სიახლეები
საკვირაო ქადაგება
15/03/2015
15 მარტს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
“დღევანდელ კვირას ჯვრის თაყვანისცემის კვირიაკე ეწოდება, როცა მართლმადიდებელი ეკლესია თაყვანს სცემს ჯვარსა პატიოსანსა და ამით აძლიერებს ადამიანს, ამით აძლევს მადლს, რომელიც ჯვარსა პატიოსანს გააჩნია.
ჯვარი უფლისა არის ძალა ღვთისა. თქვენ იცით, ჯვარცმა ადამიანის ერთ-ერთი დამამცირებელი სასჯელი იყო. როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს, ჯვარი გახდა ძალა ღვთისა. ეს ძალა ღვთისა უკვე 20 საუკუნეა იცავს საქართველოს. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი იცავს ჩვენს ქვეყანას. ჯვარი ღვთისა ადამიანმა თავისი ცხოვრებით უნდა შექმნას. უპირველეს ყოვლისა, სწრაფვა ღვთისაკენ და სწრაფვა ადამიანისა, თავისი ცხოვრებით ადამიანმა უნდა შექმნას ჯვარი უფლისა. ამ შემთხვევაში ჯვარი აღარ იქნება მძიმე. ძალიან ხშირად ხალხისგან გვესმის: “რა მძიმე ჯვარი მისცა ადამიანს ღმერთმა”. ღმერთი აძლევს ჯვარს იმის მიხედვით, რამდენსაც შეძლებს, რომ ატაროს. ვმადლობთ უფალს, რომ ყველას ჩვენი ძალის მიხედვით გვაქვს მოცემული ჯვარი და როცა ადამიანი იღლება, თხოულობს, რომ უფალი მივიდეს. ამ ნიადაგზე შეიქმნა საგალობელი “დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო”. როცა ადამიანს წინსვლის ძალა აღარ აქვს, თვითონ უფალი მიდის მასთან და ეხმარება მას. ძალა ღვთისა რომ არ იყოს, ადამიანი ვერ შეძლებდა ეტარებინა ჯვარი”, – ბრძანა უწმიდესმა და აღნიშნა არსებობს სხვადასხვა ჯვარი, არის ოჯახის ჯვარი, ან პიროვნების ჯვარი, ან სამსახურშია რაღაც სიმძიმე.
“არასდროს ადამიანი სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს. არ უნდა დაიღალოს მორწმუნე ადამიანი. ქართველ ადამიანს არ აქვს დაღლის უფლება. ქართველი ადამიანი უნდა ებრძოლოს ბოროტებას. ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ საქართველო სამშვიდობო გზაზე გავიდეს. ეს მოხდება. ვერავითარი ბოროტი ძალა ვერაფერს დააკლებს საქართველოს, იმიტომ, რომ უფალი იცავს ჩვენს ქვეყანას და ღვთისმშობელმა დედამ გადააფარა თავისი კალთა ჩვენს ქვეყანას…
დალოცვილი იყავით. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იყავით მხნედ, იმედი გქონდეთ ღვთისა და ნუ დაიღლებით. დაღლის უფლება ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს თავს, ჩვენს ვნებებს, ჩვენს ცოდვებს და ყველაფერი კარგად იქნება”, – ბრძანა პატრიარქმა.
ქადაგების დასრულების შემდეგ უნეტარესმა დღეს რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















