სიახლეები
საკვირაო ქადაგება
16/09/2013
15 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
უწმიდესმა ღვთის, ოჯახისა და სამშობლოსადმი პასუხისმგებლობის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
“ჩვენ ნაკლებად ვფიქრობთ პასუხისმგებლობაზე და ყურადღებას ვამახვილებთ უფლებებზე. უფლებები კარგია, საჭიროა და ისინი დაცული უნდა იყოს,მაგრამ ყოველმა ჩვენგანმა პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნოს. ძალიან ხშირად საუბრობენ მოსახლეობის უმცირესობის უფლებების დაცვაზე და იშვიათად ფიქრობენ, რომ უმრავლესობასაც უნდა დაცვა. ხშირ შემთხვევაში, უმრავლესობა უფრო დაჩაგრულია, ვიდრე – უმცირესობა…
ახალგაზრდობა ნაკლებად ფიქრობს პასუხისმგებლობაზე და თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობს. ჩვენი ახალგაზრდობა ნიჭიერია, სულიერიც არის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ სწორი გზა ვაჩვენოთ”, – ბრძანა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, მრავალი ახალგაზრდა ჩაირიცხა საშუალო თუ უმაღლეს სასწავლებლებში, თუმცა ისინი ნაკლებად ფიქრობენ, რისთვის უნდა ისწავლონ. ახალგაზრდობას ანალიზის უნარი აკლია. უწმიდესმა სკოლებში ანალიტიკური აზროვნების შესახებ საგნის სწავლების ინიციატივით გამოვიდა.
“მათ უნდა გაითავისონ ის პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. წარსულს, დღევანდელ დღეს და მომავალს ანალიზი უნდა გავუკეთოთ. ვფიქრობ, ანალიტიკური აზროვნების საგანი საშუალო სკოლის ყველა კლასში უნდა ისწავლებოდეს – I-დან XII-ს ჩათვლით. ადამიანს ანალიზი უნდა ეხერხებოდეს…
იმედია, ჩვენი ახალგაზრდობა ისწავლის არა იმისთვის, რომ დიპლომი მიიღოს და დიპლომიანი იყოს, არამედ, გააანალიზებს თავის როლს, ცხოვრებას და ისწავლის იმისთვის, რომ სწავლა და ცოდნა სამშობლოს სასარგებლოდ გამოიყენოს”, – ბრძანა უწმიდესმა.
პატრიარქმა პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობისას მასთან საუბრის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს მოჰყავს ისეთი არგუმენტები, რითაც სხვებსაც აჯერებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
“ღმერთმა ინებოს, ყველაფერი კარგად იყოს. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. არ შეიძლება ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო დაეცეს. არ შეიძლება მტერმა სძლიოს მას. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ღვთის ერი უნდა ვიყოთ და მუდამ გამარჯვებული ვიქნებით,”- აღნიშნა უწმიდესმა.
პატრიარქის თქმით, ძველად თბილისის გარშემო მთები ტყით იყო დაბურული და როდესაც მტერი შემოდიოდა, მოსახლეობა ტყეებში იხიზნებოდა. უწმიდესის განცხადებით, ამის გამო მტერმა მთელი ტყეები გადაწვა და ახლა ქალაქის გარშემო ხრიოკი მთებია. პატრიარქის ინიციატივით, ტყის განაშენიანების ფონდი ჩამოყალიბდება, რომელსაც პრემიერ-მინისტრის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე უხელმძღვანელებს. როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ეს იდეა ბიძინა ივანიშვილს პარასკევს შეხვედრისას შესთავაზა და თანხმობა მიიღო.
“სტუდენტებს სჭირდებათ დახმარება და მე ვთხოვე ბატონ ბიძინას, ჩვენს ახალგაზრდებს ყოველ დარგულ ნერგზე მიეცეთ 50 თეთრი. ეს მათ სწავლისა და არსებობისთვის დაეხმარებათ. ახალგაზრდობასაც ექნება ინტერესი. ამასთან ერთად, ფონდი გააკეთებს ყველაფერს, რომ ნერგების ზემოთ იყოს წყლის რეზერვუარი და ყველა ნერგის ძირში ჩადიოდეს წვეთოვანი. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი ნერგი გაიხარებს. ყოველმა ახალგაზრდამ შეიძლება დღეში დარგოს 20 ნერგი და მიიღოს შესაბამისი გასამრჯელო, რომელსაც შესაძლოა დახმარება ვუწოდოთ. მე დიდად კმაყოფილი დავბრუნდი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრიდან და იმედით ვუყურებ მომავალს. ღმერთმა ინებოს, მოგვეცეს გული გონიერი, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ღვთის სადიდებლად და სამშობლოს სასარგებლოდ”, – ბრძანა უწმიდესმა.
პატრიარქმა ქადაგების დასასრულს რამდენიმე გვარი დალოცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















