სიახლეები
კვირაცხოვლობა – სადღესასწაულო ქადაგება
19/04/2015
19 აპრილს, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და დღესასწაული – კვირაცხოვლობა მიულოცა.
უწმიდესის თქმით, კვირაცხოვლობა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია და ტოლია აღდგომისა, ამიტომ ეწოდება მას კვირაცხოვლობა.
პატრიარქმა კატეგორიულ აზროვნებაზე იქადაგა და მრევლს მოუწოდა, ისწავლონ ერთმანეთის მოსმენა და ერთმანეთთან საუბარი ისე, რომ ეს ჩხუბში არ გადაიზარდოს.
“გიფიქრიათ, ბზობა, გოლგოთა, აღდგომა და ამაღლება რატომ არის ერთმანეთთან ახლოს და რატომ ცვლის ერთმანეთს? სიხარულს ძალიან ხშირად მწუხარება მოსდევს, მწუხარებას – სიხარული. ასე იცვლება სიხარული და მწუხარება ერთმანეთში. ძველი რომაელები ამბობდნენ: ადამიანი ადამიანისთვის მგელია. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელი არ იყოს და იყოს ძმა და მეგობარი?! ერთ დიდ პიროვნებას ჰკითხეს, ყველაზე საშიში რა არისო. ის დაფიქრდა და უპასუხა: ყველაზე საშიში კატეგორიული აზროვნება არისო, როცა ადამიანი კატეგორიულად აზროვნებს, ფიქრობს, რომ ის არის მართალი და ყველა მტყუანი, როცა სიმართლეს ხედავს მხოლოდ თავის თავში, თავის მოქმედებაში და აზროვნებაში.
საშიშია ის პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება. აი ეს ქმნის გარემოებას, როცა ადამიანი ადამიანისთვის მგელია. უდიდესი თვისებაა, როცა ადამიანს შეუძლია მოუსმინოს სხვა ადამიანს. უდიდესი დადებითი თვისებაა, როცა ადამიანი უსმენს სხვას და ხშირ შემთხვევაში აღიარებს, რომ ის არ იყო სწორი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მხოლოდ შენში არ არის ჭეშმარიტება. ამიტომ როცა ვსაუბრობთ, ჩვენი საუბარი არ უნდა გადაიზარდოს უხეშ კამათში, არ უნდა გადაიზარდოს ყვირილში და მტრობაში. რად გინდა ისეთი ჭეშმარიტება, თუ მეგობარს დაჰკარგავ? ამიტომ, ვეცადოთ ადამიანი ადამიანისათვის იყოს ძმა და მეგობარი.
თქვენ იცით რა ხდება სირიაში, ეგვიპტეში, ერაყში. ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ, ადამიანები ერთმანეთს თავს აჭრიან, ახრჩობენ, შეურაცხყოფას აყენებენ. ჩვენ ვლოცულობთ ამ გაჭირვებული ადამიანებისთვის. შევთხოვთ უფალს, რომ ეს მტრობა მეგობრულ ურთიერთობად აქციოს, ეს მტრობა ძმობად გადააქციოს. შევთხოვთ უფალს, რომ ძალი ერსა თვისსა მისცეს და მოგვცეს ჭეშმარიტად ძმური ურთიერთობა ადამიანთა შორის”, “, – ბრძანა ილია მეორემ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















