათვის. ბედნიერია ის სამწყსო, რომელსაც იგი დამწყემსავს. იგი განამტკიცებს მათ რწმენაში, ასწავლის სათნო და ღვთისმოშიშ ცხოვრებას, იქნება ყველა გაჭირვებულის შემწე.
და მართლაც წმინდა ნიკოლოზმა მთელი თავისი ცხოვრებით აღასრულა ბიძის ეს წინასწარმეტყველური სიტყვები. მას არასდროს შეუწყვეტია ტანჯულთა შემწეობა, დამცირებულთა და უსუსურთა განმტკიცება, სათნო საქმეების კეთება. მღვდელთმთავრობისას კი უფრო მკაცრ მოსაგრეობას ეწეოდა, იყო განუწყვეტლივ მღვიძარებაში, მკაცრ მარხვასა და ლოცვაში, სულ უფრო მაღლა და მაღლა იწევდა სრულყოფილების საფეხურებზე, სულ უფრო უახლოვდებოდა უსხეულო მდგომარეობას.
კარგა ხანს იცხოვრა მღვდელმთავარმა თავის სამწყსოსთან ერთად. დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, თავადაც მაგალითი იყო ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. ჩაგრულნი მასში პოულობდნენ მსწრაფლშემწეს და მცველს, უბედურნი - მწყალობელს და ნუგეშინისმცემელს; მასთან მოსაუბრენი რწმენაში მტკიცდებოდნენ, წარმართნი სამუდამოდ უარყოფდნენ წარმართობას და ქრისტეს რწმენის მიმდევრები და აღმსარებლები ხდებოდნენ.
წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული (85 წლისა) გარდაიცვალა. მის დაკრძალვას მრავალი ადამიანი დაესწრო. მისი სხეული საზეიმოდ დაკრძალეს ქალაქის საკათედრო ტაძარში. მისი უხრწნელი ნაწილები მაშინვე გამოსცემდნენ კეთილსურნელებას და მირონს. მისი შეხებით სნეულნი იკურნებოდნენ. მრავალი საოცრებანი ხდებოდა მის კუბოსთან. ამის შესახებ ამბები სწრაფად გავრცელდა მთელს ქვეყანაში და იწყო დენა მლოცველთა ტალღამ ტაძრისაკენ.
წმიდა სასწაულთმოქმედი სიკვდილის შემდეგაც არ სტოვებს თავის სამწყსოს, დღესაც მფარველობს მწუხარეთ და ტანჯულთ, განსაცდელში მყოფთ, მძიმე სნეულთათვისაც კვლავ წარმოადგენს კურნების უშრეტ წყაროს. სიკვდილის შემდეგ მამა ღმერთმა მეტი სასწაულთმოქმედების ნიჭი უბოძა. მისი ამქვეყნიური ცხოვრება მხოლოდ დასაწყისი იყო იმ მრავალრიცხოვანი საოცრებებისა, იმ სიკეთისა და სათნოებებისა, რომელთა კეთებასაც იგი დღესაც განაგრძობს.
1086 წელს თურქებმა ააოხრეს ბერძნული ქალაქები და სოფლები, დაესხნენ ლუკიის მხარეს და სხვა ქალაქების მსგავსად მირონიც გაძარცვეს. ნაწილი მისი მაცხოვრებლებისა დახოცეს, ნაწილი ტყვედ წაიყვანეს. ის ეკლესიაც გაიძარცვა, სადაც წმინდა ნიკოლოზის სათნო ნაწილები იყო დასვენებული. ჟამთააღმწერელი თეოფანეს მიხედვით, ერთმა თურქმა ჰუმეიდმა გადაწყვიტა წმინდანის აკლდამის გატეხვა, მაგრამ მხოლოს წმინდანის გვერდზე არსებული სამარხის გატეხვა შესძლო. როგორც კი წმინდანის ლუსკუმისკენ გაეშურა, ატყდა ჭექა-ქუხილი და დაილეწა გემები. ჰუმეიდი შიშისაგან იქაურობას გაეცალა.
გამოეცხადათ ქრისტიანებს წმინდა ნიკოლოზი და უთხრა:
- გადაიტანეთ ჩემი ნაწილები ქალაქ ბარში, რადგან ღმერთს არ სურს მათი ამ ქალაქში დატოვება.
ბარელებმა დიდად გაიხარეს ამ ამბით. დაუყოვნებლივ აღჭურვეს სამი გემი, რითაც მღდველმსახურნი გაემგზავრნენ მირონში მორწმუნეებთან ერთად. ლუსკუმის გახსნისას ნაწილებიდან მირონი გადმოდინდა. ჩაასხეს ისინი ჭურჭლებში, დაასვენეს გემზე წმიდა ნაწილები და ბარში გამოემგზავრნენ. ეს მოხდა 1087 წლის 9 მაისს. წმიდა ნაწილები წმინდა იოანე წინამორბედის სახელობის ეკლესიაში დაასვენეს. მაშინვე იწყო სასწაულების მოხდენა. ბევრი კოჭლი, ბრმა და ხეიბარი განიკურნა მათთან შეხებით. ასეთი სასწაულებით გაოცებულმა ბარელებმა იწყეს ღვთის სათნო ნიკოლოზის ნაწილებისთვის ძვირფასეულობის შეწირვა და ჩაუყარეს საფუძველი ახალ დიდ ეკლესიას წმინდანის სახელზე. სამი წელი შენდებოდა ეკლესია, შემდეგ გააკეთეს ახალი ლუსკუმა, შეამკეს, გაამშვენეს ძვირფასი თვლებით, გადმოასვენეს იგი ახალ ტაძარში საკურთხევლის მხარეს, რამდენიმე წლის შემდეგ კი წმინდა ტრაპეზის ქვეშ დაასვენეს. მირონით სავსე ძველი ლუსკუმა ცხედრის მცირე ნაწილით ტაძრის შუაგულში დაასვენეს მლოცველთა თავყანსაცემად. ორივე ეს გადმოსვენება 9 მაისს მოხდა.
წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულით სარგებლობს ხალხში, მას სასოებით უხმობს ყველა გასაჭირისას და იგიც მსწრაფლ შეეწევა ხოლმე მათ.
წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ტრაპეზთან დღესაც არის ვერცხლით მოჭედილი ლუსკუმა, რომლის საფეხურები მოფენილია სწორი და სუფთა მარმარილოს ფილებით; თავსახურზე კი ვერცხლის 50-მდე კანდელია განლაგებული. ტრაპეზს გარშემო მარმარილოს მოაჯირი აქვს შემოვლებული. მოაჯირს იქით დევს მირონით სავსე თასი, რომელიც გადმოედინება წმიდა ნიკოლოზის ნაწილებიდან. მასთან დროდადრო მიდის მღვდელმსახური და აქ მოსულ ადამიანებს ჯვრისებურად სცხებს შუბლზე ამ კეთილსურნელოვან მირონს. იქვე მოთავსებულია წმინდა ნიკოლოზის მშრალი ნაწილები, რომელთა შეხებაც ხარიხის იქიდან შეუძლიათ მლოცველებს.
წმინდა ნიკოლოზის ტროპარი: კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო დიდო მღვდელმთავარი ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















