Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

საკვირაო ქადაგება

15/12/2013

15 დეკემბერს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორც პატრიარქმა ქადაგებისას ბრძანა, ადამიანები დროსთან ერთად იცვლებიან, მაგრამ მათ არ უნდა დათმონ მთავარი ფასეულობა – მართლმადიდებლური სარწმუნოება.

“ყველაფერი ცვალებადია ამ ქვეყანაზე – ადამიანი, ბუნება, ურთიერთობა, კანონები. მთავარია, დავინახოთ ჩვენი გზა – რომელი გზით ვიაროთ, რა არის მართალი და რა არა, რა არის ბოროტი და კეთილი. ძველი რომაელი ბრძანებენ: “დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად.”

დღეს ყოველმა ადამიანმა, ერმა ქვეყანამ უნდა დაინახოს სად მიდის. არის ფასეულობა, რომლის დათმობაც შეუძლებელია. ეს გახლავთ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოება – მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა ძვირფასია იმით, რომ ეს არის მოციქულობის სარწმუნოება, რომელიც გადმოსცა მაცხოვარმა. ეს არის სიკეთე, სიყვარული, სასოება, იმედი ღვთისა და მომავლისა. ყოველმა ადამიანმა უნდა იფიქროს თავის ოჯახზე, ერზე. ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია ღვთისა და ქვეყნის, ერის წინაშე, ამიტომ ადამიანმა უნდა იფიქროს უფრო ღრმად”, – ბრძანა უწმიდესმა.

პატრიარქის თქმით, დღეს ადამიანმა ბევრი იცის, მაგრამ სიღრმე და ანალიზი აკლია.

“ანალიტიკური აზროვნება დაქვეითებულია. ადამიანმა უნდა გააანალიზოს წარსული, აწმყო და მომავალი… ხშირია, როდესაც წარსულსიდიალურად წარმოვიდგენთ. არიან ადამიანები, რომლებიც პირიქით, წარსულში ყველაფერ ნეგატიურს, ცუდს ხედავენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა პერიოდში არის როგორც დადებითი, ისე – უარყოფითი მხარეები. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, თუ ესა თუ ის მოვლენა დადებითია, უნდა მივიღოთ, თუ უარყოფითია – არა”, – ბრძანა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანის ცხოვრება განსაცდელი და გამოცდაა, რომელიც ადამიანმა უნდა ჩააბაროს.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანის ცხოვრება არის მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობა, კარგი პირობები, კარგი ოჯახი, ეს ასე არ არის. ადამიანის ცხოვრება უფრო რთული პროცესია, პასუხისმგებლობა ღვთის, ოჯახისა და ერის წინაშე. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რისთვის მოგვავლინა ღმერთმა ქვეყანაზე. ეს ქვეყანა, როგორც მდინარე უნდა განვლოს ადამიანმა და უნდა გადავიდეს იმ ქვეყნად.

ჩვენი წინაპრები ამბობდნენ: იხარეთ ორსავ სოფელსა შინა. ე.ი. სააქაოსა და საიქიოსაც. ადამიანი გახარებულია იმ შემთხვევაში, თუ ღმერთთან აქვს კავშირი. თუ ღმერთია მისი მფარველი და წინამძღვარი. “სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქვეყანასა წრფელსა”. სულიწმიდა უნდა უძღოდეს ადამიანს ქვეყანასა წრფელსა, ანუ მომავალ ქვეყანაში.

ღმერთმა ინებოს ყოველი ადამიანი და მთელი საქართველო დადგეს იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს ქვეყანასა წრფელსა. ღმერთმა ინებოს, ყველა ჩვენგანმა დაინახოს სად თეთრია, სად შავი, სად კეთილი და სად ბოროტი. ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე და გული გონიერი, რათა კეთილად განვვლოთ ჩვენი გასავლელი გზა”, – ბრძანა უწმინდესმა.

უწმიდესმა ქადაგების დასასრულს რამდენიმე გვარი დალოცა.

როგორც პატრიარქმა ქადაგების დასასრულს აღნიშნა, გვარების დალოცვის წესი ცოტა ხნით შეჩერდება, რადგან ზოგიერთი რამ კიდევ დასაზუსტებელია.

იხილეთ ქადაგება სრულად

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced