სიახლეები
სადღესასწაულო ქადაგება
24/03/2013
24 მარტს, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და დღევანდელი დღესასწაულის – მართლმადიდებლობის ზეიმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ტრადიციულად დიდი მარხვის პირველ კვირას აღინიშნება.
პატრიარქის თქმით, ეს დღესასწაული მე-19 საუკუნეში დაწესდა და იგი ხატის თაყვანისცემას ეხება. უძველეს დროში გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, ხატის თაყვანისცემა არ შეიძლებოდა, რადგან ის კერპთაყვანისმცემლობად ითვლებოდა. უწმიდესის განმარტებით, ეს არ არის კერპთაყვანისმცემლობა, რადგან ყოველი ხატი არის სარკმელი ზეცაში.
“ხატი არის ის, რაც ამა თუ იმ წმიდანს მოგვაგონებს. ხატის საშუალებით თაყვანს ვცემთ პირველ სახეს, თვით წმიდანს. ასე რომ, ეს დღესასწაული არის ღვთისგან დალოცვილი. სწორედ ამ დროს იყო ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ზღვაში გაშვებული და ჩვენ გვწამს, რომ ის წმიდა ხატი საქართველოში დაბრუნდება.
ეს დღესასწაული თვალსაჩინოა იმითაც, რომ მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოს პირველმა და კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდმა დაამტკიცეს ჩვენი უძველესი ავტოკეფალია და პატრიარქის წოდება”, – აღნიშნა უწმიდესმა და მისივი თქმით, ეს ორი ისტორიული საბუთი, რომელსაც ხელს აწერენ აწ განსვენებული მსოფლიო პატრიარქი დიმიტრიოს პირველი და კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდი, დღევანდელი წირვის განმავლობაში საკურთხეველში ტრაპეზზე იყო დაბრძანებული.
“ღვთის მადლი განამტკიცებს ქართველ მართლმადიდებლობას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა არის ეს. ეს არის სარწმუნოება, ის საღმრთო წერილი და მსოფლიო კრებების დადგენილებები, რომელსაც აღიარებდა მთელი მსოფლიო. როდესაც არ იყო არც კათოლიკეები, არც პროტესტანტები და იყო ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. დღეს ევროპაში, ამერიკაში და სხვა კონტინენტებზეც მრავალი ადამიანი გადმოდის მართლმადიდებლობაზე და შეიქმნა ეპარქია”, – ბრძანა უწმინდესმა.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა მრევლს დღესასწაული მიულოცა დიდი წყალობისთვის უფალს მადლობა შესწირა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















