სიახლეები
პატრიარქს სამართლიანობის უმაღლესი ჯილდო გადაეცა
22/11/2013
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამართლიანობის უმაღლესი ორდენით დაჯილდოვდა.
საპატიო ჯილდო პატრიარქს მსოფლიოს იურისტთა ასოციაციამ მიანიჭა, რომლის შტაბ-ბინა ვაშინგტონში მდებარეობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები და წევრები დღეს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ და ჯილდო დიპლომთან ერთად გადასცეს.
ცერემონიას მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი პაატა ცნობილაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენტი კიმ კორლი, მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი აშშ-ში ბენ გრიფიტი, აღნიშნული ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ევდოკიმოვი, ასევე სასულიერო პირები, დიასპორის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი და იურისტები ესწრებოდნენ.
როგორც უცხოელმა სტუმრებმა აღნიშნეს, ჯილდო ილია მეორეს მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრებისა და განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.
თავის მხრივ, პატრიარქმა განაცხადა, რომ „ადამიანისთვის სამართლიანობა უმთავრესი უნდა იყოს, ვინაიდან მშვიდობა რომ სუფევდეს საზოგადოებაში, საჭიროა სამართლიანობა და კანონის უზენაესობა“.
„საქართველოს და პირადად ჩემი სახელით გულითადად მოგესალმებით. ის ჯილდო, რომელსაც დღეს ვიღებ თქვენგან, სრულიად მოულოდნელია ჩემთვის. მე ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეს ყოველი ადამიანი და მით უმეტეს პატრიარქი. ეს არის სამართლიანობის აღდგენა და მართლაც, ადამიანისა და კაცობრიობის ყოფაში სამართლიანობა უნდა იყოს უმთავრესი. მე მინდა, მადლობა მოგახსენოთ ყურადღებისათვის. ჩვენ ვიმყოფებით იმ დარბაზში, რომელშიც რომის პაპი იოანე პავლე მეორე მივიღე და მქონდა მასთან მეგობრული ურთიერთობა. მინდა, მოვიყვანო სიტყვები ნეტარი ავგუსტინესი: მშვიდობა ყველას უნდა, მაგრამ ყველას თავისებურად ესმის. მშვიდობა რომ სუფევდეს საზოგადოებაში, საჭიროა სამართლიანობა და კანონის უზენაესობა. ძველი რომაელები ამბობდნენ "კანონი რაც უნდა მკაცრი იყოს, ის არის კანონი და უნდა დავემორჩილოთ მას." ჩვენ გამოვიარეთ რთული პერიოდი, ჩავატარეთ დემოკრატიული არჩევნები, გვყავს ახალი პრეზიდენტი და ხელისუფლება. ვფიქრობთ, მშვიდობა იქნება ჩვენთან და მშვიდობას შევინარჩუნებთ. მადლობას ვწირავ მსოფლიოს იურისტთა ასოციაციას ამ ჯილდოსთვის", - აღნიშნა უწმინდესმა შეხვედრაზე.
ცნობისთვის: ორგანიზაცია აღნიშნულ ჯილდოს წელიწადში ერთხელ ანიჭებს უმაღლეს სასულიერო და საერო პირებს მათი ღვაწლისათვის მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრების საქმეში. სამართლიანობის უმაღლესი ორდენი ამერიკის იურისტთა ასოციაციამ თავის დროზე რომის გარდაცვლილ პაპ იოანე პავლე მეორეს, დიდი ბრიტანეთის დედოფალს, ასევე სხვა ცნობილ პიროვნებებს მიანიაჭა.
როგორც შეხვედრაზე ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ცნობილაძემ აღნიშნა, იგივე ჯილდო ხვალ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს გადაეცემა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















