სიახლეები
საკვირაო ქადაგება
17/06/2013
16 ივნისს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა და სრულიად საქართველოს წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ხსენების დღე მიულოცა უწმიდესმა და უნატრესმა ილია მეორემ.
„დღეს არის ხსენება წმინდათა მამათა პირველი მსოფლიო კრებისა, მათი ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ და საქართველოს,“- წარმოთქვა ქადაგებისას უწმინდესმა.
პატრიარქმა ქადაგებისას წიგნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ წიგნს აქვს დიდი ძალა. თქვენ წიგნი არ უნდა დაივიწყოთ. წიგნი მუდამ თქვენი თანამგზავრი და პირველი მეგობარი უნდა იყოს. ათი უმაღლესი სასწავლებელი რომ დაამთავროს ადამიანმა და წიგნის კითხვა არ იცოდეს, ან არ სურდეს, ეს სასწავლებლები ვერაფერს მოუტანს, ამიტომ ამ საკითხს უნდა მიხედოთ.ზოგიერთს ჰგონია, რომ თითქოს მარტო შაბათს უნდა ვიკითხოთ. შაბათს განსაკუთრებით უნდა ვილოცოთ და ვიკითხოთ, თუმცა როცა თავისუფალი დრო გვაქვს, ყოველთვის უნდა ჩავხედოთ წიგნს და ამოვწეროთ ბრძნული გამონათქვამები. ტელევიზორმა და ინტერნეტმა დღეს ძალიან გაიტაცა ჩვენი ახალგაზრდობა. ბევრი რამ ვიცით, მაგრამ არა სიღრმისეულად. როგორც პეპელა დაფრინავს ერთი ყვავილიდან მეორეზე, ისე ვართ,“ – წარმოთქვა უწმინდესმა ქადაგებისას.
„გვაკლია წერა-კითხვის კულტურა. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი უმაღლესს ამთავრებს, თუმცა არ იცის, სად დასვას სასვენი ნიშნები, ან როგორ გამოიყენოს ციტირება,“ – აღნიშნა პატრიარქმა.
„ხშირია, როდესაც ადამიანი იწერს სხვა წიგნიდან და ამას იწერს, როგორც თავის ნათქვამს, თავის ნაწარმოებს. ეს დაუშვებელია. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რომელი წიგნებიდან უნდა დაიწყოთ. უპირველეს ყოვლისა, ეს გახლავთ ბიბლია. იქ არის დიდი სიღრმე, დიდი სიბრძნე, დიდი სულიერება და ცხოვრების წესები. ამიტომ ბიბლიიდან დღეში თითო თავი უნდა წაიკითხოთ. ჩვენ რომ გადავხედოთ წარსულს, ვნახავთ, რომ ჩვენი დიდი წინაპრები – ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი – სწავლობდნენ და კითხულობდნენ ფილოსოფიურ წიგნებს და ამან დიდი შედეგი გამოიღო,“ – ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს კი პატრიარქმა სრულიად საქართველოს ლოცვა-კურთხევა მისცა: „ვისაც ჯერ არ დაუწყია წიგნების კითხვა, დღეიდან დაიწყოს“.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















