სიახლეები
საკვირაო ქადაგება
22/06/2014
22 ივნისს სვეტიცხოვლის ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ახლად არჩეული მღვდელმთავარი, არქიმანდრიტი საბა ინწკირველი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად აკურთხა.
საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა:
“ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, თუ რა არის სასწაული, სასწაული ის არის, როცა სინამდვილეში ხდება ესა თუ ის მოვლენა, მაგრამ ადამიანის გონება ვერ წვდება ამას. სვეტიცხოველი სინამდვილეში ეს არის ღვთის ქმნილება და ღვთის სასწაული. ის, რაც ხდება ჩვენს თავს, ეს ამდენი მღვდელმთავრები, ამდენი სამღვდელოება, ამდენი მონასტერი, ტაძრები, სამების ტაძარი, ეს ხელთუქმნელი ტაძარი, ეს ყველაფერი სასწაულია. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის. მაგრამ ჩვენ უნდა დაგვაფიქროს ამან. ჩვენ უნდა გვაფიქრებინოს ამ მოვლენამ ის, რომ არის წინასწარმეტყველება, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს. აი, ამიტომ, ეკლესია, ჩვენი სამღვდელოება, მღვდელმთავრები და ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ უფლის შესახვედრად, უფლის თაყვანისსაცემად”, – ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ არქიმანდრიტ საბა ინწკირველსაც მიმართა, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად აკურთხა.
“თქვენ არჩეული ხართ ასეთი რთული ეპარქიის მღვდელმთავრად, სადაც მრავალი რელიგია და მრავალი ერის წარმომადგენელია, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად. მე ბევრი მიფიქრია იმის შესახებ, თუ რა გვეშველებოდა ჩვენ ამდენი ხალხი, ამდენი ქართველი ხალხი რომ გაიხვეწა უცხოეთში და ისინი ხომ გადაგვარდებოდნენ უეკლესიოდ … და აი, უფალმა გამოგვიგზავნა ჩვენ ის მადლი და ის წყალობა, რომ უცხოეთის ქვეყნებში დადგინდა მრავალი სამღვდელოება და მღვდელმთავარი”, – ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან, უწმინდესმა გაიხსენა ის, რომ როდესაც მას აკურთხებდნენ, სულ რაღაც 5-6 ეპისკოპოსი იყო მაშინ. ახლა კი საქართველოს 48 ეპისკოპოსი ჰყავს.
“თქვენ იგზავნებით ამერიკაში მეუფე საბა, იმისათვის, რომ მოამზადოთ, შეკრიბოთ ერთად სამღვდელოება და ერი და დააბრუნოთ სამშობლოში. ეს არის თქვენი მთავარი მოვალეობა. მაგრამ იქ ყოფნისას თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ არ დაივიწყოს ხალხმა ქართული ენა, ქართული გალობა, სიმღერა, ქართული წერს-ადათი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი არის წილხვედრი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა”, – მიმართა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ახლადარჩეულ ეპისკოპოსს.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა საქართველოს საზღვრების დამცველი ივერიის ღვთისმშობლის ხატი – “სამანთ მფარველი” აკურთხა. საზღვრების დამცველი ღვთისმშობლის ხატის შექმნის შესახებ იდეა ქართველი მესაზღვეების მოძღვარს, სვეტიცხოვლის დეკანოზ, მიქაელ მაჭარაძეს ეკუთვნის. (“სამანი” ძველი ქართული სიტყვაა და საზღვარს ნიშნავს).
სვეტიცხოველში პატრიარქმა სასაზღვრო პოლიციის სხვადასხვა სამმართველოებში დაბრძანებული საზღვრის მფარველი ხატებიც აკურთხა, თავად დედა ხატი კი სასაზღვრო პოლიციის სამმართველო “ყაზბეგში”, სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაშია დაბრძანებული. უწმინდესმა სვეტიცხოველში ქადაგების დასასრულს მესაზღვრეებიც დალოცა.
პატრიარქმა რამდენიმე სასულიერო პირიც დააჯილდოვა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















