სიახლეები
საკვირაო ქადაგება
17/03/2014
16 მარტს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
უწმიდესმა ქადაგებისას ანალიტიკური აზროვნების მნიშვნელობისა და აუცილებლობის შესახებ ისაუბრა:
“დიდ ხარ შენ უფალო და საკვირვველ არიან საქმენი შენნი, ნამდვილად მიუწვდომელია საქმენი უფლისანი”.
ადამიანის გონება ვერ სწვდება ამას და ძალიან ხშირად ჩვენ გვინდა ავხსნათ ესა თუ ის მოვლენა, ადამიანური გონებით, მსჯელობით და ჩვენი ანლიტიკური აზროვებით. მე არაერთხელ მისაუბრია თქვენთან, რომ ადამიანს სჭირდება ცოდნა ანალიტიკური აზროვნებისა, ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, თავისი სიკეთითა და ბოროტებით და ყოველი ადამიანის მოვალეობაა გააანალიზოს, დაინახოს სადაა კეთილი და სად – ბოროტი. როცა ჩვენ ვფიქრობთ ანალიტიკური აზროვნებით ესა თუ ის მოვლენა გამომდინარეა რაღაც მიზეზისგან.
ანალიტიკური აზროვნებაა, როცა ადამიანი ფიქრობს ერთ მოვლენაზე, საგანზე, ანაწევრებს მას და განიხილავს სხვადასხვა მხრიდან თითოეულ მათგანს და ბოლოს ისევ აერთიანებს.
ეს საჭიროა იმისათვის, რომ ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანი ანალიტიკური აზროვნების გარეშე იწყებს ამა თუ იმ საქმეს, იწყებს იმ დროს როცა არ არის მზად ამისათვის, ამიტომ ანალიტიკური აზროვება ძალიან საჭიროა და ვფიქრობ, რომ ჩვენი განათლების სამინისტრო მივა იმ დასკვნამდე, რომ საშუალო სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში იქნება შეტანილი ანალიტიკური აზროვნება,“ – ბრძანა უწმიდესმა.
კათოლიკოს პატრიარქმასტამბოლში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა:
„მინდა მოგახსენოთ, რომ მქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი სტამბოლში. მსოფლიო პატრიარქმა მოიწვია ყველა მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის მეთაურები.
ჩვენ გვქონდა მსჯელობა მომავალ კრებაზე, რომელიც შეიძლება შედგეს ორ წელიწადში. მსოფლიო პატრიარქი და სხვები ფიქრობენ, რომ გამოიკვეთა ისეთი საკითხები რომელიც უნდა იყოს განხილული კრებაზე, ამას ყველა უჭერს მხარს მაგრამ ჩვენ გამოვთქვით აზრი, რომ ჯერ ყველა საკითხი უნდა იყოს შესწავლილი და მერე უნდა ვიფიქროთ ამ კრებაზე. ეს კრება უნდა იყოს მაჩვენებელი მართლმადედებელი ეკლესიის სულიერი ძალისა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დაპირისპირება კი არ მოხდეს ეკლესიებსა და პატრიარქებს შორის, არამედ ერთი სული და გონება უნდა სუფევდეს,“– ბრძანა ილია მეორემ.
უწმიდესმა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩატარებული ერთობლივი წირვის შესახებაც ისაუბრა:
„გასულ კვირას ეწოდებოდა მართლმადიდებლობის ზეიმის კვირა და ჩვენ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ერთობლივი წირვა შევასრულეთ, საოცარი იყო რომ მრევლის ნახევარზე მეტი იყვნენ ქართველები. ერთი მხრივ, გამიხარდა, რომ ქართველები ვნახე იქ, მაგრამ, მეორე მხრივ, მეწყინა რომ უცხოეთში ამდენი ქართველია გადახვეწილი. ჩვენ რომ შევხვდით ერთმანეთს იქ ატყდა ტირილი და ამდენი პატრიარქი გაკვირვებულები გვიყურებდნენ თუ რა ხდებოდა, ეს იყო სიყვარულის ზეიმი, საოცარი გამოვლინება სიყვარულისა ეკლესიასა და მრევლს შორის. მე მოუწოდე მათ, რომ მალე დაამთავრონ თავისი საქმიანობა უცხოეთში და დაბრუნდნენ სახლში. “სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა“. უცხოეთი კარგია როცა ადამიანი, სწავლობს, ცოდნას იღებს, მაგრამ საცხოვრებლად უცხოეთში წასვლა ეს არის გადაგვარება ერისა, ამიტომ ძალიან საშიშია. რაც არ უნდა გაუჭირდეს ადამიანს, გაჭირვების გამო არ უნდა წავიდეს უცხოეთში. არ უნდა დავხარბთეთ იმ ხელფასებს, ფულს რომელსაც საზღვარგარეთ აძლევენ. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ აკურთხოს ერი ჩვენი მშვიდობით, – აღნიშნა პატრიარქმა და ისურვა, რომ გამთლიანდეს ქართველი ხალხი, ვიყოთ ერთი სამწყსო და უფალი ჩვენი იესო ქრისტე იყოს ჩვენი მწყემსი.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















