Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Candles

სოხუმის დაცემა

27/09/2013

სოხუმის დაცემიდან 20 წელი გავიდა…

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

ქართულ შენაერთებს აფხაზებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიიდან დაქირავებული მებრძოლები, კაზაკთა მილიციისა და არაოფიციალურად გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის შენაერთები ებრძოდნენ.

სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.

ამ დღეს სეპარატისტებმა შეთანხმება დაარღვიეს და ფართომასშტაბიანი იერიში მიიტანეს სოხუმზე ზღვიდან, ჰაერიდან და ხმელეთის მისადგომებიდან. საქართველოს კი, შეთანხმების თანახმად, ამ დროისთვის მძიმე შეიარაღების დიდი ნაწილი უკვე კონფლიქტის ზონიდან გაყვანილი ჰყავდა. მასობრივ შემოტევას სუსტი შეიარაღებით ქართულმა ნაწილებმა ვერ გაუძლეს. ქალაქი საბოლოოდ დაეცა…

ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.

27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს – ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს – გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე: “აფხაზეთის დაცემაც, – ეს არის ამ კუთხის დროებითი მოწყვეტა საქართველოდან, და არა სასჯელი ღვთისა! ეს არის გამოცდა ჩვენი ერისა და ჩვენი ქვეყნისა. ჩვენ კეთილი და მშვიდობიანი მომავლის იმედი გვაქვს. და შევთხოვთ უფალს, რომ მალე დადგეს ის ბედნიერი დღე, როცა საქართველოს გამთლიანებას ერთად იზეიმებს ქართველიც, აფხაზიც, ოსიც და სხვა ერის შვილებიც. თქვენ იცით, ეშმაკი ანაწევრებს, განჰყოფს, ღმერთი კი აერთიანებს და ამთლიანებს. ჩვენ ვართ ღვთის ერი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. დედა ღვთისმშობელმა ჩვენს ქვეყანას გადააფარა თავისი მოწყალე კალთა და ვერავინ შეძლებს საქართველოს დანაწევრებას. ვინც ამას ეცდება, პასუხს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გასცემს! საქართველო და ქართველი ერი იმედით უყურებს თავის მომავალს, რადგან ვიცით, რომ ჯვარცმას, მოსდევს აღდგომა და ამაღლება! ეს ელოდება ქართველ ერს, თუ ჩვენ კვლავ გავხდებით ღვთის ერი, თუ ჩვენ შევიგნებთ, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის “გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე”….

მე კარგად ვიცნობ აფხაზებს იმიტომ, რომ 11 წლის მანძილზე აფხაზეთის ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ვიყავი და მათ გვერდით ვცხოვრობდი. ქართველებსა და აფხაზებს საუკეთესო ურთიერთობა გვქონდა. ერთად ვხარობდით და ერთად განვიცდიდით, თუ მწუხარება დაგვატყდებოდა ხოლმე თავს. მე არაერთი ნათლული მყავს აფხაზი.

ყველას კარგად გვესმის, რომ ტრაგედია, რომელიც აფხაზეთსა და სამაჩაბლოში დატრიალდა, არ არის არც ქართველებისა და არც აფხაზებისა და ოსების ბრალი – ეს არის გარეშე ძალების მიერ ინსპირირებული და ყველამ ვიცით, თუ ვინ არის მთავარი მოქმედი პირი.

მაგრამ იმედი მაქვს იმისაც, რომ ყველა გაიგებს, რომ არსებობს ერთადერთი გამოსავალი – ესაა გზა მშვიდობისა, გზა შერიგებისა. ჩვენის მხრივ, ეკლესია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს შერიგება, რაც შეიძლება მალე მოხდეს. ვიმედოვნებთ, რომ მალე საქართველო გამთლიანდება და ქართველები აფხაზებთან ერთად ერთ ძეგლს ააგებენ, ძმათამკვლელ ომში დაცემულთათვის.

ღმერთმა დალოცოს, ღმერთმა აცხონოს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს სულნი აფხაზეთში დაცემულთა მონათა და მხევალთა მართლმადიდებლობით აღსრულებულთა და მათი ლოცვით ღმერთმა ინებოს, რომ მალე დადგეს ის ბედნიერი დრო, როცა გამთლიანებულ საქართველოში ერთად გაიხარებენ ქართველნი, აფხაზნი და ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სხვა ერის შვილები!“

ყოვლადწმიდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 27 სექტემბერი 2005 წ.

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დავითი: ის, რაც აფხაზეთში მოხდა, ჩემთვის, არა მხოლოდ როგორც ეკლესიის მსახურისათვის, არამედ როგორც მოქალაქისათვის, წარმოუდგენელი რამ არის. ბავშვობიდანვე ვეზიარე მას, რომ ქართველები და აფხაზები ნათესავები, ძმები არიან. ყოველთვის ამას ვქადაგებდი ამბიონიდანაც, მაგრამ ახლა ეჭვი გამიჩნდა, დიდი ეჭვი: როგორ შეიძლება ძმა იყოს ის, ვინც მოსაკლავად გაგიმეტებს და ტყვიას გესვრის. მე ღვთის მსახური ვარ და ღვთისავე სახელით კაცს ნებისმიერ შეცდომას მივუტევებ, მაგრამ ეს მაშინ ხდება, როდესაც მოინანიებს დანაშაულს და მიტევებას ითხოვს. სამწუხაროდ, აქ ჯერ ვერ ვხედავთ ამას. პირიქით, დამნაშავე სხვისთვის სისხლის გადაბრალებას ცდილობს. ეს ორმაგი შეცდომა და მკრეხელობაა. ყველაფრის პატიება არ შეიძლება, ამისათვის შთამომავლობა მოგვთხოვს პასუხს. როდესაც დამნაშავეზე ვლაპარაკობთ, მთელ ხალხს როდი ვგულისხმობ, ხალხი არ შეიძლება დამნაშავე იყოს. დამნაშავენი პიროვნებები არიან. ვლოცულობ ქართველთათვის და აფხაზთათვისაც, რომლებსაც თავგზას უბნევენ უკეთურები. ყველაფერს ვიღონებ, რათა ორ ხალხს შორის მშვიდობა აღდგეს. ეს ჩემს მისიად მიმაჩნია.

დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე: სოხუმი ბევრად უფრო ადრე დაეცა. ამ დაცემას ყველანი ვამზადებდით. ადამიანთა ცოდვები წვეთწვეთობით გროვდება და ერს გრიგალისებურ ტალღებად ატყდება ხოლმე. ჩვენივე ცოდვებმა განგვაიარაღა, ღვთის წინაშე ჩადენილმა დანაშაულმა ხელ-ფეხი შეგვიკრა. ასე აღმოვჩნდით დაუძლურებულნი სასტიკი მტრის წინაშე. შემოსეული მტერი, სტიქია თუ სიღატაკე მხოლოდ იარაღია ღვთის ხელში. მორწმუნემ მიზეზი სხვაგან უნდა ეძებოს. თუ ნამდვილ მიზეზს ვერ ვიპოვით, შედეგს ვერაფერს მოვუხერხებთ. ჩვენ ვერ შევაჩერებთ განსაცდელებს, თუ არ შევაჩერებთ ჩვენს ცოდვებს.

ჟამთააღმწერელი აღწერს ჯალალ-ედ-დინის მიერ დარბეული თბილისის საზარელ სურათს, მთელ ქალაქში მიმოფანტულ დახოცილ გვამებს. ასწლოვანი მატიანის მკითხველი ამაოდ დაუწყებს ძებნას პირსისხლიანი მტრის განმკითხველ სიტყვას. მემატიანე ამაზე არ საუბრობს. სამაგიეროდ, საუბრობს ქართველთა ცოდვებზე, რაც წინ უძღოდა ამ ტრაგედიას. არავის ეფერება - არც გლეხს, არც თავადს, არც სასულიერო პირს, არც მეფეს, ამხელს ერის ცოდვებს, აშიშვლებს მის წყლულებს. მაგრამ ამას აკეთებს არა ქედმაღლობით, განკითხვის ვნებით, არამედ თავმდაბლობით, სულიერებით. ღრმად მორწმუნე ისტორიკოსისათვის უბედურების ჭეშმარიტი სათავე ერის ცოდვებია.

მაშ, ჯალალ-ედ-დინი არაა დამნაშავე? განა ცოდვად არ ეთვლება ის, რაც ქართველთა წინააღმდეგ ჩაიდინა? რა თქმა უნდა, ისიც და საქართველოს ამჟამინდელი მტერიც ცოდავს და ცოდავს მძიმედ - მათ თავიანთი წილი დანაშაული აქვთ. მაგრამ რატომ დაუშვა უფალმა მტრის მძლავრობა ჩვენზე? - აი, შეკითხვა, რომელიც მორწმუნე კაცმა თავის თავს უნდა დაუსვას.

აფხაზეთის ტკივილს სხვა ასპექტებიც აქვს - სახარებაში მაცხოვარი ებრაელებს სილოამის გოდოლის დანგრევას და 18 კაცის დაღუპვის ამბავს ახსენებს და მიმართავს მათ - „იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეულები იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის მკვიდნი?“ - ეს კითხვა ყველა ჩვენგანისკენ არის მომართული. უფალი თავად პასუხობს მას: „არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით“.

მაგრამ გვწამს, რომ ჩვენინანებთ, წყალობის მოვიზიდავთ უფლისგან და საქართველოს მთლიანობა აღდგება. ასეთია ნება ღვთისა, - განაცხადა ერთხელ პატრიარქმა, ამასვე წინასწარმეტყველებდა გაბრიელი ბერი და ჩვენც გვწამს, რომ ეს მართლაც ასე იქნება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced