Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


St_Monk_Gabriel

ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი

02/11/2014

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა მამა გაბრიელი (ურგებაძე) წმიდანად შერაცხა და მას ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი ეწოდა. მამა გაბრიელის ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაწესდა.

წმიდა ბერი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, 1929 წლის 26 აგვისტოს თბილისში ნავთლუღის უბანში დაიბადა.

ის ყრმობიდანვე განსხვავებული ბავშვი ყოფილა, არ გავდა სხვა თანატოლებს. მათსავით სულ თამაშსა და გართობაზე არასდროს ეჭირა თვალი.

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, გაბრიელი თავიდანვე განსხვავებულად ფიქრობდა და აზროვნებდა. მისი სული და სხეული მთელი არსებით დაბადებიდან ღმერთს ეკუთვნოდა.

ის ყოველთვის უარს ამბობდა ამქვეყნიურ სიამოვნებასა და ფუფუნებაზე. თუ ვინმე რამე საჩუქარს მიუტანდა, იმასაც სხვებს ურიგებდა. ის მხოლოდ ღვთის ღრმა რწმენითა და დედა ეკლესიით საზრდოობდა.

მამა გაბრიელს სკოლა არ დაუმთავრებია. მხოლოდ ექვსი წელი იარა. თუმცა ზედმიწევნით შეისწავლა ხუცური დამწერლობა და სახარება.

1949 წელს იგი სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაიწვიეს, ჯარიდან დაბრუნების შემდეგ კი თავის ეზოში ეკლესიის აშენება საკუთარი ხელით დაიწყო.

მან უფლის სადიდებლად ოთხგუმბათიანი ეკლესია ააგო.

არქიმანდრიტ გაბრიელს ჩვენი ქვეყნისა და რელიგიისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. საბჭოთა ტირანია მძვინვარებდა, ანადგურებდნენ სიწმინდეებს, ანგრევდნენ ეკლესია-მონასტრებს და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ღვთისმსახურებს. ამიტომაც ხშირად აწიოკებდნენ ახალი ეკლესიის ამშენებელს და მის დანგრევას ცდილობდნენ.

ყოფილა შემთხვევები, როდესაც მიდიოდნენ, ეკლესიის რაღაც ნაწილს დაანგრევდნენ, ხოლო მეორე დღეს ჩუმად ფულს სთავაზობდნენ, რაც დავანგრიეთ, აღადგინეთო.

მამა გაბრიელი არ ეპუებოდა ღვთისმგმობელთ. ის აგროვებდა კომუნისტების მიერ გადაყრილ ხატებს და სხვადასხვა სიწმინდეებს, სვამდა ჩარჩოში, ასუფთავებდა და თავისი ხელით აგებულ ტაძარში აბრძანებდა.

ღვთის წყალობით, ეს ტაძარი გადაურჩა იმ ავბედით წლებს და კვლავაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე.

საბედნიეროდ, მის თანამედროვეთა წყალობით, რომლებიც მრავლად არიან ჩვენ გარშემო, მამა გაბრიელისგან მრავალი შეგონება, დარიგება და მოგონება შემოგვრჩა.

წმინდა ბერის მთავარი საზრუნავი საქართველო და ქართველი ერი გახლდათ, რისთვისაც გამუდმებით ლოცულობდა. ის ყოველთვის ამბობდა: „საქართველო უნდა იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ღვთის ნაკურთხი მეფე უნდა ჰყავდესო.“

„გიყვარდეთ ერთმანეთი. საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ბოლო ჟამია, თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. ვინც შეინარჩუნებს, ის გადარჩება. ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ვერ დაიდგამს ტახტსო.“

„სიყვარულით ყველა უნდა გიყვარდეთ, მაგრამ თუ ვერ შეძლებთ ყველას სიყვარულს, კეთილი მაინც ყველასათვის უნდა გინდოდეთ.“

„საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და რაც საქართველოში ხდება, ეს განსაცდელი ჩვენს სასიკეთოდაა. არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ ღვთისმშობელი.“

„ილოცეთ ყველასათვის, ამას გიტოვებთ ანდერძად. ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს.“

გაბრიელ ბერის ანდერძი

დიდება ქრისტე ღმერთს.

უწმიდესისაგან და უნეტარესისაგან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ისგან ვითხოვ შენდობას და ლოცვა-კურთხევას. სამღვდელო და სამონაზვნო დასს ყველას გიტოვებთ ლოცვა-კურთხევას და შენდობა-პატიებას. ღმერთი არს სიყვარული, რომელიც რომ მე ბევრი ვეცადე, ვერ მივაღწიე ღმერთისა და მოყვასის სიყვარულს მაცხოვრის მცნებით. სიყვარულშია ადამიანის მთელი ამ ხილულ ქვეყანაზე სასუფევლის პოვნა და მარადისობაში დამკვიდრება. უკუბოვოდ, მანტიით დამმარხონ. იყავით კეთილნი და მდაბალნი, სიმდაბლესა შინა მოგვიხსენა ჩვენ უფალმა. მდაბალთა მოსცეს მადლი. ყველა დაბადებული ადამიანის წინაშე სიმდაბლით, სიკეთით და სიყვარულით იყავით. ყველას სიყვარული მიმაქვს - მართლმადიდებელი ერისა და დაბადებული ადამიანისა. მიზანი სიცოცხლისა, ხილული ქვეყნისა არის სასუფევლის პოვნა და ღმერთთან მიახლოება და მარადისობაში დამკვიდრება. და მეცა ამას გისურვებთ სულ ყველას. ლოცვა-კურთხევით დამიტოვებია, რომ არავინ დაჰკარგოს ღვთის დიდი წყალობა და ყველა ღირსი გახდეს სასუფეველში დამკვიდრებისა. არა არს კაცი, რომ სცხონდეს და არა სცოდოს. მხოლოდ მე ვარ დიდი ცოდვილი, დიდი უღირსი, დიდი უძლური. ყველას გთხოვთ მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემი საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი.

ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია.

გაბრიელ ბერის ლოცვა

ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენ წინ ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced