სიახლეები
საკვირაო ქადაგება
29/12/2013
„ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, მაგრამ მომავალს იმედით ვუყურებთ“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
პატრიარქმა ახალი წლის მოახლოებაზე ისაუბრა და საქართველოსა და მსოფლიოს ბედნიერება უსურვა.
"ბედნიერება სამი ძალისგან შედგება. ეს არის ღვთის ლოცვა- კურთხევა, წინაპრების ცოდვა და მადლი და პირადად ადამიანის მოქმედება, ცხოვრება. ჩვენ მუდამ უნდა ვთხოვოთ მადლი უფალს. ძველი გამონათქვამია – მამა ნახე, დედა ნახე, შვილი ისე გამონახე. თუ კეთილი ცხოვრების წინაპრები ჰყავს ადამიანს, მასზე მადლი გადმოდის და თუ წინაპრებს ცოდვა აქვთ ჩადენილი, ისიც გადმოდის შთამომავლობაზე. მესამე თავად ადამიანის მოღვაწეობაა. თუ ჩვენ ამ ყველაფერს ყურადღებას მივაქცევთ, ბედნიერი ვიქნებით", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, ხშირად ამბობენ, თუ ბედი დაწერილია, მაშინ რაღა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვრებას. როგორც უწმინდესმა განმარტა, ბედი დაწერილია, რადგან ღმერთისთვის ადამიანის წარსულიც, აწმყოც და მომავალიც აწმყოა.
"უფალი ხედავს ადამიანის ცხოვრებას და მომავალს. ამიტომ დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ყოფაქცევას, ჩვენს სიტყვებს. შემთხვევით არ არის ნათქვამი, ყოველ სიტყვაზე ადამიანი პასუხს გასცემს უფალს. ადამიანმა უნდა აკონტროლოს სიტყვაც და საქმეც", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა მშობლების დალოცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მრევლს მოუწოდა, ყოველდღე სთხოვონ დალოცვა დედ-მამას. "ვისაც გყავთ მშობლები, ყოველდღე მიდით მათთან და თავმდაბლობით სთხოვეთ დალოცვა. რასაც გეტყვიან ისინი, ის ასრულდება, ის მოგეცემათ თქვენ. თქვენს მშობლებს ხელზე უნდა ემთხვიოთ. ამის საშუალებით მამა, ძე და სული წმინდა გადმოგცემთ მადლს. ეს არ უნდა დაივიწყოთ, მშობლების დალოცვა ძალიან ძლიერი ძალაა", - ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქმა ისურვა, ღმერთმა მისცეს ქართველ ერს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული, მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, იმედი ღვთისა, ადამიანისა და მომავლისა.
"ღმერთმა მოგვცეს ძალა, დავძლიოთ ის წინააღმდეგობები, რომელიც ხვდება ადამიანს ცხოვრების გზაზე. ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენოთ მამაზეციერმა", - მიმართა მრევლს პატრიარქმა.
სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს 1-ელ და 2 იანვარს თევზის მიღების კურთხევა მისცა. როგორც პატრიარქმა დღევანდელი საკვირაო ქადაგების დასასრულს ბრძანა, ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანები თევზს კურთხევის გარეშეც მიირთმევენ.
"ხალხი მაინც მიირთმევს თევზს ახალი წლის დღეებში და ლოცვა- კურთხევა მაინც ჰქონდეს", - ბრძანა პატრიარქმა.
უწმინდესის განმარტებით, საახალწლო პარაკლისი ძველით ახალ წელს შესრულდება.
"ბედნიერი შობა-ახალი წელი გაგითენოთ მამაზეციერმა", - ბრძანა ილია მეორემ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















