სიახლეები
საკვირაო ქადაგება
24/03/2014
23 მარტს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
“ჩვენ წინაშე ძალიან ხშირად დგება კითხვა: სად მიდის კაცობრიობა, რა მომავალი აქვს ადამიანს, ვინ ვიყავით, დღეს ვინ ვართ და ხვალ ვინ ვიქნებით? ეს მეტად მძიმე საკითხებია და მათ პასუხი უნდა გავცეთ. უპირველეს ყოვლისა, ყველაფერი ღვთის განგებითა და ლოცვა-კურთხევით ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს თავისი წვლილი. მან უნდა იფიქროს, რა აკეთოს, უნდა იფიქროს თავის თავზე, რისი გამკეთებელია და რომელ მხარესაა – სიკეთისა თუ ბოროტების მხარეს. ზოგიერთი ადამიანი ისეთია, რომ მას არ შეუძლია არ აკეთოს სიკეთე, მას არ შეუძლია აკეთოს ბოროტება. არის პირიქითაც ადამიანი. უნდა რაღაც ღვარძლი დათესოს, ცუდი უთხრას სხვას.
ძალიან ხშირად ადამიანები ეკითხებიან ერთმანეთს რისი ნაკლებობაა ქვეყნაში, დედამიწაზე. ზოგი ამბობს, რომ სიყვარულის ნაკლებობაა, ზოგი ამბობს, რომ სარწმუნოების ნაკლებობაა.
ჩვენმა დიდმა წინაპარმა ადამიანმა, ილია ჭავჭავაძემ თქვა: მამული, ენა, სარწმუნოება. ესაა საუნჯე, რომიც უნდა დაიცვას ადამიანმა და გაუფრთხილდეს. ჩვენ გამოვთქვით: ღმერთი, სამშობლო, ადამიანი. ღმერთი, როგორც უზენაესი საუნჯე, შემოქმედი, მფარველი, გამგებელი ჩვენი, რომელიც საერთოდ ყველაფერს განაგებს – სულიერ და მატერიალურ ცხოვრებაში. ჩვენი სამშობლო, როგორც თქვა ჩვენმა ერთ-ერთმა პოეტმა: როგორც უფალი, სამშობლო, ერთია ქვეყანაზედა. და დიდი საუნჯე, რომელსაც ნაკლებად ექცევა დღეს ყურადღება, ეს არის ადამიანი. ეს სამეული ყველაზე დიდი საუნჯეა და ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ვიყოთ არა მარტო დამცველნი, არამედ მატარებელნიც. ადამიანმა გულში უნდა ატაროს: ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. უნდა გავუფრთხილდეთ ადამიანის სიცოცხლეს. ადამიანმა უნდა გამოავლინოს თავისი ნიჭი, ცოდნა. მან უნდა გაიგოს, რისთვის მოვიდა ამსოფლად. ამაში მას ღვთის ძალა და ლოცვა-კურთხევა ეხმარება,”- ბრძანა უწმიდესმა ქადაგებისას.
კათოლიკოს-პატრიარქმა ქადაგებისას წმიდა მამა გაბრიელის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი საოცარი პიროვნება იყო.
“მრავალი თქვენგანი იცნობდა მას პირადად, როგორი უშუალო იყო, როგორი ბავშვური ხასიათის მქონე იყო, ამიტომაც უფალმა დააჯილდოვა იგი, დააჯილდოვა რწმენით, მადლით, სიყვარულით, სასოებით, იმედით. დააჯილდოვა იმით, რომ დღეს, აი უკვე ერთი თვეა, ხალხი დღე და ღამე მიდის მასთან და სთხოვს დახმარებას. მამა გაბრიელი გვეხმარება ჩვენ ყველას”, – აღნიშნა უწმიდესმა.
ილია მეორის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ადამიანი უნდა იყოს ერთი, არ უნდა იყოს გაყოფილი გარეგნულად და შინაგანად. როგორც უწმიდესმა აღნიშნა, შინაგანი სამყარო უნდა იყოს იგივე, რაც გარეგნული და პირიქით, გარეგნული ისეთი უნდა იყოს, როგორიც შინაგანი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















