სიახლეები
ამაღლება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
21/05/2015
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა.
აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.
აღდგომიდან მე-40 დღეს კი გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.
საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.
ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი კაცი, თეთრად მოსილნი რომელთაც უთხრეს: „კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად“ (საქ. მოც. 1, 11), მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში, სულიწმიდის მომლოდინენი, განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.
მაცხოვრის ამაღლების მნიშვნელობა რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ.
პირველი - მოვლენის ონტოლოგიური მხარეა: ძე ღვთისამ მიიღო ადამიანური ბუნება, რომელიც ზეცად აამაღლა და საღმრთო დიდებას აზიარა. იოანე ოქროპირის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი ანგელოზს მიამსგავსა, ადამიანი შეერთო უხორცოთა დასს, იგი მიწისთვისაც კი უღირსი - ზეცაში დამკვიდრდა. კაცთა ბუნება, რომლისაგანაც ქერუბიმები სამოთხეს იცავნდნენ, თვით ქერუბინებზე აღმატებული გახდა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებით მოხდა ცისა და მიწის შეერთება, ზეციურისა და მიწიერის შერიგება. ამაღლებით რეალურად განცხადდა ძველი აღთქმისეული წინასწარმეტყველება: „ამაღლდა ღმერთი ღაღადებითა და უფალი ხმითა საყვირისაითა“ (ფს. 46, 5); ამაღლების შემდგომ, პავლე მოციქულის თქმით, „ჩუენი მოქალაქეობაი ცათა შინ არს“ (ფილ. 3, 20).
უფლის ამაღლებას აქვს ესქატოლოგიური მნიშვნელობაც, რადგან სწორედ ამაღლება იყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული, ხოლო მისი მეორედ მოსვლა კაცობრიობის მიწიერი მყოფობის დასასრული იქნება. ამაღლებას ზნეობრივი მნიშნვნელობაც გააჩნია. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მიწას, არამედ ზეცასაც ვეკუთვნით, რომ ჩვენ ვეკუთვნით დროსაც და მარადისობასაც, მატერიასაც და სულსაც და მიწიერი ცხოვრების დროს ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველივე მიწიერზე და მდაბალზე.
სარწმუნოების სიმბოლოში (მრწამსში) ვკითხულობთ: „და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღვთისა და მამისა“. რას ნიშნავს ეს სიტყვები? ღმერთი ხომ დროისა და სივრცის მიღმიერია? როგორ უნდა გავიგოთ ეს ანთროპომორფისტული მეტაფორა? როდესაც იმპერატორი თანამმართველს ირჩევდა, ან მისი ვაჟი სრულწლოვანი ხდებოდა - მაშინ განსაკუთრებული რიტუალი - ინტრონიზაცია ტარდებოდა. სასახლის დარბაზში ორ ტახტს დგამდნენ. ერთზე ჯდებოდა იმპერატორი, მეორეზე, მარჯვენა მხარეს თანამმართველი. მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებასა და ძალაუფლებას ნიშნავდა. ამდენად, აღნიშნული სიტყვები მამა ღმერთისა და ძე ღმერთის თანაბარ ძალაუფლებაზე მიუთითებს. ეს სახე-სიმბოლო კიდევ უფრო წარმოაჩენს ამაღლების აქსიოლოგიურ მნიშვნელობას: ღმერთკაცის სახით მთელ კაცობრიობას დაუსრულებელი სულიერი აღმასვლის შესაძლებლობა მიეცა.
ქრისტე გაშლილი, მაკურთხეველი ხელებით ამაღლდა ზეცად. ელეონის მთასთან მდგარი მოწაფეები პირველ ქრისტიანულ ეკლესიას წარმოადგენდნენ. სიყვარულითა და იმედით აღსავსე ეს ეპიზოდი არის ნიშანი და აღთქმა იმისა, რომ კურთხევა ღვთისა მუდამ ჰგიებს ეკლესიაში.
წმ. იოანე ოქროპირი ამაღლების შესახებ
სამი უჩვეულო სასწაული, ჟამიერების დასაბამიდან უცნობი და ჩვენს ბუნებაზე აღმატებული, თანაშეიწნა და ჰგიეს დაურღვევლად და შეურყევლად, რადგან სამკეცი თოკი ადვილად არ გაწყდება. ესენია: უქორწინებელი დედის მშობიარობა, სამდღიანი ვნებისგან აღდგომა და ხორცის ცათა მიმართ ამაღლება.
უწყოდა ჟამიერებამ ბერწნი, რომლებმაც შვეს, მაგრამ - არა ქორწინებისეული კავშირის გარეშე; უწყოდა მან მკვდრები, რომლებიც გაცოცხლდნენ, მაგრამ - არა დაუსრულებელ სიცოცხლეში; უწყოდა მან წინასწარმეტყველი, რომელიც ამაღლდა, მაგრამ - თითქოსდა ცაში. სიტყვა „თითქოსდა“ აღნიშნავს ჭეშმარიტებისგან განსხვავებულს, რადგან ელიამ ადგილს ადგილი შეუნაცვლა, მაცხოვარი კი იქ ავიდა, საიდანაც ჩამოვიდა და ამას შეჰყურებდა მრავალი კაცი და ქალი, ვიდრე არ მოუძლურდა სიმაღლეს შეკერტებული მზერა. ანგელოზებიც თანაემოწმებოდნენ ამ სანახაობას და მეორედ მოსვლასაც მაუწყებლობდნენ, რადგან თქმულია:
„და აჰა, ორი კაცი წარმოუდგათ მათ თეთრ სამოსელში, რომლებმაც ასე უთხრეს: კაცნო გალილეველნო, რად დგახართ ცას შემყურენი? ეს იესო, ცად ამაღლებული თქვენგან, იმგვარადვე მოვა, რა სახითაც ნახეთ იგი ცისკენ მავალი“ (საქმე 1. 10-11).
ჰოი, რაოდენი იღვაწა მან, სახიერმა, უკეთურ მონათა გამო! ჩამოვიდა ცათაგან; ავიდა ცათაკენ; კვლავ მოვა ცათაგან. მაგრამ მოვა როგორ? არათუ სხვა ჰიჰოსტასში გადასული, არამედ - ხორცის სახეში, ადამიანურ დასახულობაში; არათუ, ცხადია, მდაბალთა მოქმედი, როგორც პირველად, არათუ ნავში მძინარე, არათუ დაღლილობისგან წყურვილით პყრობილი ჭასთან, არათუ ვირის ჩოჩორზე მჯდარი, არამედ ღრუბლის სახოვან ეტლზე დაბრძანებული, არა მებადურთა მხმობელი, არამედ ანგელოზთაგან დაფარული, არა მსაჯულის დალიჭთან მდგარი, არამედ - კიდით კიდემდე მსოფლიოს განმსჯელი თვითვე და მებადურებისთვისაც კი მსაჯულის უფლებამოსილების მიმნიჭებელი, როგორც გვასწავლის თავადაც, რაჟამს ეუბნება მოწაფეებს:
„როდესაც დაჯდება ადამიანის ძე თავისი დიდების ტახტზე, დასხდებით თქვენც თორმეტ ტახტზე და განსჯით ისრაელის თორმეტ ტომს“ (მათე 19.26).
იუდეველებს კი ასე მიმართავს:
„თუ მე ბელზებულის მიერ განვაგდებ ეშმაკებს, თქვენი შვილები ვის მიერ განაგდებენ? ამის გამო ისინი თქვენი მსაჯულები იქნებიან“ (მათე 12.27).
თვით მოწაფეებიც იუდეველთაგან იყვნენ, მაგრამ ისინი იუდეველებისას არ იზრახავდნენ, არამედ თავის მონათესავე უფლისმკვლელებზე უფრო ქრისტეს ვნებებს და წყლულებს მიაგებდნენ პატივს.
დიდი საკვირველებაა, უჩვეულო სასამართლოა ეს სახილველი: მებადური განსჯის, ფარისეველი კი განისჯება. კარვის მკეთებელი სიტყვახსნილად მჯდომარეა, მღვდელთმთავარი კი კვნესით იღებს სასჯელს.
რად ურტყეს მეუფეს სახეში, თავზე რად სცეს მას მუშტი, ბოლოს - რად მოკლეს მემკვიდრე სავენახის გარეთ? რად დაატყვევეს მათ პეტრე, რად დააწყლულეს პავლე? უცნაურმა მღვდელთმთავარმა ანანიამ ხომ ისიც უბრძანა მის მსახურთ, პირში ერტყათ პავლესთვის, იმ პირში, რომელიც იყო პირი მაღლისა, პირი ჭეშმარიტებისა, აჟღერება სიცოცხლისა, - უძლიერესი ყველა საყვირზე, უმწყობრესი ყველა ჰარმონიაზე, ორღანო ქრისტესი, სალამური სულისა, - რადგან რაც სულს ესათნოებოდა, ის იქადაგა პავლემ თავისი ენით. ვფიქრობ, დავითი პავლეს პირით ამბობს: „ენა ჩემი - კალამი სწრაფმწერი მწიგნობრისა“ (ფს. 44.2). როგორ განჭვრიტა პავლემ წინასწარ ის სასჯელი, რაც ანანიას მოელოდა? „ღმერთი განიზრახავს შენს ცემას, შეთეთრებულო კედელო“ (საქ. 23.3). „შეთეთრებული კედელი“ ესაა გალამაზრებული საფლავი, გარედან მყრალი, შიგნიდან მკვდარი.
ამგვარად, რადგან გველოდება ნასაქმევთა გამო სიტყვის მიგება და მსოფლიო სასამართლო, სადაც მოგვეთხოვვბა ყოველივე ის, რაც იგავთა მიერ გაგვიცხადა უფალმა (თუ როგორ მოვიხმარეთ ტალანტები, თუ რატომ უარვყავით საიდუმლო ქორწილი, როგორ ვატარეთ საქორწინე ლამპარი, როგორ აღვაორძინეთ თესლი, როგორი ნაყოფი შევძინეთ სავენახეს და სხვა), ამიტომ ტალანტად ვაქციოთ ცხოვრება, შევცვალოთ ის, რაც ამცხოვრებისეულია; ნუ ვივაჭრებთ ვერცხლით, ნუ მოვიხვეჭთ ოქროს, ნუ ვიქნებით სულთამხუთავი მევალეები, რადგან ამას ყოველივეს განეკრძალვის თვით მსაჯულიც, არამედ ვზრდიდეთ ღარიბებს, გვიყვარდეს უცხონი, ღვთისადმი ვხმობდეთ და აღვასრულებდეთ ყოველივე იმას, რასაც ძალუძს დააცხროს მსაჯულის რისხვა. ისწავლე უცხოთმოყვარეობის სარგებელი, მზერა მიაპყარ აბრაამს, აწონ-დაწონე ნინეველთა ვედრების სიკეთე, განჭვრიტე ის საუნჯე მოწყალებისა, ტაბითას რომ ჰქონდა, რომელიც უსულოდ იყო დადებული საწოლზე და საფლავში ჩამარხვა ელოდა, მაგრამ ქვრივები გარს შემოერტყნენ პეტრეს, უჩვენებდნენ, გარდაცვლილისგან რაც ბოძებული ჰქონდათ და, ასე, ჯოჯოხეთიდან ამოიტაცეს მკვდარი (საქ. 9.39 და შემდეგ).
ამრიგად, თუ მკვდარი სხეული ქვრივთა ცრემლებმა გააცოცხლეს (ცხადია, რომ იგი კვლავ მოკვდებოდა), როგორ გგონია, სიკეთეთა ნაცვალგების ჟამს რაოდენს მიანიჭებს მსაჯული მათ, რომლებმაც უშურველი მარჯვენით იღვაწეს გლახაკთა დაპურება და არ უგულებელყვეს ღარიბთაგან დასტური?
დიახ, მაშინ იქნება წარუწყმედელი საბოძვარი, რაჟამს აღარ დადგება სიკვდილი შუაში, არამედ მარადიულად განივრცობა სიცოცხლე, რადგან თქმულია: „საყვირს დასცემს და ქრისტეში აღდგებიან მკვდრები, უხრწნელნი“ (I კორ. 15.52) და უცვლელნი, მეუფის მსგავსად, და როგორც მიიღო იგი ღრუბელმა, ასევე ჩვენც, პავლეს თქმისებრ, „ღრუბლებში ავიტაცებით“ (I ითეს. 4.16) და როგორც აღვიდა იგი საყვირის ხმაში და ხმიანობაში, ამავე სახით ჩვენც ძილის მსგავსად განვიშორებთ სიკვდილის ღრუბელს მთავარანგელოზური საყვირის მიერ და ცხოვრების წინამძღვარს თანაშევერთვით, „და ასე, როგორც თქმულია, მარადის უფალთან ვიქნებით“ (იქვე), ყველანი, რომლებიც უფლისას ვიზრახავთ და ვიცავთ მის მცნებებს. მოხდეს ისე, რომ ყველა ჩვენგანი ეღირსოს იმ ნეტარ ცხოერებას: „კარგია, მონავ კეთილო და სანდოო, მცირეზე სანდო იყავი, მრავალზე დაგადგენ შენ. შედი უფლის სიხარულში“ (მათ. 25.21), რომლისაც არის დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















