სიახლეები
ხორციელის კვირიაკე - საშინელი სამსჯავროს ხსენება
16/02/2014
ხორციელის კვირას საშინელი სამსჯავროს კვირა ეწოდება. ამ დროს ტაძრებში ღვთისმსახურებისას სახარებიდან სწორედ ის ადგილი იკითხება, სადაც თავად უფალი საუბრობს საშინელი სამსჯავროს შესახებ. ამით ეკლესია დიდი მარხვისათვის გვამზადებს და ყველას სინანულისაკენ მოგვიწოდებს.
საკვირაო წირვაზე ეკლესია მორწმუნეებს საშინელ სამსჯავროს ახსენებს, იკითხება ნაწყვეტი მათეს სახარებიდან (მათ. 25, 31-46), რომელშიც უფალი გვამცნობს, თუ როგორი იქნება საშინელი სამსჯავრო; გარდა ამისა, ოთხშაბათს და პარასკევს დილით და საღამოს, მორწმუნეებმა უკვე უნდა წაიკითხონ სპეციალური მოკლე ლოცვა წმიდა ეფრემ ასურისა, რომელიც შემდგომში მთელი დიდი მარხვის განმავლობაში ითქმის ყოველ დილა-საღამოს, გარდა შაბათ-კვირისა.
ეფრემ ასურის ლოცვა
უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (სრულდება დიდი მეტანია, ანუ მუხლმოდრეკით თაყვანისცემა ღვთისა).
ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (დიდი მეტანია).
ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (დიდი მეტანია).
ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე (ითქმის სამ-გზის, თითო თქმაზე სრულდება თითო მცირე მეტანია, ანუ თავის დახრითა და წელში მოხრით თაყვანისცემა ღვთისა).
***
რაჟამს განეხმოდიან წიგნნი იგი გულთანი, და გამოსჩნდებოდიან საქმენი ყოველთანი წინაშე შენსა, და ღელე გლოვისა საშინელად გრგვინვით ოხრვიდეს და ეტყინებოდეს, და ცოდვილთა დასნი საუკუნოდ დასჯად წარისხმოდიან, სამართლად განსჯითა შენითა, და უნაყოფოდ სცრემლეოდიან. მაშინ შეგვიწყალენ ჩვენ მადიდებელნი შენნი სახიერ; და გვიჴსენ სატანჯველთაგან, მხოლოო უცოდველო.
ოხრვასა ნესტვისასა, დაცალიერდენ საფლავნი, აღსდგებოდიან მკვდარნი, და შეძრწუნდენ ყოველნი დაბადებულნი, ხოლო იხარებდენ მართალნი შვებითა, ელოდიან მისაგებელსა, რომელთა მიიხვნენ გვირგვინნი; ხოლო ცოდვილნი, მწარედ იგლოვდენ, წარსხმულნი სატანჯველსა მას საუკუნესა დაულევნელსა. მაშინ მეუფეო, ნუ მოიჴსენებ შეცოდებათა მათთა, არამედ ღირს-ჰყვენ ნაწილსა მოყვარეთა შენთასა.
რაჟამს მოხვიდე ღმერთი დიდებით ქვეყანასა ზედა, მაშინ შეძრწუნდნენ ყოველნი დაბადებულნი; მდინარე ცეცხლისა სდიოდეს მსაჯულისა წინაშე, და საშინელად ოხვრიდეს, წიგნნი განეხვნენ, და დაფარულნი გამოსცხადნენ; მაშინ მიჴსენ მე ცეცხლისა მისგან უშრეტისა, და ღირს-მყავ მარჯვენით დადგომად შენდა, მსაჯულო სიმართლისაო.
***
განსჯისათვის ცოცხალთა და მკვდართა
ჰოი, კაცო, მარადის გქონდეს შიში უფლისა, გახსოვდეს სიკვდილი და ის საშინელი დღე, როცა აღეგზნება და დაიწვება სამყარო, დადნება და დაიშლება ქვეყანა, განადგურდება მისი საქმენი. ვარსკვლავნი ჩამოცვივდებიან, როგორც ფოთლები, მზე და მთვარე დაბნელდება... როდესაც ძე ღვთისა, ზეციდან ქვეყნად გარდამომავალი გამოჩნდება, ცათა ძალნი ძრწოლას დაიწყებენ მის წინაშე, ხმა საყვირისა დასწვავს ყოველს და დაინთქმება უკეთურება. იქნება სასტიკი ქარნი, საშინელი მიწისძვრანი, საზარელი ქუხილნი, შემაძრწუნებელი მეხისტეხანი, რომლის მსგავსი არც არასოდეს ყოფილა და არც როდესმე მოიწევა მანამ, სანამ ამის დრო არ დადგება. ძალნი ცათანიც კი შიშით შეძრწუნდებიან იმ საშინელი ზარისაგან, რომელიც იმ დღეს იქნება.
ჩვენ როგორღა ვიქნებით, ძმანო ჩემნო, ამ შემაძრწუნებელ დღეს? საშინელი ძრწოლა შეგვიპყრობს ყოველს. გაიხსენეთ, რა დღეში იყვნენ ისრაელნი სინას უდაბნოში. მათ ვერ დაითმინეს სასტიკი ქარები, სიბნელე, საყვირის ხმა, ცეცხლის ალიდან გამოსული ხმა უფლისა და თხოვეს მას, აღარაფერი განეცხადებინა მათთვის, რადგან არ შეეძლოთ თავს ედვათ ღვთის სიტყვა. ისრაელისათვის უფლის ეს განცხადება საოცარი სიმშვიდით აღესრულა. მისი შედარება არც კი შეიძლება მეორედ მოსვლასთან, რადგან მაშინ უფალი რისხვით კი არ გარდამოვიდა ადამიანებზე, გულისწყრომით კი არ განსწავლა ისინი, არამედ უდიდესი სიკეთითა და სიმშვიდით, რათა ნუგეში ეცა და შესწეოდა მათ.
აწ ისმინეთ, ძმანო ჩემნო, თუ მაშინ თავისი სახიერების გამო ჩვენს ნუგეშინისსაცემად გარდამოვიდა უფალი და ვერ დავითმინეთ მისი მოსვლის ზარი, მიუხედავად იმისა, რომ არც ცა აღენთებოდა, არც სამყარო დნებოდა, არც ქვეყანა და მისი საქმენი იწვოდა, არც საყვირის ხმა გაისმოდა, როგორც მქადაგებელი მკვდართა გაღვიძებისა, რომელნიც საუკუნითგან იყვნენ შესვენებულნი, არც ცეცხლი აენთებოდა, არც სხვა რამ საშინელება ხდებოდა, რაღას მოვიმოქმედებთ მაშინ, როცა უფალი გარდამოხდება რისხვით და მიუწვდომელი გულისწყრომით, დაჯდება ტახტზე და მოუწოდებს ყოველს მზის აღმოსავალიდან - დასავალამდე, კიდით - კიდემდე, რათა განიკითხოს ერი თვისი და ყოველ კაცს მისი საქმეებისამებრ მიაგოს?
ვაი, ჩვენ, ძმანო ჩემნო, რა მდგომარეობაში ვიქნებით მაშინ, როცა ყოველნი, შიშველნი და ქედდადრეკილნი წარვსდგებით მის წინაშე, მეტად შემაძრწუნებელსა და ზარის დამცემ ადგილზე. სად იქნება იმ დროს ჩვენი ჭაბუკური კადნიერება და სხეულის ძლიერება? სად იქნება ჩვენი მშვენიერება, მაცდური და უსარგებლო? სად იქნება ძვირფასად შემკული სამოსელი, ან ცოდვილი გულისთქმანი და ბილწებანი? სად იქნებიან მაშინ სოდომიანნი? სად იქნებიან მსმელნი ღვინისა და განცხრომაში მყოფნი? სად იქნებიან ზარმაცნი და განსვენებაში, საკუთარ ნებაზე მცხოვრებნი? განა ყოველივე ეს არ წარხდება და ნისლივით არ გაიფანტება?
სად იქნება მაშინ სიყვარული ოქროსა და ვერცხლისა და მისნი მოყვარენი, რომელნიც შეურაცხყოფდნენ ყოველს და თავიანთი თავი რაღაც ეგონათ? სად იქნება მაშინ ამაო დიდებულება? სად იქნება სიმამაცე და ძლიერება? სად იქნება მეფობა, მთავრამა, ერისთავობა? სად იქნებიან ისინი, რომლებიც ამაყობდნენ სიმდიდრის სიმრავლითა და საღმრთო საქმისთვის არას ზრუნავდნენ?.. სად იქნება მაშინ სიბრძნე ფილოსოფოსთა და მათი ცუდი გამოძიება? ვაი მათ, რადგან შეშფოთდებიან და შეძრწუნდებიან, როგორც მთვრალნი და ყოველი მათი ამა სოფლის სიბრძნე დაინთქმება. სად იქნება მაშინ ბრძენი, სად იქნება მწიგნობარი, სად იქნება მაშინ ამაოების მფლობელი?
ჰოი, ძმანო ჩემნო, გულისხმაყავით, როგორი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება, როცა პასუხი მოგვეთხოვება ყოველი საქმისთვის, დიდისა თუ მცირისათვის. როცა პასუხი უნდა გავცეთ სიმართლის მსაჯულს ყოველი ამაო სიტყვისათვის. როგორი იქნება ჩვენი ყოფა იმ დროს, როცა დავდგებით მარჯვენა მხარეს მსაჯულისა და დიდების მეუფისა? როგორ ვიქნებით, როდესაც მოგვიკითხავენ ჩვენ წმიდანნი და მართალნი, იქ მყოფნი? როცა მოგვიკითხავს აბრაამი, ისააკი, იაკობი, დავითი, მოსე, ნოე, იობი, ყოველი წინასწარმეტყველნი, მოციქულები, მოწამენი და ყოველნი მოღვაწენი, რომელთა ცხოვრება გვესმოდა აქ და გვიკვირდა. თითოეული სიყვარულით მოგვიკითხავს და შეგვიტკბობს, გამხიარულებული ჩვენი ხსნის გამო.
როგორი მიუწვდომელი სიხარული იქნება, როდესაც მეუფე მხიარული პირით მიმართავს მის მარჯვენით მდგომთ: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვიდრეთ სასუფეველი განმზადებული თქუენთვის სოფლის დაბადებითგან წინაით“ (მათ. 25, 34), მაშინ მიიღებენ ისინი მშვენიერ გვირგვინს ღვთის დიდებული ხელისაგან და სასუფეველს დაიმკვიდრებენ; იქნებიან ქრისტესთან და ღვთის მოყვარეთათვის აღთქმულ სიკეთეში დაივანებენ. მაშინ უკვე აღარ იქნება შიში და მწუხარება. გულისხმაყავი, ძმაო, როგორც უკვე ვთქვით, სასუფეველი ცათა, ეს არის გვირგვინი ღვთის ხელით დადგმული და სუფევა ქრისტესთან, უკუნისამდე. გულისხმაყავი, ძმაო, რას ნიშნავს ყოველ ჟამს ღვთის პირის ხედვა, შენს განმანათლებლად, როცა არც მზე გაგინათებს დღისით, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა, არც მთვარე ღამით, უფალი იქნება შენი საუკუნო ნათელი და ღმერთი - შენი დიდება. ეს არის, ძმაო, ის რაც აღეთქვა ღვთის მოყვარეთ, რომელთაც ეშინიათ მისი და იცავენ მის მცნებებს.
ასევე გულისხმაყავი, ძმაო, წარწყმედა ცოდვილთა, როცა ისინი წარსდგებიან საშინელ სამსჯავროზე, როგორი სირცხვილი და მწუხარება მოევლინებათ, როცა დადგებიან მარცხენით მეუფისა; როგორი ბნელი დაკრავთ მათ, როგორ შეძწუნდებიან, როცა ისმენენ: „წარვედით ჩემგან, დაწყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნოსა“. ვაიმე, ძმანო ჩემნო, რა მწარე მწუხარება შეიპყრობს მათ სულთ, როცა ხმანი კრებულისა იღაღადებენ ცოდვილთა ჯოჯოხეთში ჩასვლას. ვაიმე, ძმანო ჩემნო, როგორი გლოვა და მოთქმა იქნება, როცა გაუყენებენ მათ საუკუნო სატანჯველის გზას - დაუთმენელს და დაულევნელს, სადაც იქნება ტირილი განუწყვეტელი, კბილთა ღრჭენა და მარადიული ჯოჯოხეთი, რისიც თავად ეშმაკსაც ეშინია.
ვაი, საყვარელო, რა არის ჯოჯოხეთი? - ცეცხლი დაუშრეტელი, წყვდიადი საუკუნო, სადაც ცოდვილნი უწყალოდ იტანჯებიან. ისინი თავიანთი სატანჯველის გამო იღაღადებენ ღვთის მიმართ, მაგრამ უფალი არ უსმენს მათ. მაშინ მიხვდებიან, რომ ამაო იყო მათი ცხოვრება ამ წუთისოფელში, რადგან არ ეგონათ, რომ აქაური, წუთიერი სიტკბოება საუკუნო სიმწარედ გადაექცეოდათ. ისინი აღიარებენ თავიანთ ბოროტ საქმეებს და იტყვიან: უფლის სასჯელი სამართლიანია, რამეთუ გვეუწყა ამის შესახებ და არ ვინებეთ ბოროტი საქმეებისაგან განშორება. მაგრამ იმ დროს უკვე აღარანაირი სარგებელი აღარა აქვს მათ ღაღადებას.
გევედრებით თქვენ, ძმანო, რადგან ამ საშინელ დღეს მოველით, ვისწრაფვოთ, განვიწმიდოთ ცოდვებისაგან, რათა უბიწო სულით, მშვიდობით წარვსდგეთ უფლის წინაშე.
წმიდა იოანე ოქროპირი
***
მოგვიახლოვდა დიდი მარხვა. მის დადგომამდე ერთი კვირაღა დაგვრჩა და მას ყველიერის კვირეული ეწოდება. ჩვენ უკვე გავიარეთ მეზვერისა და ფარისევლის და უძღები შვილის კვირიაკე. დღეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა არის ადამიანის დანიშნულება, მისი ცხოვრების მიზანი. ზოგიერთს ჰგონია, რომ ადამიანის დანიშნულება ამ ქვეყნად მხოლოდ მიღება და მოხვეჭაა, რა თქმა უნდა ასეცაა, მაგრამ ადამიანმა უფრო მეტი უნდა გასცეს მეორე ადამიანის და ქვეყნისათვის. მოკლედ რომ ვთქვათ, ადამიანი ნეტარებისა და სიყვარულისთვისაა დაბადებული და ეს სიყვარული საქმით უნდა გამოვლინდეს. დღეს წირვაზე სახარების ის ადგილი იქნა წაკითხული, სადაც უფალი იესო ქრისტე მეორედ მოსვლის შესახებ გვაუწყებს. როდის მოხდება ეს მეორედ მოსვლა არავინ იცის, მაგრამ როგორც საღვთო წერილი გვაუწყებს, ის მაშინ იქნება, როცა ადამიანი სულიერად ისე დაეცემა, რომ გაქრება სიყვარული თვით უახლოესთა შორისაც კი და სარწმუნოება დაიკარგება. მაგრამ, როგორც ვიცით, საქართველოზე, რომელიც ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, არსებობს წინასწარმეტყველება, რომ იგი უკანასკნელ ჟამს გაბრწყინდება. საოცარი და ენითუთქმელი წყალობაა, მაშინ, როცა მთელი ქვეყნიერება სარწმუნოებას დაკარგავს, საქართველო, როგორც ეს ღვთისმშობელმა ათონის მთაზე ივერიის მონასტრის ბერს, გაბრიელს, აუწყა, გაბრწყინდება. ჩვენი ერის მიმართ უფლის განსაკუთრებულ წყალობაზე მრავალი ნიშანი მეტყველებს მაცხოვრის კვართის მცხეთაში ჩამობრძანება, ღვთისმშობლის წილხვდომილობა და სხვ. ალბათ ამით უნდა ავხსნათ იოანე ზოსიმეს სიტყვები იმის თაობაზე, რომ მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა ქართულითა ენითა განისჯება. ეს იქნება ალბათ ჯილდო იმისათვის, რომ საქართველო თვით უკანასკნელ ჟამსაც კი შეინარჩუნებს ჭეშმარიტ სარწმუნოებასა და სიყვარულს. როგორც მწყემსი არჩევს ცხვართა და თიკანთა, ასე უფალი მეორედ მოსვლისას მარჯვნივ კეთილთა დაიყენებს, ხოლო მარცხნივ - უკეთურებს. მარჯვნივ მყოფთ ეტყვის: მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. თუ რისთვის უნდა დაიმკვიდრონ მათ მათთვის ქვეყნის დასაბამითგან განმზადებული სასუფეველი, ეს მაცხოვრის მომდევნო სიტყვებშია განმარტებული: რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. ე.ი. იმას კი არ ეკითხება ვინ რა შეიძინა და მოიხვეჭა, ვის როგორ სწამდა და ლოცულობდა, არამედ იმას, ვინ რა კეთილი საქმე გააკეთა, ვინ დაეხმარა და გაუწოდა ხელი გასაჭირში ჩავარდნილს, რადგან როცა ამბობს, მშიერი ვიყავი და დამაპურეთ, მწყუროდა და წყალი მომაწოდეთო, იმათ გულისხმობს, ვისაც უჭირთ. მარცხნივ მდგომთა სასუფეველი სწორედ იმიტომ დაკარგეს, რომ მშიერ-მწყურვალთა და სნეულთა მიმართ, უგულობა გამოიჩინეს.
ადამიანის ერთადერთი დანიშნულება, ალბათ ამაში თქვენც დამეთანხმებით, სიკეთის ქმნაა. ყოველი კაცი სანთელს უნდა ჰგავდეს, ირგვლივ მყოფთ ერთდროულად უნდა უნათებდეს და ათბობდეს კიდეც. ყოველმა ჩვენგანმა თავის თავს უნდა ჰკითხოს: ანათებს თუ არა იგი და ათბობს თუ არა ადამიანებს. თუ იგი პირიქით იქცევა და გარშემო მყოფთ ზღუდავს და აბრკოლებს, მაშინ მარცხენა ადგილს, ანუ საუკუნო წარსაწყმედელს დაისაკუთრებს.
ადამიანის ბუნება რთულია. არა მარტო კაცობრიობა, არამედ ყოველი ადამიანიც გაყოფილია, რადგან ბრძოლა კათილს და ბოროტს შორის ყველგან იგრძნობა. თვით მოციქული პავლეც კი ამბობს, რომ ხშირად იმას აკეთებდა, რაც არ უნდოდა. შესანიშნავი სიტყვები ეკუთვნის ჰაინრიხ ჰაინეს იმის თაობაზე, რომ ქვეყანა შუაზე გაიყო და ბზარმა მის გულზე გაიარა. მართლაც ეს გაყოფა განსაკუთრებით ადამიანის გულზე იგრძნობა. თუ შენ ამ ბზარს არ გრძნობ და ჭრილობის განკურნებას არ ცდილიაბ, არ იღწვი იმისათვის, რომ ბოროტს კეთილმა სძლიოს, მაშასადამე, უფლის მარჯვნივ ვერ დადგები. ადამიანის მაცხოვნებელი სარწმუნოებასთან ერთად სიყვარული და კეთილი საქმეა. რა თქმა უნდა, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც თავისი თავი სძულდეს და მასზე არ ზრუნავდეს, მაგრამ გააჩნია, რას გულისხმობს ზრუნვაში, რა ჰგონია თავისთვის კარგი და სასარგებლო. ყოველ ჩვენგანს აუცილებლად უნდა გვქონდეს სულიერი თვალი, რათა სხვისი გასაჭირი და ტკივილი დავინახოთ და საკუთარივით განვიცადოთ. მაგრამ ისიც უნღა აღინიშნოს, რომ ხშირად სხვისი მწუხარებისა და ჭირის გაზიარება კი შეგვიძლია, მაგრამ სიხარულისა და ბედნიერებისა - არა. თუ შურს დაძლევ და სხვისი სიხარულით გაიხარებ, უფალი შენც აუცილებლად დაგაჯილდოვებს სიხარულით, ისე როგორც უძღები შვილი დააჯილდოვა საყვარელმა მამამ. როგორც ეს მამა უნახავდა თავის შეცდომილ ძეს სამოსელ პირველს, ბეჭედსა და ზვარაკს და მის შინ დაბრუნებას ელოდებოდა, ასევე ელოდება უფალი ყოველი ადამიანის და საერთოდ მთელი კაცობრიობის დაბრუნებას მასთან.
შევსთხოვ უფალს, რომ მოგანიჭოთ დიდი რწმენა და სიყვარული, რომელიც კეთილი საქმეებით გამოვლინდება, მოგანიჭოთ ის სულიერი თვალი, რომელიც სხვის გასაჭირს დაგანახებთ. ღმერთშა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გაგაძლიეროთ სიკეთის სამსახურით, რომელიც მარადიულ სასუფეველს დაგიმკვიდრებთ.
ამინ.
9 მარტი, 1985 წ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















