სიახლეები
საკვირაო ქადაგება
06/10/2013
6 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა და დღესასწაული – იოანე ნათლისმცემლის მუცლად ღების დღე მიულოცა.
როგორც მეუფემ ქადაგებისას აღნიშნა, ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა ეკლესიის წინააღმდეგ გალაშქრება.
“ტელევიზიით ხშირად ვხედავთ ადამიანებს, სტატუსით – თეოლოგი. ამ სიტყვის გაუბრალოება არ შეიძლება. თეოლოგი, ანუ ღვთისმეტყველი მხოლოდ სამი არსებობდა – გრიგოლი, იოანე და სვიმონი. უნდა დაფიქრდეთ, საიდან მოვიდა ამდენი ახალი ღვთისმეტყველი…
ჩვენ, ქრისტიანებსა და სასულიერო პირებს სამაგალითო ცხოვრება გვმართებს, რათა ჩასაფრებულ ადამიანებს რამდენიმე კაცის მაგალითზე ქრისტესა და ეკლესიაზე ცუდი ლაპარაკის საშუალება არ მივცეთ, არ დავაბრკოლოთ ისინი. თუმცა, გარკვეულწილად ეს ჩვენი ბრალიც არის, რადგან ყველა ადამიანს აქვს სისუსტეები”, – ბრძანა მეუფემ.
ეპისკოპოს იაკობის თქმით, ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია დიდი ხანია მიმდინარეობს. ბოროტი მუდამ ებრძოდა ეკლესიას. თუმცა, დღეს, ვითომდა იმ საფარველით, რომ ეკლესიის სისუფთავე სურთ, ღმერთისა და საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ იბრძვიან.
“ჩვენ ყველა მათგანის გვარები, ვისაც ასეთი მწერლობა ეხერხება ვიცით და ასევე გვაქვს ინფორმაცია მათი დაფინანსების წყაროებისა და მათი ქართველი პატრონების შესახებ. დღეს ქვეყანას ძალიან უჭირს, დიდი ტერიტორია დაპყრობილია. დაპყრობილ ტერიტორიებში მხოლოდ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს არ ვგულისხმობ. ჩემთვის ტაო-კლარჯეთიც ისეთივე დაპყრობილია, როგორც ეს რეგიონები. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ წაგართმევს, თუმცა ყველამ უნდა იცოდეს, რომ ადრე თუ გვიან, ისინი აუცილებლად დაბრუნდება. მინდა ვურჩიო ეკლესიაზე გადაკიდებულებს, თავიანთ თავს მიხედონ და დაფიქრდნენ, რა გაუკეთებიათ. თუ გვსურს, ქვეყანა გადარჩეს, ერთობა უნდა გვქონდეს. კინკლაობა საჭირო არ არის,” – ბრძანა ეპისკოპოსმა.
მეუფის თქმით, უმჯობესია, ეკლესიის მოწინააღმდეგეებმა საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრონ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















