სიახლეები
პატრიარქის შეხვედრა სამთაწყაროს მოსახლეობასთან
10/07/2013
სამთაწყაროს მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობისა და მართლმადიდებელი ქრისტიანების ნაწილი საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. როგორც ერთ-ერთმა სამთაწყაროელმა მუსლიმმა განაცხადა, მათსა და მართლმადიდებლებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობაა.
"ჩვენ 32 წელია, რაც სამთაწყაროში ჩამოგვასახლეს და ვმეგობრობთ მართლმადიდებელ ქრისტიანულ ოჯახებთან. საუბარი, თითქოს ჩვენს შორის დაპირისპირებაა, სიმართლეს არ შეესაბამება და ამას, სავარაუდოდ, პროვოკატორ ადამიანთა ნაწილი აკეთებდა", - აღნიშნეს სამთაწყაროს მუსლიმმა წარმომადგენლებმა.
მათივე განცხადებით, ქრისტიან და მუსლიმ ხალხს შორის წლების განმავლობაში არსებობს ურთიერთსიყვარული. "ჩვენს შორის დაბრკოლება არ ყოფილა და ჩვენ ერთმანეთს ლოცვაში ხელს არ ვუშლით", - აღნიშნის მათ.
სამთაწყაროს მართლმადიდებელი ქრისტიანების წარმომადგენლების განცხადებით კი, სამთაწყაროში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობაა. "მუსლიმებს არავინ უკრძალავს ლოცვას, პირიქით, როდესაც მათი დღესასწაულებია, გვეპატიჟებიან და ჩვენც ვეპატიჟებით ქრისტიანულ დღესასწაულებზე და არავითარი დაპირისპირება არ არსებობს", - აღნიშნიშნეს მათ.
საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ კი სამთაწყაროს მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ მას ძალიან გაუკვირდა, როდესაც მუსლიმ და ქართველ ხალხს შორის უთანხმოებაზე იყო საუბარი. უწმინდესმა გაიხსენა მისი ბავშვობა და განაცხადა, რომ იგი ისეთ ოჯახშია გაზრდილი, სადაც მუსლიმთა და მართლმადიდებელ ქრისტიანებს შორის ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო.
"მე დავიბადე ყაზბეგში და ძალიან ხშირი სტუმრობა იყო ჩემთან მუსლიმანი ქისტების. ჩვენთან რომ ჩამოდიოდნენ, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. დედა და ბებია ყველაზე კარგ ოთახში აგებდნენ ხალიჩებს, რომ იმათ თავისთვის ელოცათ. ჩვენ ხატების წინ ვლოცულობდით, შემდეგ კი ერთად ვსხდებოდით და ვჭამდით საჭმელს", - განაცხადა უწმინდესმა.
პატრიარქის თქმით, ღმერთი არის ერთი და ამიტომ მუსლიმები და ქართველები ერთმანეთს უნდა დაეხმარონ. "ჩვენთვის ერთიც და მეორეც შვილები ხართ და არავის დავაჩაგვრინებთ. ვისაც ლოცვა მოგინდებათ, შეგიძლიათ ჩემთან მოხვიდეთ. თქვენ ერთმანეთს უნდა დაეხმაროთ. მინდა გითხრათ, რომ დიდი სურვილი მაქვს ჩამოვიდე თქვენს სოფელში და პირადად მოვინახულო სამთაწყარო. ხელოვნურ პროვოკატორებს არ უნდა მოუსმინოთ. ღვთის მადლით, მშვიდად უნდა ვიყოთ და ღმერთი ვადიდოთ", - აღნიშნა პატრიარქმა.
სამთაწყაროელებმა პატრიარქს აგრეთვე მთავრობასთან შუამდგომლობა სთხოვეს, რათა გაყიდული სახნავ-სათესი მიწები ისევ მოსახლეობას დაუბრუნდეს. "სოფელში 480 კომლი ვცხოვრობთ. წინა მთავრობამ კი 280 ჰექტარი მიწა გაგვიყიდა. სოფელში არ გვაქვს სახნავ-სათესი და საძოვარი მიწები, ამიტომ ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ეს მიწები თუ არ დაბრუნდება, ჩვენს იქ ცხოვრებას აზრი ეკარგება. სოფელში ძალიან ბევრი სოციალური პრობლემაა. არ გვაქვს წყალი. გზები, რომელიც საინგილოსთან გვაკავშირებს, არის ჩაკეტილი, ამიტომ ძალიან რთული სოციალური მდგომარეობაა", - აღნიშნეს მათ.
პატრიარქმა სამთაწყაროს მოსახლეობის წარმომადგენლებს უთხრა, რომ პრობლემები აუცილებლად მოგვარდება. "ღვთის დახმარებით ყველაფერი კარგად იქნება. არც მეფეს, არც პრეზიდენტს და არც პატრიარქს არ აქვს უფლება მიწები გაყიდოს. უნდა ვილოცოთ ჩვენ ყველამ ერთად და ღმერთი აუცილებლად დაგვეხმარება", - ბრძანა პატრიარქმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















