სიახლეები
თაყვანისცემა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა
23/03/2014
დიდი მარხვის მესამე კვირაკეს, წმ. ორმეოცის შუაში, ვდღესასწაულობთ თაყვანისცემას პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა.
მარხვის ორმოცი დღის განმავლობაში მაცხოვრის მსგავსად ჩვენც ჯვარცმასა და ტანჯვას ვტვირთულობთ და მოვაკვდინებთ ხორცთა ჩვენთა, ვინაიდან ჟამი არს მწუხარებისა, გლოვისა, სხეულთა დაჭკნობისა და მოკვდინებისა.
ამ ღვაწლში წინ მიგვიძღვის ცხოველსმყოფელი და პატიოსანი ჯვარი ქრისტესი, რომელიც მხიარულ-გვყოფს გულითა, და გვამხნევებს სასოებითა, გვახსენებს ვნებათა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ნუგეშინისგვცემს.
ხოლო უკეთუ ღმერთი ჩვენთვის ჯვარს ეცვა, რაოდენ გვმართებს ჩვენც, რომ მისთვის ასევე ვჰყოთ? სნეულებანი უსჯულოებათა ჩვენთანი განსდევნა და შეგვიმსუბუქა, და მარადის შეგვეწევა ძლიერი ღმერთის ჯვრის ძალით.
როგორც მაცხოვარი და მხსნელი ჩვენი, ჯვარსა ზედა ჩვენთვის ამაღლდა და დაბადებულთა თვისთაგან შეურაცხჰყოფის სიმწარე თავს იდვა, ასევე ჩვენთვისაც ჯერ არს, რომ მასთან ერთად ვევნოთ და მისთანავე ვიდიდოთ. და თუ ჩვენ ისევე ვერ ვევნებით საქმით, მწუხარე მაინც ვიყოთ გულითა, რადგან ჩვენი სარბიელი ამა სოფლის გაჭირვება და მწუხარებაა.
როცა შევკრავთ ხოლმე ნამუშევრის მძიმე ტვირთს და მივდივართ სიმძიმით შეურვებულნი, სადაც კი ვნახავთ კარგი ფოთლოვანი ტყის ჩრდილს, იქ დავისვენებთ ხოლმე და კვლავ განვაგრძობთ გზას გამხნევებულნი. ასევე, რადგან ჟამი მარხვისა არს ჟამი მწუხარებისა და ღვაწლისა, წმიდა მამათა მიერ დაწესდა თაყვანისცემა ქრისტეს ცხოველსმყოფელი ჯვარისა, რომელიც მოგვანიჭებს შვებას, სიხარულს, მხნეობას, შეგვიმსუბუქებს სიმძიმეს და უმეტესი ღვაწლისაკენ მიგვიზიდავს.
აქვთ ერთი ჩვეულება ქვეყნიერთა მეფეთა - როდესაც სძლევენ ბრძოლაში მტერს და სურთ სახლში დაბრუნება, წინ წაიმძღვარებენ ხოლმე გამარჯვების ნიშნად თავისი მეფობის სკიპტრას - და ასე ბრუნდებიან დიდი სიხარულით. მასთან მყოფნიც ყველანი ერთხმად ხარობენ და ადიდებენ მას დიდებითა დიდითა.
აგრეთვე უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემ ინება, რათა უძლეველსა და შეუპოვარსა სიკვდილსა ჯვარისა მიერ სძლიოს და არცხვინოს, და იქმნეს დიდებულ. გაიმარჯვა კიდეც აღდგომითა თვისითა და წარმოუგზავნა სკიპტრა - თავისი სამეფო ნიშანი, ცხოველსმყოფელი ჯვარი, რითაც მოგვანიჭა გამოუთქმელი სიხარული და ნუგეში. აღგვავსო მრავლითა კეთილითა, და განგვამტკიცა, რათა მზად ვიყოთ მეუფის მისაღებად და ბრწყინვალე ქება მივაგოთ მას გამარჯვებისთვის.
წმიდა ორმეოცის შვიდეულთა ეს წმიდა მარხვა მწუხარებისა, გლოვისა და ტირილისა, ხორცთათვის მწარე წყაროს მსგავსია, მაგრამ როგორც მოსემ თავის დროზე საღმრთო მადლით ჩააგდო ძელი და დაატკბო წყალი, ეგრეთვე ჩვენც განგვარიდა და გვიხსნა ღმერთმა გონების მეწამულ ზღვაში ფარაონისაგან პატიოსანი ჯვრის ცხოველსმყოფელი ძელით, რომელიც დაგვიტკბობს ჩვენ მარხვის ორმეოცის დღეთა სიმწარეს და ნუგეშინისგვცემს უდაბნოში მყოფთა მსგავსად, მანამ, სანამ უფალი არ მიგვიყვანს ზეციურ იერუსალიმში.
ხოლო ჯვარი ეს ძელისა, ცხოველსმყოფელად გადმოითარგმნება და არის ცხოვრების ხე, რომელიც დანერგულ იყო სამოთხეში ედემს შუა, ამიტომ ღმერთშემოსილმა მამებმა ძელი ჯვარისა წმიდა ორმეოცს შუა დანერგეს, და აწ, ამ ხის ნაყოფის გემოს იხილავს, აღარ მოკვდება, არამედ საუკუნო ცხოვრება ექნება. მისითა ძლიერებითა, ქრისტე ღმერთო, გვიხსენ ჩვენ ბოროტისა განსაცდელისაგან და ღირს გვყვენ თაყვანისცემად საღმრთოთა ვნებათა შენთა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა, რათა სავალი ორმეოცთა წმიდათა დღეთა გზა-შუენიერად განვლოთ და შეწყნარებულ ვიქმნეთ, ვითარცა მხოლო სახიერ ხარ და კაცთმოყვარე. ამინ.
„მახარებელი“ № 8, ჭულევის მონასტერი, 2000 წ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















