სიახლეები
სულთმოფენობა. წმიდა სამების დღე
08/06/2014
8 ივნისს (26 მაისი ძვ. სტ.) მართლმადიდებლური ქრისტიანული ეკლესია სულთმოფენობის დღესასწაულს აღნიშნავს.
საქმე მოციქულთა 2, 1-11
აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას, და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად. ხოლო იყვნეს იერუსალჱმს დამკჳდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი. განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ? და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ. პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუა მდინარისანი ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი, ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიისანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა?!
სულთმოფენობა
უფალი ჩვენი იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ მთელ ქვეყანაზე გაბრწყინდა კაცთა ნათესავის მაცხოვნებელი აღდგომის ნათელი. წმინდა მოციქულებმა მოძღვრისა და უფლის მკვდრეთით აღდგომის მარადიული და ხელშეუხებელი სიხარულის სიტკბოება განიცადეს. მათ სრული შეგნებით, გონიერებითა და სიხარულით გააცნობიერეს ის უდიდესი ძლევა, ქრისტე ღმერთმა რომ მოიპოვა მსოფლიო ბოროტებასა და სიკვდილზე, გაითავისეს ისიც, რომ თავადაც ამ ძლევაში მონაწილეობისათვის იყვნენ მოწოდებულნი.
მოციქულთა წინაშე იხსნებოდა უდიდესი, დიდებული და ერთობ მძიმე გზა, მასზე შესადგომად და საბოლოო გამარჯვების მიღწევისათვის ადამიანური შესაძლებლობები, ცხადია, არ კმაროდა. მხოლოდ სულიწმინდამ, მისმა მადლმა და კაცთმოყვარეობამ მიანიჭა მოციქულებსა და დედაეკლესიას ის უძლეველი ძალა, რომლითაც მონადირებული და განათლებულია მთელი ქვეყანა. სულიწმინდამ ამა სოფლის მძლედ ჰყო უფლის მოწაფენი, ბოროტების, ლეგიონის მთავრის მძლეველ, ქვეყნის კეთილ ანგელოზებად განაწესა ისინი, უძლური სხეულის მქონენი, მოკვდავი ადამიანები, უმდიდრესებად წარმოჩინდნენ მის მიერ. ბრძენ კაცებად წარმოაჩენს მათ, რომელთაც ელინური ფილოსოფიიდან და ამა სოფლის სიბრძნიდან არაფერი აუღიათ! „მეთევზურთა ბადეებით“ მოინადირეს კაცობრიობა და ღმერთის შემეცნებასა და სიბრძნის ზღვაში ჩაძირეს უღმერთოების მთელი სისაძაგლე.
წმინდა მოციქულების დროინდელი სულთმოფენობის შემდეგ სულიწმინდა განუშორებლად იმყოფება ეკლესიაში, მისი მადლი განუწყვეტლივ აღასრულებს ყველა საიდუმლოს. ეს დღესასწაული მხოლოდ წარსული მოვლენის გახსენება როდია, ის საღვთო სულის განსაკუთრებული და უხვი მყოფობაა ეკლესიაში, მისი მადლისმიერი დიდი მფარველობაა ყველას მიმართ, ვინც ამ დღეს ღმრთის ტაძრებში მუხლმოდრეკილი და გულშემუსვრილი ლოცულობს საკუთარ სულში სულიწმინდის მიღებისა და თავისი ცხოვრების კურთხევისათვის. აუცილებელია მოვემზადოთ ამ მადლის არა მხოლოდ შეხებისათვის, არამედ ჩვენს გულებში მოუკლებელი და განუყრელი დამკვიდრებისთვის. ნუ ვიფიქრებთ, თითქოს დრო უფლის ამაღლებიდან წმინდა სულთმოფენობამდე სიცარიელეს წარმოადგენს, რადგან იგი მხოლოდ იმისთვის მოგვეცა, რომ ჩვენი სულის ჭურჭელი წრფელი და ლოცვით განწმენდილი შევაგებოთ მას.
ნათქვამია, მაცხოვრის მოწაფეები ღვთის სულის გარდამოსვლის მოლოდინისას მხოლოდ „ლოცვასა და ვედრებაში“ იყვნენო. მათი სიხარული ამ უდიდესი ნიჭისა (საქ. 11,20) არ უკავშირდებოდა არავითარ შრომასა და სიძნელეს, რადგან მოციქულთა ღვაწლი მხოლოდ სულიერი იყო. ამ საოცარი დღის დადგომამდე არც ჩვენ მოგვეთხოვება მარხვა და მეტანიების კეთება, არამედ მხოლოდ - მადლის სასიხარულო წყურვილი და ლოცვა „ჰოი, სულო წმინდაო, მოვედ და დაემკვიდრე ეკლესიის გულში! ჰოი, სულო წმინდაო, მოდი ჩვენს მიწიერ ტაძრებშიც და ჩვენს გულებშიც!“
ეკლესია იქ არის, სადაც სული წმინდა მკვიდრობს. ამიტომაც მწვალებელთა თავყრილობა ეკლესია ვერ იქნება, თუნდაც მათი ტაძრის გარეგნული ფორმა ღვთის სახლს მოგვაგონებდეს - იგი მხოლოდ უსიცოცხლო სხეულია. სულიწმინდა მხოლოდ იქ იმყოფება, სადაც მართალი სარწმუნოება და მყარად განმტკიცებული სიმართლე და სიკეთეა. სწორედ ამგვარი ეკლესიის შესახებ მოწმობს უფალი, როგორც თავის სასძლოზე, და აუწყებს მას: „ყოვლად შუენიერ ხარ, მახლობელო ჩემო და ბიწი არა არს შენ თანა“ (ქება 4,7).
ჩვენც ტაძარნი ვართ ღვთისა, როგორც თვით პავლე მოციქული ამბობს: „ხორცნი ეგე თქვენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან, რომელი-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თვისთა თავთანი“ (I კორ. 6,19). ესე იგი, საკუთარ თავს კი არა, ღმერთს, ჩვენს უფალ იესო ქრისტეს ვეკუთვნით, რომელმაც უდიდესი სასყიდლით - თავისი პატიოსანი სისხლით გამოგვისყიდა და შეგვიძინა (საქ. 20,28).
ქვით, აგურით, მარმარილოთი და რკინით ნაგები მიწიერი ტაძრებიც ზიანდება და განახლებას საჭიროებს, თუმცა ბევრად უფრო მტკიცე მასალით არიან ნაშენები, ვიდრე ჩვენი სხეული, რომელიც ცოდვით დაცემის შემდეგ თავის უძლურებასა და მრავალ სნეულებას უკვლად სულს გადასცემს. ვილოცოთ, რომ სულიწმინდამ არა მარტო არ მიგვატოვოს, არამედ განგვაახლოს, გაგვაძლიეროს, განგვანათლოს და კეთილმშვენიერებაც მოგვანიჭოს.
სულიწმინდა პირველ საუკუნეთა ნათელია, იგია საუკუნო ცხოველმყოფელი ცეცხლი, ცხოვრების მომცემელი და თვით სიცოცხლეც. იგია გონება და ძალა, რომლის სიღრმის წვდომასა და აღწერას ვერასდროს შეძლებს ვერც ერთი მოკვდავი, და არა მარტო მოკვდავი, თვით ზეციურ ანგელოზთა დასნიც კი. ვინც იტყვის, ვიცი სულიწმინდაო - ცდება, რადგან მხოლოდ ღმერთმა უწყის ჭეშმარიტად მის შესახებ, რამეთუ თავად ღმერთია იგი: „ღმრთისა არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისაგან“ (I კორ. 2,11).
სულიწმინდასთან თითქოსდა „დაძმობილება“ მწვალებელთ სჩვევიათ. ჩვენ, მართლმადიდებლებს, შიშითა და ძრწოლით გვმართებს ზეციური სულის, ჩვენი ღმერთის სახელის ხსენებაც კი. თუკი შენში არ არის სული ქრისტესი, არც შენ ხარ ქრისტესი; თუ იგი არ შეეხება შენს გულს ამ ცხოვრებაში, ვაი შენდა! რადგან სულიერად კვლავ მკვდარი ხარ (რომ. 8,9,10). ვისაც განუცდია ოდესმე დიდი სიხარული, ეს სულიწმინდა იყო. განა გარეგნული სრული კმაყოფილების დროს არ გტანჯავდა წუხილი იმაზე, რომ ზეცას დაშორდი? - ამას სულიწმინდა გაუწყებდა და თავისკენ გიხმობდა. და პირიქით, ყველაფრისაგან მოკლებულს განა ოდესმე არ განგიცდია სრული კმაყოფილება ყველაფერში, ისე, რომ აღარაფერი გისურვებია? - ესეც მანუგეშებელი სული იყო. ჭეშმარიტად გვჯეროდეს - როცა სულიწმინდა ჩვენს სულს შეეხება, ქვეყნიერება სხვაგვარად წარმოგვიდგება და ჩვენში დაივანებს საოცარი სითბო და სიყვარული ყოველთა მიმართ და ყოველთა წინაშე.
უფალო, აღამაღლე მიწიდან ჩვენი გონება შენთან - ზეცაში, დაე, როცა ჩვენს თვალებს უსარგებლო და დამამძიმებელი აზრების ბურუსი მოსცილდება, მუდამ შენს ჭვრეტაში იყოს. ჰქმენ ჩვენი გული წმინდა და ამაღლებულ აზრთა სამსხვერპლოდ; ჰქმენ იგი შენს „მთად წმინდად“ (ფს. 47,1). მზეო სიმართლისაო, უფალო იესო ქრისტე, კვლავ გამობრწყინდი ჩვენ ცოდვილთა ღამის სამყაროში და განაცისკროვნე ღრმად მძინარე ჩვენი სულები, განაღვიძე ისინი, რათა გაქებდნენ და გადიდებდნენ ერთ ჭეშმარიტ ღმერთს - მამას, ძეს და სულიწმინდას აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
წმ. იოანე ოქროპირი სულთმოფენობისათვის
ოდესმე ენანი ღმრთის განრისხების გამო გაიყო, ხოლო დღეს სულიწმიდის მადლით და წყალობით მოეცა ადამიანებს, რათა შეეწიოს მათ, მაშინ განიბნია, რათა კაცს კაცისათვის არ მოესმინა, აწ კი მოეცა, რათა ისმინონ უფლისა, ისწავლონ და გულისხმაყონ.
მაშინ ენათა განყოფამ ბოროტი საქმე განაქარვა, აწ კი ენანი, რომელნიც გარდამოვიდა კაცთა მოდგმაზე, ჭეშმარიტებას ამტკიცებს და აღასრულებს. მაშინ ენანი განაბნია იმის გამო, რომ ბოროტად აღაშენებდნენ, ამჯერად კი მოგვეცა, რათა დაეცეს ყოველივე ცუდი, რომელიც საცდურად აშენდა.
მოვიდა სულიწმიდა შემდგომად ძისა და მოგვანიჭა ხსნა, თავისი წყალობით; ამაღლდა მხოლოდშობილი, რომელიც დამდაბლდა ჩვენთვის და გარდამოვიდა ნუგეშინისმცემელი, რათა აღესრულოს ძლევა, თავისი მოწყალებით.
მოევლინა ჩვენზე პატივი მამისაგან, თავისი ძის ხელით და მოგვეცა ნიჭნი სულიწმიდისა, რომელიც მისგანაა; რადგან მამას სურს ჩვენი ცხონება, ისწრაფა ძემაც ჩვენი გადარჩენა.
დამდაბლდა მხოლოდშობილი ჩვენთვის, დამდაბლდა სულიც და გააფუფუნა ჩვენი კაცება. განმდიდრდნენ სულიწმიდის მადლით, რათა სარგებლობა მოეტანათ ჩვენთვის და განეფინენ ქვეყნის ყოველ მხარეს, ქადაგებდნენ წინასწარმეტყველნი ჩვენს ხსნას და გამოსახეს ჩვენი ძლევა მოციქულებმა.
მოეფინა სულიწმიდა ყოველ ხორციელს, როგორც ბრძანა წინასწარმეტყველმა: „და წინასწარმეტყველებდნენ ძენი თქუენნი და ასულნი“ (იოვ. 2, 28); და ქვეყანა, რომელიც სავსე იყო საცდურით, აღივსო მისი სიბრძნით და ჭეშმარიტებით... უფალი გამობრწყინდა „ხორცთა ჩვენთა ზედა“ და განანათლა ჩვენი სულები. მოვიდა ცხადად და ფარულად შეეწია გონებას, ისხნა ათასნი ბრალისაგან და განაშორა ბევრი სიკვდილს... შესახებელი გახადა თავისი მადლი და აჩვენა ადამიანებს... დაიმდაბლა თავი და შეუერთდა კაცთ, ესეც არ იკმარა, არა მხოლოდ კაცი იქმნა, არამედ მოკლული, და არა მხოლოდ მოკლული, არამედ დაფლულიც.
მოვიდა თავისი მადლით და აღხოცა ჩვენი ცოდვები, მისცა კაცთა მოდგმას კეთილი და თავს იდვა ჩვენი ჭირნი... განაგდო ჯვარი და აღვიდა ცად. არ „დაიმარხა“ მანკიერება კაცთა მოდგმისა, რომელთაც გააკრეს იგი ძელს, მოავლინა „მადლი თვისი“ მათზე და აღავსო ეკლესიანი... მოუწოდა თავის მკვლელებსაცა და თუ მოისურვებდნენ, იხარებდნენ უფლის მეგობრებთან ერთად.
უპირველესად, საკუთარი სისხლი და ხორცი უსასყიდლოდ მიგვცა. ასევე უსასყიდლოდ მოგვცა. ასევე უსასყიდლოდ „განუყო“ თავის ეკლესიას ენები, რათა ჭეშმარიტება იქადაგონ. მოუვლინა მათ მადლი, რათა ირწმუნონ მისი... ის არის დამბადებელი და ის არის მხსნელი. მან აღასრულა საქმე და გამოიხსნა კაცნი, მის გამო გამოჩნდა მამა და მის გამო გამოცხადდა შემოქმედი. სულისაგან წმიდისა განცხადდა ჭეშმარიტება და განიყო ნიჭნი მადლისა მისისა.
მისმა სასწაულებმა იღაღადეს, რამეთუ „ღმერთი არს ჭეშმარიტად და აღსრულდა მისი სიტყვები; რწმენა მისცა სოფელს და შეიწყნარა იგი, რადგან დაუძლურდა ჩვენი კაცება... თავისი ნებით მოვიდა ჩვენი ვნებების მაძიებლად და თავისი წყალობით გარდამოვიდა ჩვენი გამორჩეულობისა და თავისუფლების სახსნელად. ჩვენ კი, ჩვენი ნებით შევიქმენით მისი მაძიებელნი. თუკი შეეზავება ჩვენი ნება მისას, დავმკვიდრდებით მასში, თუ აღვუდგებით მას, მოვალენი შევიქმნებით მისი, ხოლო ვინც მას არ მიეახლება, ვერ განეშორება ბოროტს... ვისაც სურს კურნება სულით, განიკურნება ზეცით და ღირსი შეიქმნება ღვთის ნათლის ხილვისა, რაც გამობრწყინდება მასზე...
შევიწყნაროთ სული იგი წმიდა, რომელიც განუყოფს და უბოძებს ნიჭთ ღირსეულთ. განუმზადოთ მას სულნი ჩვენნი და ხორცნი; შევიმკოთ სულიერი კეთილით, რათა ღირსნი შევიქმნათ, გავხდეთ მისი „სადგური“ და დაემკვიდროს ჩვენში თავისი დიდებულებით.
დღეს აღესრულა სიტყვა, რომელიც თქვა უფალმა წინასწარმეტყველის პირით: „მოვჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყველებდნენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი“ (იოვ. 2, 28).
იხილეთ, როგორ აღსრულდა სიტყვა, მოციქულთა მიმართ ნათქვამი იმ დროს, როცა ისინი ერთად იყვნენ შეკრებილნი, როდესაც ცეცხლის ენები გარდამოვიდა მათზე და იწყეს წინასწარმეტყველება სხვადასხვა ენებზე, რათა გააკვირვონ ადამიანები, რომლებიც ღვთის დიდებულ საქმეთა სახილველად შეკრიბა და მოიყვანა სულიწმიდამ.
და ჩვენც, ძმანო, ნუ წარვიწყმედთ თავს, რადგან, თუ მოვისურვებთ, მოიწევა ჩვენზეც მადლი.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ აწ არ აღესრულება სასწაულნი, რომელნიც მაშინ აღესრულა.
დღეს ჩვენი უფლის მოძღვრებით ყოველი ქვეყანა აღივსო და რწმენა ცის კიდემდე განეფინა. მოციქულთა ქადაგება განცხადებულია და სასწაულნი „არღარა ხმანან“.
არის ჟამი, როცა აღესრულება სასწაულნი, ხოლო როცა საქმე განეცხადება - ამას დრო აღარ არის.
იხილეთ ღმერთი, რამეთუ დიდია იგი. ყოველი ბოროტი დევნულია მოციქულთა მოძღვრებით. სასწაული დიდი და საკვირველი ის კი არ არის, რომ ვინმემ მკვდარი აღადგინოს, უფრო საოცარია, რომ ცხონდეს მრავალნი სულნი. ჭეშმარიტად, მორწმუნეთა ხელით მრავალი სასწაული აღესრულება, რადგან არ განეშორება მათ წმიდა სული, რომელიც იყო წინასწარმეტყველებთან, მოციქულებსა და მოწაფეებთან. ჭეშმარიტია სიტყვა მოციქულისა: „თქუენ თანა ვარ მიაღსასრულამდე სოფლისა“ (მთ. 28, 20).
ამიერიდან, ძმანო, სანამ დრო ჩვენს ხელთაა, მოვიქცეთ უფლისაკენ და მივეახლოთ მას მისი მოწყალებით; სანამ ახლოსაა ჩვენთან მისი ნიჭნი, მივიღოთ კეთილი, ვიზრუნოთ ჩვენი სარგებლობისათვის, რათა მოვიპოვოთ ნიჭნი სულისა წმიდისა, დავიდგათ გვირგვინი, დავიმოწაფოთ და ვასწავლოთ უცებთ, განვანათლოთ დაბნელებულნი და განვამტკიცოთ უძლურნი... ვემსგავსოთ უფალს, რომელიც მოვიდა ჩვენს მაცხოვრად, დავიმარხოთ მისი მცნებანი და აღვასრულოთ მისი ნება, ვემსახუროთ მას, რათა კეთილი მისაგებელი მივიღოთ ქველისმოქმედი უფლისაგან მის სასუფეველში, რომელიც წარუვალია და „დიდებაჲ და პატივი ხელმწიფებისა მისისა აღმოვთქვათ მადლისა მისითა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















