სიახლეები
საკვირაო ქადაგება
30/03/2015
29 მარტს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდემსა და უნეტარესმა ილია მეორემ.
პატრიარქმა მრევლს ღირსი დედის, მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღე მიულოცა და მრუშობის ცოდვის შესახებ იქადაგა.
“ადამიანი ერთი მხრივ ძლიერია, ის არის ხატება და მსგავსი ღვთისა. მეორე მხრივ, ადამიანი სუსტია, რადგან ძალიან ადვილად ვარდება ცოდვაში. ამიტომ, რთულია ადამიანის ცხოვრება.
დღეს ვდღესასწაულობთ მარიამ მეგვიპტელის ხსენების დღეს. ერთ-ერთი მცნება ამბობს – “არა იმრუშო”. მრუშობა უდიდესი ცოდვაა, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ არსებობს აღსარება და გამოსწორება. ღვთის მადლით, მრავალი შემთხვევა ყოფილა, რომ მრუშობაში ჩავარდნილი ადამიანი გამოსწორებულა და წმინდანად ქცეულა. ასეთი მრავალი შემთხვევაა ჩვენს ისტორიაში.
პირველ საუკუნეებში იყო ასეთი წესი, დიდი მარხვა რომ მოდიოდა, ბერები ერთად იკრიბებოდნენ, გალობდნენ აღდგომის საგალობლებს და შემდეგ მიდიოდნენ უდაბნოში. ასეთი წესი მრავალ მონასტერში იყო. ერთ-ერთ ბერს, ზოსიმეს შემოხვდა ადამიანის ლანდი, მან ვერ გაარჩია ქალი იყო თუ კაცი. ლანდი გაურბოდა და ეპარებოდა. ლანდმა უთხრა: ზოსიმე, მე ქალი ვარ და არ შემიძლია შენ წინაშე წარვდგე. მომეცი შენი შესამოსელი. ამის მერე მარიამ მეგვიპტელმა უამბო თავისი ცოდვები, რის შემდეგაც ზოსიმემ შეუნდო, აზიარა და დაასაფლავა უდაბნოში. მარიამ მეგვიპტელი იმდენად ამაღლებული იყო, რომ მას შეეძლო მდინარეზე ფეხით გავლა.
დღეს, შევთხოვოთ ღირს დედას, მარიამ მეგვიპტელს, რომ ძალა მოგვცეს, რათა ღირსეულად დავამთავროთ ეს დიდი მარხვა და ასევე ღირსეულად განვაგრძოთ მომავალში ცხოვრება,” – ბრძანა უწმიდესმა.
პატრიარქის თქმით, ცოდვა ჯაჭვის მსგავსია. ერთ ცოდვას მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე და ა.შ. “ამ ჯაჭვის დასასრული დიდხანს არ ჩანს ხოლმე. ამიტომ საჭიროა უფლის დახმარება, ძალა და მადლი. მოგვიახლოვდა აღდგომის დღესასწაული და ჩვენ შევთხოვთ, რომ წმინდად წარვსდგეთ ღვთის წინაშე”, – აღნიშნა ილია მეორემ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















