სიახლეები
საკვირაო ქადაგება
01/04/2013
31 მარტს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმაა და უნეტარესმა ილია მეორემ. პატრიარქმა ადამიანებისა და სამშობლოს სიყვარულზე ისაუბრა.
როგორც უწმიდესმა ბრძანა: “ადამიანის და საერთოდ კაცობრიობის წინაშე დგას მრავალი საკითხი, რომელიც უნდა გადაწყვიტოს ყოველმა ადამიანმა, ერმა.
ჩვენ რომ გადავხედოთ ჩვენს წარსულს, დღევანდელ დღეს და შევხედოთ მომავალს დავინახავთ, რომ დრონი იცვლებოდნენ და ჩვენც ვიცვლებოდით მასთან ერთად, სად მიდის კაცობრიობა? ადამიანი გახდა უფრო მომთხოვნი, ის არ კმაყოფილდება იმით, რაც გააჩნია. სულ ახალახალი სიამოვნება სჭირდება მას და ამ პროცესს არ აქვს დასასრული. ადამიანი გახდა ძალიან მომთხოვნი და იმაზე ნაკლებად ფიქრობს, თვითონ რას აძლევს სხვას, ჩვენ რას ვაძლევთ სამშობლოს.”
უწმინდესის თქმით, სამშობლო არამარტო ცა და ქვეყანაა, არამედ ყოველი ჩვენგანი მისი ნაწილი ვართ, სამშობლო ეს არის ადამიანის გული, ადამიანის გონება, და ამიტომ ყოველი ფიქრი უნდა ემსახურებოდეს სამშობლოს. იმიტომ, რომ ჩვენი ფესვები აქ არის და ჩვენ თუ დავკარგავთ ჩვენს კავშირს, წინაპრებთან, მამულთან, კულტურასთან, სარწმუნოებასთან ყველაფერი დაიკარგება.
„მე ძალიან მიკვირს, რომ ხშირად ჩვენი თანამემამულეები ფიქრობენ თავის თანამდებობაზე, თავის შემოსავლებზე, საკუთარ ბედნიერებაზე და ნაკლებად ფიქრობენ სამშობლოზე.
ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენს უკან დგას სამშობლო, ის სანუკვარი, საოცარი რამ, რომელიც თუ დაიკარგა ყველაფერი გაქრება. აღარც ჩვენ ვიარსებებთ, ჩვენც გავითქვიფებით რომელიმე ერში. ამიტომ სამშობლოს უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც თვალის ჩინს. ძალიან მიკვირს როცა ჩვენი პარლამენტის წევრები ამბობენ: ეს ეკუთვნის უმრავლესობას, ეს ეკუთვნის უმცირესობას. იმაზე კი არ უნდა ვფიქრობდეთ, რომელ პარტიას ვეკუთვნით, ჩვენ ყველას ერთი პარტია გვაქვს და ეს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი. ვის სჭირდება ეს დაყოფა, ეშმაკი ყოფს, ღმერთი კი აერთიანებს. მესმის, რომ მთელ მსოფლიოში არის წესი, რომ არსებობენ პარტიები, მაგრამ ნებისმიერი პარტია და ადამიანი უნდა ემსახურებოდეს თავის ხალხსა და სამშობლოს”, – აღნიშნა უწმიდესმა.
“ექიმების რეკომენდაციით, ორი კვირით მივდივართ ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში. იქ ყურადღებას მომაქცევენ ექიმები და ღვთის მადლითა და თქვენი ლოცვით, მშვიდობით დავბრუნდები. იმედი მაქვს, თქვენი ლოცვების”, – განაცხადა პატრიარქმა.
ქადაგების დასრულების შემდეგ პატრიარქმა მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი დალოცა, რომელიც ორ კვირაში ავღანეთში სამშიდობო მისიის შესასრულებლად მიემგზავრება. უწმიდესმა რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა გამშვენებული ჯვრითა და მიტრის ტარების უფლებით.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















