Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Ioane

იოანე ღვთისმეტყველის მიცვალება

09/10/2014

26 სექტემბერს (ახალი სტილით 9 ოქტომბერს) მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს მიცვალებას წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა და მახარებელისა იოანე ღმრთისმეტყველისა.

იოანე ღვთისმეტყველი, იგივე იოანე მოციქული იყო ქრისტეს ყველაზე საყვარელი მოწაფე. იგი ყველაზე ახალგაზრდა გახლდათ თორმეტ მოციქულთა შორის. იოანე და მისი ძმა იაკობი იესო ქრისტემ ნახა გალილეის ზღვის ნაპირას ნავში მსხდარნი და მოუწოდა გაჰყოლოდნენ (მათე, 4, 21). ძმები იყვნენ გალილეველი მეთევზის ზებედესა და სალომეს შვილები. 

ზოგი თვლის, რომ იოანე ღვთისმეტყველი იყო იოანე ნათლისმცემლის მოწაფე და ამგვარად დაუკავშორდა მაცხოვარს. 

როგორც ვთქვი, იოანე ითვლება ქრისტეს ყველაზე საყვარელ მოწაფედ, მოციქულთა შორის. წმინდა იოანე თავის ძმასთან, წმინდა იაკობთან და წმინდა პეტრესთან ერთად იყო იაიროსის ქალიშვილის მკვდრეთით აღდგენის მოწმე (მარკოზი, 5,37). მხოლოდ წმინდა იოანე, წმინდა იაკობი და წმინდა პეტრე იმყოფებოდნენ თაბორის მთაზე მაცხოვრის ფერიცვალებისას (მათე, 17, 1; მარკ. 9, 2; ლუკა, 9, 28); ასევე გეთსიმანიის ბაღში ქრისტეს ლოცვისას (მარკ. 14, 33). გოლგოთაზე კი ჯვარცმულმა მაცხოვარმა იოანე მოციქულს დაავალა თავის დედაზე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე ზრუნვა. ანუ მას ჩააბარა დედა. 

იოანე მოციქული იყო შესანიშნავი მთხრობელი ახალი აღთქმისა. დაახლოებით 95 წელს მან დაწერა სახარება. 

მანამდე, კუნძულ პატმოსზე გადასახლების დროს, მას ჰქონდა გამოცხადება, რომელიც აღწერა (გამოცხადებაჲ ოანესი): 

„9. მე, იოვანე, ძმაჲ თქუენი და ზიარი ჭირსა და სუფევასა და მოთმინებასა თქუენსა ქრისტე იესუს მიერ, ვიყავ ჭალაკსა მას, რომელსა ეწოდების პატმო, სიტყჳსათჳს ღმრთისა და წამებისათჳს იესუ ქრისტესისა. 

10. ვიქმენ სულითა დღესა კჳრიაკესა და მესმა უკუანაჲთ კერძო ჩემსა ჴმაჲ დიდი, ვითარცა საყჳრისაჲ,

11. რომელი მეტყოდა, ვითარმედ: რომელსა-ესე ჰხედავ, დაწერე წიგნსა შინა და წარეც შჳდთა მათ ეკლესიათა: ეფესოს და ზმირნას და პერღამოს და თჳატრის და სარდეს და ფილადელფიას და ლავდიკის“... 

გარდა ამისა, არსებობს მის მიერ დაწერილი სამი ეპისტოლეც.

წმინდა იოანე ერთადერთია, რომელიც მოწამეობრივი სიკვდილით არ აღსრულებულა. მან იცოცხლა ას წელზე მეტი და სიყვარულს ქადაგებდა და თესავდა ადამიანის გულებში. ის მიიცვალა დაახლოებით 117 წელს ეფესოში. 

ეს ასე მომხდარა: იოანე ღვთისმეტყველმა თავის შვიდ მოწაფეს გაათხრევინა ჯვრის სახის საფლავი, ჩაწვა შიგ და მოწაფეებს სთხოვა მიეყარათ მისთვის მიწა. მოწაფეებმა უარი ვერ შებედეს, ეამბორნენ, გამოემშვიდობნენ მოძღვარს და მიწა მიაყარეს. 

გადმოცემის მიხედვით, მისი საფლავი გათხარეს სხვა მოწაფეებმა და იქ ვერაფერი ნახეს. იოანე ღვთისმეტყველი ღვთის ნებით ზეცად ამაღლდა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced