სიახლეები
შეხვედრა საპატრიარქოში
29/08/2013
„სოფელ ჭელაში არსებულ მეჩეთზე მოხსნილი მინარეთი დასაწყობდება და დაილუქება“, - ამის შესახებ საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ერთობლივი განცხადება ჟურნალისტებს დღეს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა მამა დავით შარაშენიძემ გააცნო. მისი ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქი და მღვდელმთავრები საპატრიარქოში დღეს საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს შეხვდნენ და ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრნენ.
ერთობლივი განცხადების თანახმად, საპატრიარქო აბსოლუტურად ეთანხმება მართლმადიდებელი მრევლის სამართლიან პროტესტს მომხდართან დაკავშირებით.
ამასთან, ითვალისწინებს მუსლიმი მოსახლეობის განწყობასაც და სამმართველოსთან შეთანხმებით აცხადებს: "მინარეთი დასაწყობდეს სოფელ ჭელაში, ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ; არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა საბჭოს შორის; ეთხოვოს ხელისუფლებას, დაიწყოს მუშაობა, რათა კანონით განისაზღვროს რელიგიური ნაგებობების მშენებლობების მიზანშეწონილობისა და ნებართვის გაცემის საკითხი, რათა თავიდან იქნას აცილებული რელიგიურ ნიაგდაზე შფოთი და დაპირისპირება; ამასთან, მივმართავთ მრევლს, თავი შეიკავონ გამოსვლებისგან, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
პრესკონფერენციაზე კომენტარები გააკეთეს პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ და სრულიად საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ.
მეუფე თეოდორეს განცხადებით, პატრიარქთან შეთანხმებით შეიქმნება მართლმადიდებელი და მუსლიმი მაღალი სასულიერო პირებისგან დაკომპლექტებული საბჭო, რათა რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს და მეტი ურთიერთკომუნიკაცია იყოს.
მუფტმა ჯემალ პაქსაძემ კი აღნიშნა, რომ პატრიარქის ამ გადაწყვეტილებას ეთანხმება. მისი თქმით, მინარეთი მფლობელს დაუბრუნდება და დასაწყობდება, მისი მშენებლობის საკითხი კი მართლმადიდებელ სასულიერო პირებთან, იურისტებთან და სახელმწიფოსთან შეთანხმებით გადაწყდება. როგორც პაქსაძემ აღნიშნა, მინარეთის მშენებლობაზე ოფიციალური ნებართვა არ არსებობდა, რადგან ამას ამ ეტაპზე კანონი არ არეგულირებს.
ამასთან პატრიარქის ქორეპისკოპოსები იაკობი და თეოდორე ახალციხეში გაემგზავრებიან, სადაც მრევლს შეხვდებიან.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















