სიახლეები
კრება წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა
13/07/2014
13 ივლისს (30 ივნისი), პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია “წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას”, სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
კრება დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია. ეკლესიამ, რომელიც წელიწადის სხვადასხვა დროს ცალ-ცალკე იხსენიებს თითოეულ მოციქულს, მათი ერთად ხსენებაც დააწესა, წმიდა დიდებულთა თავთა მოციქულთა, პეტრეს და პავლეს ხსენების მეორე დღეს.
კრება წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრეფსითობას – ეკლესიის ერთიანობას ნიშნავს.
მაცხოვარს თორმეტი მოციქული ჰყავდა: პირველად სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე და ანდრეა – ძმაი მისი, იაკობ ზებედესი და იოვანე – ძმაი მისი, ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
იესო ქრისტეს მოძღვრებას ქართველი ხალხი პირველ საუკუნეში წილისყრით ეზიარა, რასაც უნდა გაერკვია, მაცხოვრის მოწაფეებიდან ქრისტეს სჯულს რომელი მოციქული სად და რომელ ქვეყანაში იქადაგებდა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს საქართველო ხვდა წილად. სწორედ ამიტომ ითვლება ჩვენი სამშობლო ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი კი – მის მფარველად. მაცხოვრის ნებით, ღვთისმშობელი იერუსალიმში დარჩა, საქართველოში კი გამოემგზავრა წმ. ანდრია პირველწოდებული, რომელსაც წმიდა ქალწულმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა. მოციქული ანდრია მოდიოდა იმ ქვეყანაში, სადაც ინახებოდა ძველი აღთქმის დიდი საუნჯე – წინასწარმეტყველი ელიას ხალენი, რომელიც აქ ნაბუქოდონოსორის მიერ დევნილმა ებრაელებმა ჩამოიტანეს და ქრისტიანობის უდიდესი სიწმინდე – უფლისა და მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს უკერავი კვართი, რომელიც მაცხოვრის ჯვარცმის მოწმე ებრაელმა ელიოზმა ჩამოიტანა ქართლის დედაქალაქ მცხეთაში, ქალაქში, სადაც თვითონ ცხოვრობდა.
მოციქულმა ანდრიამ იქადაგა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. დაბა აწყვერში (ქართლის სამეფო), ქადაგებისა და ხალხის მოქცევის შემდეგ, დატოვა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ესვენა აწყვერის (აწყურის) საკათედრო ტაძარში.
დასავლეთ საქართველოში მოციქულ ანდრიასთან ერთად ქრისტეს მოძღვრებას ქადაგებდა მოციქული სვიმონ კანანელი, რომელიც აქვე სოფ. კომანშია დაკრძალული. ქართულმა მიწამ მიიბარა კიდევ ერთი მოციქული – წმ. მატათა; იგი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქადაგებდა. დაკრძალულია გონიოში, დღევანდელი ბათუმის ახლოს. უძველესი ქრისტიანული წყაროები მოციქულების – ბართლომესა და თადეოზის, ყოფნასაც მიუთითებს აღმოსავლეთ საქართველოში.
წმ. მოციქულების მიმოსვლასა და მათ ქადაგებას საქართველოში ადასტურებს როგორც ადგილობრივი ქართული ქრონიკები, ისე ბერძენი და ლათინი საეკლესიო ავტორები: ორიგენე (II – III სს.), დოროთე ტირელი ეპისკოპოსი (IV ს.), ეპიფანე კვიპროსელი ეპისკოპოსი (IV ს.), ნიკიტა პაფლაგონელი (IX ს.), ეკუმენი (X ს.) და სხვ.
წმიდა მოციქულთა ქადაგებას უკვალოდ არ ჩაუვლია. საქართველოში I – III სს.-ში ქრისტიანული თემებისა და ეკლესიის არსებობას ადასტურებს არქეოლოგიური მასალა. II საუკუნეში მოღვაწე წმიდანის – ირინეოს ლიონელის, ნაწერებშიც მოიხსენიებიან ქრისტიან ხალხებს შორის იბერიელები, ე.ი. ქართველები.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















