Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Memorandum

საქართველოს საპატრიარქოში მემორანდუმი გაფორმდა

24/12/2013

საქართველოს საპატრიარქოში მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, სულიერების, მეცნიერებისა და კულტურის აღორძინებისა და განვითარების მიზნით , პროექტები დაფინანსდება.

ბიზნესმენი დავით იაკობაშვილი პატრიარქის ფონდის მეშვეობით პროექტების დასაფინანსებლად 350 ათას ლარს გამოყოფს.

საქართველოს საპატრიარქოში პატრიარქის ფონდსა და ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის წარმომადგენელს შორის დღეს მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ და დავით იაკობაშვილის წარმომადგენელმა ივანე ნაკაიძემ.

ხელმოწერის ცერემონიამდე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა დავით იაკობაშვილს დახმარებისა და განსაკუთრებული ყურადღებისათვის და აღნიშნა, რომ საპატრიარქო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისეთი დარგების განვითარებას, როგორიცაა ფსიქოლოგია, ფილოსოფია და სხვა და ეს თანხა ხელს შეუწყობს ამ დარგების განვითარებას საქართველოში.

"დღეს უნდა მოეწეროს ხელი ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს. ჩვენ მადლობას ვუხდით დავით იაკობაშვილს ამ დიდი ყურადღებისათვის. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ფილოსოფიის, ფსიქოლოგიის და სხვა დარგების გავითარებას და ეს თანხები ხელს შეუწყობს ამ ყოველივეს", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

პატრიარქის საერთაშორისო ფონდსა და ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის შორის გაფორმებული მემორანდუმის ტექსტზე და მნიშვნელობაზე ისაუბრა პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ. მისი თქმით, მემორანდუმით ფონდი იწყებს პროექტების განხორციელებას, რომლის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეებს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში საშუალება ექნებათ ფონდს წარუდგინონ პროექტები გრანტების ან დასრულებული შრომების პრემიებისათვის.

ფონდი უზრუნველყოფს სპეციალისტების მიერ წარმოდგენილი საგრანტო და საკონკურსო ნაშრომების შეფასებას, ხოლო ფონდის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას გრანტების და პრემიების გამოყოფის შესახებ. ლაშა ჟვანიას თქმით, საგრანტო-საკონკურსო მიმართულებაა: სოფლის მეურნეობა, ამ მიმართულებაში დაწესებულია სამი გრანტი და სამი საპრემიო ნომინაცია, რომელთა თანხობრივი რაოდენობა განსაზღვრულია 220 ათასი ლარით. მეორე მიმართულებაა ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ამ მიმართულებით სრული ბიუჯეტი შეადგენს 70 ათას ლარს, ნომინანტთა რაოდენობა, 10-15 პირით იქნება განსაზღვრული. მესამე სფეროა კულტურის სფერო. ამ სფეროს განვითარებისთვის ბიუჯეტი შეადგენს 60 ათას ლარს, საკონკურსო თანხა გაიცემა 10-დან 16 კონკურსანტზე. მთელი საგრანტო-საპრემიო თანხის ოდენობა 2014 წლის ივლისამდე, ანუ 6 თვის განმავლობაში, შეადგენს 350 ათას ლარს.

ლაშა ჟვანიამ მადლობა გადაუხადა დავით იაკობაშვილს ამ დახმარებისათვის და მოუწოდა სხვა ბიზნესმენებს შეუერთდნენ ამ კეთილ საქმეში, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ხორციელდება. მემორანდუმთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა დავით იაკობაშვილის წარმომადგენელმა ივანე ნაკაიძემ. მისი თქმით, ბევრი გამოგონება არის და ეს საგრანტო კონკურსი ამ ყველაფერს თავს მოუყრის. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ თაობათა ერთობის პროცესი დაფიქსირდება, ახალგაზრდები აირჩევენ მენტორ მეცნიერებს და ეს იქნება ორი თაობის ურთიერთკავშირი და ერთმანეთისთვის დახმარება.

მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, პატრიარქის ფონდს გრანტებისთვის პროექტები განსახილველად წარუდგინონ.

საქართველოს მოქალაქეებს და საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს საშუალება მიეცემათ, კათოლიკოს-პატრიარქის ფონდს განსახილველად წარუდგინონ პროექტები გრანტებისთვის და დასრულებული შრომები - პრემიებისთვის.

პროექტი, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართება, ბიზნესმენ დავით იაკობაშვილის დაფინანსებით განხორციელდება. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, საგრანტო-საკონკურსო მიმართულებებია: სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიები - გამოგონებები; ჰუმანიტარული მეცნიერებები (ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საღვთისმეტყველო თარგმანები); საგრანტო მიმართულება კულტურის სფეროს განვითარებაში.

ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებებზე წარდგენილი ნაშრომებიდან პატრიარქის ფონდის საბჭო ათ საუკეთესოს დაასახელებს. ასევე გაიცემა ხუთი პრემია, რომელიც თანაბრად გადანაწილდება კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისათვის და ხუთი სტიპენდია, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების სწავლებისათვის. 

ასაკობრივი ზღვარი დაწესებული იქნება მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებაზე. 20-30 წლამდე ახალგაზრდებს შეეძლებათ ამ პროექტზე წარადგინონ შრომები. მათ მიეცემათ საშუალება აირჩიონ ასაკოვანი და გამოცდილი მენტორები, მეცნიერები, ტექნოლოგები ან დარგობრივი პროფესიონალები, რომლებიც წარუძღვებიან პროექტს.

"უწმინდესის კურთხევითა და ამ ინიციატივით გვაქვს სურვილი ხაზი გავუსვათ თაობებს შორის ურთიერთობის უდიდეს მნიშვნელობას, რადგან ახალგაზრდა ადამიანების დაუშრეტელი ენერგიისა და ღვაწლმოსილ მეცნიერებში ჩადებული გამოცდილების და ცოდნის სინთეზი, ფასდაუდებელია და სათანადო ყურადღებასა და დაფასებას საჭიროებს", - აცხადებს დავით იაკობაშვილი.

პატრიარქის ფონდში კი აღნიშნავენ, რომ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაფუძნებიდან დღემდე პატრიარქის ფონდმა მრავალი სამეცნიერო-კულტურული პროექტი დააფინანსა.

"ახალი საპროექტო წინადადებებისა და ინოვაციების განხორციელება აუცილებელია, როგორც მეცნიერებისა და კულტურის, ისე სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით. ამდენად, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე, როგორც ღვაწლმოსილ, ისე ახალგაზრდა მეცნიერებს საგრანტო დაფინანსების გზით განახორციელონ მნიშვნელოვანი პროექტები.

მადლობას მოვახსენებთ ბატონ დავით იაკობაშვილს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი ინიციატივისათვის, რაც საქართველოსადმი მისი დიდი სიყვარულის და ზრუნვის ნათელი დასტურია", - აცხადებენ კათოლიკოს-პატრიარქის ფონდში.

კონკურსანტებისა და ლაურეატების დაჯილოება გაიმართება აღდგომის შემდეგ კვირაში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

იხილეთ ვიდეო-სიუჟეტი

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced