სიახლეები
საკვირაო ქადაგება
26/01/2014
დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას პატრიარქმა განწყობის თეორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანი წინასწარ უნდა განეწყოს იმ საქმისთვის, რომელსაც აკეთებს, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი გამოვა.
"ადამიანმა უნდა გამოიყენოს ანალიტიკური აზროვნება, რომ განსაჯოს, რამდენად საჭიროა ესა თუ ის მშენებლობა და რამდენად გამოადგება მომავალ თაობებს და არ უნდა იფიქროს მხოლოდ ისე, როგორც მას მოსწონს. ჩემი აზრით, დღეს უკვე თანდათან ვფიქრობთ, გამოადგება თუ არა ესა თუ ის საქმე ჩვენს შვილებს და საჭიროა თუ არა მისი გაკეთება", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, ადამიანმა წინასწარ უნდა იფიქროს და აწონ-დაწონოს, რას და რისთვის აკეთებს. "ხშირია, როდესაც რაღაცას ვაშენებთ და შემდეგ ის ასაღები ხდება, რადგან ვერ გავიაზრეთ, საჭირო იყო თუ არა საქართველოსთვის ეს მშენებლობა", - ბრძანა ილია მეორემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს თემაზე "განწყობა შრომისთვის" თემის მომზადება დაავალა. როგორც ილია მეორემ ქადაგებისას ბრძანა, ადამიანები უნდა დაფიქრდნენ შრომაზე და მასთან მიმართებაში განწყობის როლსა და მნიშვნელობაზე.
"შრომა მხოლოდ ფიზიკური არ არის. არსებობს სულიერი და ინტელექტუალური შრომა. მინდა მოგცეთ დავალება თემაზე – განწყობა შრომისთვის. როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა დაგეგმოს ადამიანმა, რომ შრომის განწყობა შეიქმნას. თუ განწყობა არ იქნა, არაფერი გამოვა. მაგალითად, საბავშვო ბაღში ბავშვები, გოგონები სათამაშოდ ირჩევენ თოჯინებს – ზოგიერთი – ერთს, ზოგიერთი კი ბევრს. უკვე ამ დროიდან იქმნება განწყობა და როდესაც ეს ბავშვები გაიზრდებიან, იმდენი შვილი ეყოლებათ, რამდენი თოჯინაც აირჩიეს ბავშვობაში. ამიტომ, განწყობის თეორიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავდგათ განწყობის თეორიის ძეგლი", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, უცხოეთში ამ თემაზე უკვე ფიქრობენ და შესაძლოა, საქართველოს დაასწრონ. "ვიფიქროთ, როგორ გამოვხატოთ განწყობის თეორია საქმეში. ჩვენ ის აბსტრაქტულად წარმოგვიდგენია, რადგან მიწიერ ცხოვრებაში ვერ ვხედავთ. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, დაწეროთ, როგორ წარმოგიდგენიათ განწყობის თეორია შრომასთან მიმართებაში. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანს შეექმნას განწყობა ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური შრომისთვის. კარგად გაიაზრეთ და ღრმად გააანალიზეთ, როგორ შეიძლება განვაწყოთ ადამიანი შრომისთვის", - მიმართა მრევლს უწმინდესმა.
როგორც ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, წინაპრები მუდამ ფიქრობდნენ იმაზე, რომ მიწა ჰქონოდათ. დღეს კი, უწმინდესის თქმით, მთავრობა ხალხს მიწებს ურიგებს, თუმცა მათი დიდი ნაწილი დაუმუშავებელია.
"მთავრობამ ხალხს მიწა დაურიგა, მაგრამ აცდენენ, არ ამუშავებენ. მაგალითად, ყაზბეგის რაიონში საუკეთესო ნიადაგია კარტოფილისთვის. იქ იმდენი და ისეთი კარგი კარტოფილი მოდის, მთელ საქართველოს ეყოფა, მაგრამ მიწების უდიდესი ნაწილი ცდება, დაუმუშავებელია. ღმერთმა გაგვიხსნას გონება და გული, რათა გავიგოთ, რა არის განწყობის თეორია", - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის თქმით, ქართველ ადამიანს შრომისადმი სიყვარული ყოველთვის გამოარჩევდა, თუმცა ერს დღეს შესაბამისი განწყობა აკლია.
პატრიარქმა ასევე მეცნიერების განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ქართველმა ადამიანმა მეცნიერება დაკარგა, დაიღუპება.
"მეცნიერებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რადგან ის გადაარჩენს ჩვენს ხალხს. თუ ჩვენ მეცნიერება დავკარგეთ და დავივიწყეთ, ქართველი ხალხი დაიღუპება. მეცნიერება ცვლის ადამიანის ბუნებას და ხასიათს. თუ განათლებულია ადამიანი, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის წინაშე", - ბრძანა უწმინდესმა და აღნიშნა, რომ ქართველი ადამიანი მორწმუნეობით, შრომისა და მეცნიერების სიყვარულით ყოველთვის გამოირჩეოდა.
უწმინდესის თქმით, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში უამრავ ადამიანს ჰქონდა უმაღლესი განათლება. "ყველაფერი წინ მიდის და არ შეიძლება, ქართველი ადამიანი დარჩეს ფულის და ჭამა-სმის მოყვარე. უნდა ვიფიქროთ ინტელექტუალურ სიმაღლეზე. ჩვენ ძალიან ბევრი მეცნიერი გვყავდა", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა მაგალითად დიმიტრი უზნაძე დაასახელა, რომელმაც განწყობის თეორია აღმოაჩინა და განწყობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. "თუ ადამიანს წინასწარ განწყობა არ ექნება, არაფერი გაკეთდება", - ბრძანა პატრიარქმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















