სიახლეები
საკვირაო ქადაგება
08/09/2013
8 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
“ძალიან ხშირად გვეკითხებიან, რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისათვის რომ ჰქონდეს კარგი ბედი, მშვიდობიანი ცხოვრება. ამისთვის სხვადასხვა საშუალება არსებობს, უპირველეს ყოვლისა კი, საჭიროა ადამიანი იყოს მორწმუნე, უნდა სწამდეს, უყვარდეს ღმერთი, მოყვასი, ბუნება და ხალხი.
ადამიანი უნდა ცხოვრობდეს რაღაც მიზნით, იდეით. ზოგიერთი ადამიანი ცხოვრობს მხოლოდ თავის საკეთილდღეოდ, ის ყველაფერი კი, რასაც მოიპოვებს, აქ რჩება, საბოლოდ ნადგურდება მისი სიმდიდრე, იმედები და დოვლათი და იგი მძიმედ მიდის ამ ქვეყნიდან. არსებობს ადამიანი, რომელიც აკეთებს მხოლოდ სიკეთეს. ასეთი ადამიანი მუდამ კარგი ბედისაა, ღმერთი მუდამ მასთანაა, თუ რაღაც ცუდი შეემთხვა, ღმერთი ისე გამოიყვანს მძიმე მდგომარეობიდან, თვითონაც ვერ გაიგებს.
მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბოროტებას სთესენ, სიკეთის კეთება არ შეუძლიათ და ცხოვრობენ იმისთვის, რომ ვინმე განიკითხონ, ვინმეს ბოროტება გაუკეთონ და აწყენინონ. ასეთ ადამიანებს ცუდი ბედი ექნებათ. არავინ მოუტანს ისეთ ზიანს ადამიანს, როგორსაც იგი საკუთარ თავს. ადამიანს უნდა ჰქონდეს გული გონიერი, რომ თავს ზიანი არ მოუტანოს, მუდამ სიკეთეზე უნდა იფიქროს, სიყვარული თესოს. ბოროტება ბოროტებით არ იკურნება, ბოროტება იკურნება მხოლოდ სიკეთითა და სიყვარულით. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, სადაც ძნელია სიკეთისა და ბოროტების გარჩევა, თუმცა, თუ ადამიანი ღმერთთანაა, ის ყველაფერს გაარჩევს. უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით”, – ბრძანა პატრიარქმა.
პატრიარქმა უფალს მადლობა შესწირა, რომ საქართველო ღვთის რჩეული ერია. ასე რომ არ ყოფილიყო, საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი არ იქნებოდა.
“ადამიანის ბედი უპირველეს ყოვლისა ღვთის და შემდეგ თავად ადამიანის ხელშია. ვაკეთოთ სიკეთე, ვთესოთ სიყვარული და ბედნიერი ვიქნებით. მე გთხოვთ ილოცოთ ჩემი დედისთვის. მინდა დავლოცო მთელი საქართველო. საქართველო თესავს სიკეთეს, არის რჩეული ღვთისა, არის ღვთის მამული, ამიტომ ბედი საქართველოსი არის კეთილი, მშვიდობიანი და აუცილებლად ექნება კეთილი მომავალი”, – აღნიშნა უწმიდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა რამდენიმე გვარი და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია დალოცა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















